15.ივნისი .2019 19:30

BrandZ : 2019 წლის ყველაზე ძვირადღირებული ბრენდები მსოფლიოში

views 1364
უკან

BrandZ-მა თავი მოუყარა, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების ათეულს, რომელიც 2019 წლის მონაცემებს ეყრდნობა. რეიტინგში ჯერ კიდევ 2006 წლის შემდეგ, ტექნოლოგიური კომპანიები დომინანტები არიან. რაც შეეხება ჩინურ ბრენდებს, TOP-100 კომპანიაში 15 მათგანი მოხვდა მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის Xiaomi, Metuan და ა.შ, რაც შეეხება TOP-10-ს, ის ასე გამოიყურება:

მე-10 ადგილი ამერიკულმა ტრანსნაციონალურმა ტელეკომუნიკაციების კონგლომერატმა AT&T-მ დაიკავა, რომლის ღირებულება 108 მილიარდ 375 მილიონი დოლარია და უმსხვილეს მედიაკონგლომერატად არის აღიარებული მსოფლიოში. მისი სათაო ოფისი ტეხასის შტატში, დალასში მდებარეობს. გასული წლის მონაცემებთან შედარებით, წელს 2%-ით არის გაზრდილი AT&T-ის ღირებულება; ბრენდის, რომელიც სატელეფონო მომსახურების უდიდესი მიმწოდებელია აშშ-ში, თუმცა გარდა სტანდარტული შეთავაზებებისა, პარალელურად, ცდილობს მომხმარებელი გასართობი სერვისებითაც უზრუნველყოს.

მე-9 ადგილზე McDonald’s-ია - ბრენდის ღირებულება ამჟამად 130 მილიარდ 400 მილიონი დოლარია. მისი ფასი 3%-ითაა გაზრდილი შარშანდელთან შედარებით; პოზიციას რაც შეეხება, 1 ერთეულით ჩამოქვეითდა, რადგან 2018-ში მას მე-8 ადგილი ეკავა, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ McDonald’s-ის 1 აქციის ფასი ზუსტად 1 წლის წინ 158 დოლარი იყო, ახლა კი, 203 დოლარია.

მე-8 ადგილი Tencent-ის საკუთრებაა, რომლის ბრენდიც 130 მილიარდ 900 მილიონ დოლარადაა შეფასებული და მცირედით უსწრებს McDonald’s-ს. ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც 1998 წელს ჩინეთში დაფუძნდა, ძირითადად გართობასა და ხელოვნურ ინტელექტზე აკეთებს აქცენტს. მაგალითად, საქართველოშიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თამაში PUBG სწორედ მისი საკუთრებაა, რომელმაც მხოლოდ მაისში შემოსავლის სახით $146 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რაც ცხადია TOP-რეიტინგების სათავეში ყოფნას ნიშნავს.

ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების რეიტინგში, რიგით მე-7 კომპანია - Alibaba-აა. მისი ბრენდის ღირებულება 16%-ით გაიზარდა და დღევანდელი მონაცემებით, 131 მილიარდ 245 მილიონს უტოლდება, ამიტომაც, ის ყველაზე ძვირადღირებული ჩინური ბრენდია მსოფლიოში, თუმცა გასულ წელს „ალიბაბას“, ასევე ჩინური კომპანია Tencent-ი უსწრებდა, წელს კი, პოზიციები სხვაგვარად გადანაწილდა. აქვე შეგახსენებთ, რომ ინტერნეტ-კონგლომერატი - Alibaba Group, აერთიანებს B2B ვებ-პლატფორმას Alibaba.com.-საც.

მასზე გაცილებით მაღალი ღირებულება კი სოც,იალურ ქსელ Facebook-ს აქვს; 158 მილიარდ 968 მილიონ დოლარად შეფასებული ბრენდი 2004 წელს, 4 თებერვალს შეიქმნა, 2016 წელს კი, პირველად მოხვდა BrandZ-ის ათეულში. facebook-ს მომხმარებელი არასდროს აკლდა, თუმცა მათი რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება, ამიტომაც ყოველდღიურად ქსელში 6 მილიარდზე მეტი კომენტარი იწერება და 300 მილიონი ფოტო ქვეყნდება, თუმცა მიუხედავად ამისა, გარკვეული პრობლემების გამო, ბრენდის ღირებულება 2%-ით შემცირდა.

ხუთეულს კომპანია Visa ხსნის, რომლის ბრენდის ღირებულებაც თითქმის 178 მილიარდი დოლარია. მან 2 ადგილით გაიუმჯობესა პოზიცია და ბრენდის ღირებულებაც 22%-ით გაზარდა. სულ ახლახანს, კომპანიამ B2B პლატფორმა შექმნა, სადაც კომპანიებს 15 000 დოლარის და უფრო მეტი თანხის გადარიცხვა შეუძლიათ ერთმანეთთან. ცხადია ეს ყველაფერი არაა და მომავალში მსგავსი ტიპის სიახლეები კიდევ უფრო მეტად მომრავლდება, თუ გავითვალისწინებთ 125 ტრილიონ დოლარიანი გადარიცხვების ბაზრის მოცულობას.

მე-4 ადგილი Microsoft-მა მიისაკუთრა. წლების განმავლობაში, მისი დამფუძნებელი ბილ გეიტსი პლანეტის უმდიდრესი ადამიანი იყო. ბრენდის ღირებულებაც, ცხადია ძვირადღირებულია და ის 251 მილიარდ დოლარად ფასობს. ეს რიცხვი 25%-ითაა გაზრდილი 2018 წლის შემდეგ, როდესაც ასევე მე-4 პოზიცია ეკავა კომპანიას. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი უმსხვილესი სათამაშო კონსოლი XBOX სწორედ Microsoft-ის მფლობელობაშია, რომელმაც სულ ახლახანს პროექტი Scarlet დაანონსა. ის გულისხმობს ახალი თაობის კონსოლს, რომელიც 40-ჯერ უფრო სწრაფი იქნება ახალი SSD მყარი დისკის ხარჯზე, რომელიც პარალელურად ვირტუალური ოპერატიული მეხსიერება გახდება.

რაც შეეხება ლიდერ სამეულს, მე-3 და მე-3 პოზიციები Google-მა და Apple-მა გაინაწილეს, თუმცა „გაინაწილეს” ცოტა მსუბუქად ნათქვამია, რადგან ისინი ზუსტად 12 წელია ერთმანეთს პირველობაში ეჯიბრებიან. მიმდინარე წელს კი, როგორც ჩანს Google-მა სათანადოდ ვერ მოინდომა, ამიტომ 309 მილიარდად შეფასებული ბრენდი ისტორიაში პირველად მესამე ადგილზეა, თუმცა პროგრესი მაინც არის და გასულ წელთან შედარებით, 2%-ით არის გაზრდილი კომპანიის ღირებულება; საინტერესოა ისიც, რომ Google მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო დამსაქმებლად მიიჩნევა.

Apple-ის ღირებულება კი, 3%-ით გაიზარდა და 309 მილიარდ 527 მილიონ დოლარს გაუტოლდა; შედეგად სიაში მეორე ადგილი შეინარჩუნა. კომპანიამ გასულ წელს მილიონობით iPhone-ი და სხვა პროდუქტი გაყიდა, მაგრამ ბრენდისადმი მოლოდინები თანდათანობით მცირდება. ამიტომაც, BrandZ მიიჩნევს, რომ Apple-მა მომხმარებელთან უფრო მჭიდრო ემოციური კავშირი უნდა შექმნას.

და ბოლოს, ისტორიაში პირველად ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების სათავეში Amazon მოექცა, რომლის სახელიც და ლოგოც 315.5 მილიარდ დოლარად ფასობს. უნდა აღინიშნოს, რომ Amazon-ს ამ კუთხით ყველაზე დიდი - 52%-იანი ზრდა აქვს და ბრენდის ღირებულება 108 მილიარდი დოლარით გაიზარდა. ეს ყველაფერი ინტერნეტ ვაჭრობის პოპულარობამ, Prime-Day-ის მსგავსმა აქტივობებმა და გაზრდილმა გაყიდვებმა განაპირობა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა