24.აპრილი.2019 00:07
მსოფლიო

Bloomberg: მსოფლიოს ყველაზე უიღბლო ეკონომიკების მქონე ქვეყნები

Bloomberg: მსოფლიოს ყველაზე უიღბლო ეკონომიკების მქონე ქვეყნები
გამოცემა Bloomberg-მა მსოფლიოს ყველაზე უიღბლო ეკონომიკების ათეული გამოქვეყნა. რეიტინგის შედგენისას გაითვალისწინეს როგორც ინფლაციის დონე, ისე დასაქმების მაჩვენებელი. რეიტინგი ბლუმბერგმა წამყვანი ეკონომისტების გამოკითხვასა და ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით შეადგინა. საერთო რეიტინგში 62 ქვეყანა მოხვდა.

10 სერბეთი

უიღბლო ეკონომიკის მქონე ქვეყნების რეიტინგში, მეათე პოზიცა სერბეთმა დაიკავა, ინდექსით - 15.7. ქვეყნის ეკონომიკა ეფუძნება სოფლის მეურნეობის, მრეწველობისა და მომსახურების დარგებს, თუმცა თუკი ეკონომიკურ მაჩვენებლებს გადავხედავთ, არ არის სახარბიელო და ბოლო რამდენიმე წელია, რაც ქვეყნის შიდა პოლიტიკის ძირითადი მიმართულება ეკონომიკის გაძლიერებაა. გარდა ამისა, სერბეთი, ევროკავშირის წევრობის კანდიდატიცაა და ცდილობს მაქსიმალურად შეუსაბამოს ქვეყნის სტანდარტები არსებულ მოთხოვნებს.

9 ბრაზილია

სერბეთს სულ ერთი პოზიციით ბრაზილია უსწრებს. როგორც ექსპერტები ამბობენ, ლათინოამერიკულ ქვეყნებს შორის ბრაზილია სწორედ ის ქვეყანაა, რომელსაც ეკონომიკური განვითარების პოტენციალი აქვს. თუმცა, ამის პარალელურად მოსახლეობაში შემოსავლები არათანაბრად არის განაწილებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყანაში სხვადასხვა პროდუქტზე ფასები მაღალია. ბრაზილიის ეკონომიკაში კი მნიშვნელოვანი როლი სახელმწიფოს უჭირავს.

8 ურუგვაი

მერვე პოზიციაზეა ურუგვაი, რომლის საინდექსო მაჩვენებელი 16-ია. მართალია ქვეყანა ყველაზე უიღბლო ეკონომიკის მქონე ქვეყნების რეიტინგშია, თუმცა მიუხედავად ამისა, ის პირველ ადგილზეა ლათინურ ამერიკაში დემოკრატიის, მშვიდობის, კორუფციის ნაკლებობისა და ცხოვრების ხარისხის ინდექსის მაჩვენებლებით; ასევე პირველია სამხრეთ ამერიკაში პრესის თავისუფლების, საშუალო კლასის ზომის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების მხრივაც. გარდა ამისა, ურუგვაი, ეკონომიკური თვალსაზრისით, ლათინური ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანაა, თუმცა, მას ახასიათებს მკვეთრი ცვლილებები, ეკონომიკური ზრდა, ვარდნა და ინფლაცია. ქვეყნის მთავარი პრობლემა კი საერთაშორისო კონკურენტუნარიანობას უკავშირდება, ამიტომაც ის უიღბლოთა სიაშია.

7 ესპანეთი

სახელმწიფო ვალი და უმუშევრობის მაღალი დონე, ეს ის ორი უმთავრესი გამოწვევაა, რომლის წინაშეც ესპანეთი დგას. ესპანეთში მსგავსად სხვა პოსტინდუსტრიული ქვეყნებისა, წამყვანი პოზიცია მომსახურების სფეროს უჭირავს. უდიდესია ტურიზმის როლიც. გარდა ამისა, ესპანეთს ერთ–ერთი ყველაზე მკაცრი შრომის ბაზარი აქვს. მას შემდეგ, რაც 2010 წელს ქვეყანაში შრომითი რეფორმა განხორციელდა, თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლება გაცილებით მარტივი გახდა, ვიდრე ეს აქამდე იყო. საშუალო ხელფასი აღარ არის ფიქსირებული და თანამშრომლის კვალიფიკაციის ხარისხზეა დამოკიდებული. დღევანდელი მონაცემებით, უმუშევართა რაოდენობა ქვეყანაში 10%–ზე ქვევით არ ჩამოდის, ამ მაჩვენებელთან ბრძოლის მთავარ მექანიზმად კი, ქვეყანაში განათლება სახელდება.

6 უკრაინა

რიგით მეექვსე უკრაინაა, სადაც ეკონომიკურ კრიზისს 2014 წლიდან ებრძვიან. ამ დროს ქვეყანაში ეკონომიკა 6,8 პროცენტით შემცირდა. მიზეზი კი რუსეთ-უკრაინის ომია, ქვეყნის აღმოსავლეთში. ომმა გამოიწვია სახელმწიფო მარაგის შემცირება და შეზღუდა ვაჭრობა ტრადიციულ პარტნიორებთან. მომდევნო წლებში კი მოსალოდნელია მოსახლეობის შემცირება, ეროვნული ვალუტის კურსის კლება, პარალელურად კი უმუშევრობისა და ინფლაციის ზრდა.

