09.მაისი .2016 17:36

ცენტრალურ უბნებში მშენებლობებზე შეზღუდვები გენგეგმის შემუშავების შემდეგაც შენარჩუნდება

views 1314
უკან

ცენტრალურ უბნებში მშენებლობებზე გარკვეული შეზღუდვები გენგეგმის შემუშავების შემდეგაც შენარჩუნდება. როგორც "ბიზნესკონტაქტს" თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა განუცხადა, გენერალური გეგმის შემუშავების შემდეგ უფრო მეტად დაკონკრეტდება ის უბნები, სადაც გარკვეული რეგლამენტი იმოქმედებს. დიმიტრი მოსულიშვილის განცხადებით, დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში K2 კოეფიციენტის შეზღუდვა მხოლოდ საცხოვრებელ სახლებს შეეხება და ის სასტუმროებსა და სხვა კომპლექსებზე არ გავრცელდება.
 
"გენგეგმის დასრულებამდე ჩვენ საშუალება გვექნება ის არსებული მდგომარეობა შევინარჩუნოთ, რაც თუნდაც დღეს არის. ეს სამუშაოების საწარმოებლად ძალიან პრინციპული გადაწყვეტილებაა, რადგანაც გენგეგმის პირველი ეტაპი, თვისთავად გულისხმობდა იმ არსებული მდგომარეობის ფიქსირებას, რაც დღეს გვაქვს არა მარტო მშენებლობის სფეროში, არამედ ტრანსპორტის, ეკოლოგიის და სხვა ბევრ სფეროში.

შეზღუდვები კონკრეტულად საცხოვრებელ სახლებს ეხება. ეს იმიტომ გაკეთდა, რომ მოთხოვნა ძალიან დიდი იყო მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებზე. ამიტომ მოხდა ამის შეზღუდვა და აქცენტის გადატანა პერიფერიებზე. ცენტრალურ უბნებში მშენებლობა, რა თქმა უნდა, არ იკრძალება. მშენებლობა არსებული პარამეტრებით გაგრძელდება, რაც გენგეგმით და ზონალური რუქებით არის დაწესებული. ასევე არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობაც არ არის შეზღუდული და ამის განხილვა ჩვეულებრივად მოხდება არქიტექტურის სამსახურისგან ნებართვების გაცემით.

გენგეგმა რომ დასრულდება იქ იქნება უფრო კონკრეტულად განსაზღვრული ის ზონირება და ის რეგლამენტი, რა რეგლამენტითაც უნდა განვითარდეს ქალაქი. ამიტომ შესაძლებელია, რომ ეს შეზღუდვები გარკვეულ ცენტრალურ უბნებზე ან უფრო დაკონკრეტდეს, ან ჩამოყალიბდეს, მაგრამ ცვლილება იმ სახით, რა სახითაც არსებობდა, ვფიქრობ, რომ მაინც შეზღუდული იქნება", - განაცხადა მოსულიშვილმა.