მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჭიათურელი მაღაროელების გაფიცვას ადგილობრივი მაღაზიები და მძღოლები შეუერთდნენ

5ce7f65f89334
ლიკა გურაბანიძე
24.05.19 17:48
927
მაღაროელების სოლიდარობის ნიშნად ჭიათურაში დღეს დილით სამოქალაქო პროტესტი დაიწყო. როგორც BM.GE-ს ერთ-ერთმა ადგილობრივმა განუცხადა, ჭიათურაში დაიკეტა მაღაზიებისა და კვების ობიექტების ნაწილი, ასევე არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილი.

„ჩვენ მაღაროელებს სოლიდარობას ვუცხადებთ. მაღაროელები ჭიათურის ხერხემლები არიან. მაღაზიები, ტრანსპორტი, კვების ობიექტები და სავაჭრო ცენტრები პარალიზებული და დაკეტილია იმიტომ, რომ გაფიცულ მაღაროელებს უცხადებენ სოლიდარობას“ - განაცხადა ადგილობრივმა.

მისივე თქმით, სოლიდარობის მიზნით, გაფიცულ მაღაროელებს შეუერთდნენ ტაქსის მძღოლები, სატვირთო ავტომობილების მძღოლების ნაწილი.

გაფიცულებს სოლიდარობას უცხადებენ, როგორც ბაღის ასევე სკოლის პედაგოგები, ასევე კერძო ბაზრობის მოვაჭრეები – აცხადებს BM.GE-სთან ერთ-ერთი მაღაროელი გიორგი ნეფარიძე. 

ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ხვალიდან პროტესტს ჭიათურის სოფლებთან დამაკავშირებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტიც შეუერთდება. 

BM.GE ვითარების გასარკვევად ჭიათურის მერს გივი მოდებაძეს დაუკავშირდა. როგორც მან ჩვენთან საუბრისას განაცხადა, მას აღნიშნული ინფორმაცია არ აქვს: 

bm.ge: ეს ინფორმაცია თქვენამდე არ მოსულა?

გივი მოდებაძე: არ არის ასე და ამიტომ არ მაქვს ინფორმაცია.

bm.ge: ამის შესახებ ჩვენთან საუბრისას ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს და თქვენ არ იცით?

გივი მოდებაძე: ამ წუთამდე ჯერ ასეთი ინფორმაცია არ გვაქვს. ვერ დაგიდასტურებთ ამ ინფორმაციას.

შეგახსენებთ, „ჯორჯიან მანგანეზის“ 3 214 თანამშრომელი ისევ გაფიცულია. დასაქმებულები კომპანიისგან ხელფასების 50%-ით მატებას, დაზღვევის მომსახურების გაუმჯობესებას, ქალაქში მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილების აკრძალვას და მათი გაფიცვის კანონიერად აღიარებას მოითხოვენ.

დავის გადაწყვეტის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ დაინიშნა მედიაცია, თუმცა გაფიცულებმა მედიატორის პროცესებში ჩართვაზე უარი განაცხადეს.

შეგახსენებთ, „ჯორჯიან მანგანეზმა“ გაფიცულ თანამშრომლებს ხელფასების 25%-ით გაზრდა შესთავაზა, რაზეც მათ უარი განაცხადეს.

კომპანიაში მიიჩნევენ, რომ მაღაროელების მხრიდან ხელფასის 50 %-იანი მატების მოთხოვნა არაადეკვატური და რეალობასთან შეუსაბამოა.