5 საბერძნეთი

ხუთეულს საბერძნეთი ხსნის. ბოლო დროს გატარებული ანტიკრიზისული ცვლილებების შემდეგ ქვეყანაში საჯარო მოხელეების ხელფასები შემცირდა, გაიზარდა გადასახადები და შეჩერდა პენსიის ზრდაც. ექსპერტები საბერძნეთის ეკონომიკის ერთ-ერთ ძლიერ მხარედ ტურიზმს მიიჩნევენ. ამის გარდა, საბერძნეთს აქტიურად ექსპორტზე გააქვს სოფლის მეურნეობის პროდუქტები. აქვე შეგხვდებათ მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო ფლოტიც.

4 თურქეთი

ხუთეულში მოხვდა თურქეთიც. მან 26,8 საინდექსო მაჩვენებლით, მეოთხე პოზიცია დაიკავა. ქვეყნის ეკონომიკა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდია. დივერსიფიცირებული ეკონომიკა, ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, ახალგაზრდა და იაფი მუშახელი და უცხოური ინვესტიციების შემოდინება, თურქეთის ეკონომიკას რეგიონში ერთ-ერთ უძლიერესად აქცევს. თუმცა ის ფაქტი, რომ მაინც უიღბლოთა სიაშია, იმ პრობლემებმა განაპირობა, რომლებსაც წლებია ებრძვიან. ესენია: თურქული ლირის დევალვაცია და უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლები.

3 სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

სამეულში მესამე ადგილზეა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. განათლების სისტემა, კორუფცია და რეგიონში შექმნილი მდგომარეობა, ქვეყნის უმთავრეს პრობლემებად რჩება. ქვეყანაში მოსახლეობის 50% სიღარიბის ზღვარს ქვევითაა. ამასთან, მაღალია უმუშევრობისა და კრიმინალის დონეც. უმუშევრობის მაჩვენებელი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში 24,9%-ია. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კი ეს რიცხვი 22%-ზე დაბლა არ ჩამოსულა.

2 არგენტინა

შემდეგი ქვეყანა არგენტინაა, რომელიც ყველაზე უიღბლო ეკონომიკის მქონე ქვეყნების რეიტინგში ლიდერი არ არის, თუმცა საპატიო მეორე პოზიცია ერგო. ქვეყნის ეკონომიკის მთავარი მიმართულება სოფლის მეურნეობაა. ამიტომაც საკმაოდ მსხვილ სექტორს ფლობენ და მართავენ ადგილობრივები, რომლებიც ასევე ორიენტირებულები არიან ექსპორტზეც. გარდა ამისა, ქვეყანას აქვს დივერსიფიცირებული სამრეწველო ბაზა. თუმცა ეკონომიკის მთავარი დამაბრკოლებელი და შემაფერხებელი ფაქტორებიდან ერთ-ერთი მთავარი არის, ეროვნული ვალუტის, პესოს გაუფასურება დოლარის მიმართ 40%-ით. გასული წლის დასაწყისიდან ინფლაციის მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა. ამიტომაც, ლათინურ ამერიკულ ქვეყნებში ინფლაციის თვალსაზრისით, არგენტინა მეორე ადგილზეა ვენესუელის შემდეგ.

1 ვენესუელა

ტრადიციულად ბოლო ხუთი წელია ყველაზე უიღბლო ეკონომიკის მქონე ქვეყნების ათეულის სათავეში ვენესუელაა. ქვეყნაში 21-ე საუკუნის დასაწყისიდან კრიზისია. 2018 წელს ინფლაციამ 1 700 000% შედაგინა, მთლიანი შიდა პროდუქტი კი 15%-ით შემცირდა. ამავე პერიოდში ვენესუელა 3-მა მილიონმა ადამიანმა დატოვა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით კი საერთო მოსახლეობის დაახლოებოთ 30% უმუშევარია. ვენესუელაში ისეთი პროდუქციის დეფიციტიც შეინიშნება, როგორიცაა წამლები, ბენზინი და პირველი მოხმარების პროდუქტები.
ავტორი: მარიამ ადამია

22.მაისი.2019 12:19
236

ჯეიმი ოლივერის რესტორნების ქსელი გაკოტრდა - 1300 თანამშრომელი უმუშევარი რჩება

ვრცლად
22.მაისი.2019 00:20
214

„სტარბაქსის“ ყავის შემდეგ, GOT-ში პლასტმასის ბოთლი გამოჩნდა

ვრცლად
22.მაისი.2019 00:10
227

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ყატარში ახალი სტადიონის აშენება $575 მლნ დაუჯდათ

ვრცლად
21.მაისი.2019 23:49
291

სომხეთის მინისტრთა კაბინეტი ელექტრომობილებზე გადავა

ვრცლად
21.მაისი.2019 22:00
438

აზერბაიჯანი ტურიზმის განვითარებას გეგმავს - რა გამოწვევებს ხედავს ეკონომიკის მინისტრი

ვრცლად
21.მაისი.2019 21:00
54

აშშ-ჩინეთს შორის მწვავე სავაჭრო კონფლიქტი ევროპულ კომპანიებსაც აზიანებს

ვრცლად