16.ივლისი .2019 10:15

BM.GE: ზაქარია ქუცნაშვილი აღმაშენებელზე სასტუმროს გახსნას გეგმავს

views 1427
უკან

ზაქარია ქუცნაშვილი თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე სასტუმროს გახსნას გეგმავს - ამის შესახებ BM.GE-ისთვის გახდა ცნობილი.

სააგენტოს ინფორმაციითვე, ჯერ კიდევ საქართველოს პარლამენტის წევრი, თიანეთის, ყაზბეგის და დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი სასტუმროს გახსნას თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე ტურგენევის ქუჩაზე მდებარე უძრავ ქონებაში აპირებს, რომელიც ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, გასულ წელს იპოთეკური სესხით შეიძინა.

კერძოდ, საუბარია, ტურგენევის ქუჩის #2 და #4 ნომერში მდებარე სარდაფზე, ბინაზე, ანტრესოლსა და სხვენზე, რაშიც დეპუტატმა ჯამში, 271 000 დოლარი და 500 ლარი გადაიხადა. ზაქარია ქუცნაშვილს დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ 230,000 დოლარის იპოთეკური სესხი აიღო. საერთო ფართობი 915 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

BM.GE დაინტერესდა, რა ტიპის სასტუმროს გახსნას აპირებს დეპუტატი, როდის და რა მოცულობის ინვესტიციაზეა საუბარი, ამიტომ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, თავად მას დაუკავშირდა.

ზაქარია ქუცნაშვილმა სასტუმროსთვის ფართის ქონა დაადასტურა, თან დასძინა, რომ აღნიშნული დეკლარაციაშიცაა მითითებული, თუმცა ისიც თქვა, რომ ჯერ არაა ჩამოყალიბებული, დეპუტატის მანდატის ოფიციალურად დატოვების შემდეგ, სად გააგრძელებს საქმიანობას.

„ჯერ არ ვარ ჩამოყალიბებული, ჩემი სამომავლო საქმიანობის თაობაზე - ბიზნესს თუ აკადემიურ საქმიანობას მოვკიდებ ხელს, ამიტომ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს... მოგეხსენებათ, ფორმალურად უფლებამოსილებაც არ შემწყვეტია, აქედან გამომდინარე, ჯერ ნაადრევია ამაზე საუბარი.... სასტუმროს ფართი გვაქვს და ამის თაობაზე დეკლარაციაშიც მითითებულია… „დამირეკეთ ერთი თვის თავზე და მე გეტყვი, რასაც დავიწყებ, სიამოვნებით გაგაცნობთ მომავალში“, - განუცხადა დეპუტატმა BM.GE-ის.


რა ქონება შეიძინა ზაქარია ქუცნაშვილმა მას შემდეგ, რაც დეპუტატი გახდა - ქონებრივ დეკლარაციაზე დაყრდნობით მომზადებულ მასალას შეგიძლიათ, გაეცნოთ ბმულზე.

 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა