მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიზნეს სერვისების გაციფრულება ინვესტორებს გადაწყვეტილებების მიღებას გაუადვილებს"

5cdfbe8547505
თელარა გელანტია
18.05.19 12:11
1372
"ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ერთი მხრივ, ვართ სააინვესტიციო პოლიტიკის შემმუშავებლები და კოორდინატორები, მეორე მხრივ კი, სერვისების მიმწოდებლები ბიზნესისთვის. ამ მხრივ, ეკონომიკის სამინისტროს საკმაოდ დიდი როლი აქვს. არსებობს 600-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის სერვისი, რომელსაც ჩვენ, ჩვენი სსიპ-ები და საწარმოები აწვდიან ბიზნესებს," - განაცხადა განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ “პალიტრანიუსის” გადაცემა "360 გრადუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ბიზნეს სახლის პროექტზე, რომლის ცალკეული სერვისების ამოქმედების ვადები დაზუსტდა და დროში გაიწერა, რათა მომხმარებელმა, რაც შეიძლება მალე შეძლოს საჭირო სერვისის ელექტრონული ფორმით მიღება.

ნათია თურნავას განცხადებით, აუცილებელია, რომ ყველა გადაწყვეტილება დადგენილ ვადაში იქნას მიღებული.

მისი თქმით, თუ რომელიმე უწყება, იქნება ეს თვითმმართველობა, თუ ცენტრალური უწყება, განაცხადზე პასუხს დადგენილ ვადაში არ გაცემს, მომხმარებელი ავტომატურად თანხმობას მიიღებს.

"ასეთი მარტივი მექანიზმი იქნება როგორც პრივატიზაციის, ასევე უფლებათა რეგისტრაციის და სხვა შემთხვევებშიც. იგივე მიდგომა იქნება წიაღისეულთან დაკავშირებითაც," - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, სანამ ბიზნეს სახლი აშენდება, მანამდე ამოქმედდება ბიზნეს სახლის ე.წ. ციფრული სივრცე, სადაც მოქალაქე სახლიდან ან თუნდაც ნებისმიერი ბანკის ფილიალიდან საკუთარი განაცხადის მოძრაობას გადაამოწმებს და შეძლებს მისთვის საჭირო ინფორმაციის მიღებას. მით უფრო, რომ ასეთი ანალოგიები ჩვენ უკვე გვაქვს.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად მიმდინარეობს სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს მონაცემთა გაციფრულება, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს მომხმარებელთან ურთიერთობას.

მისი თქმით, მონაცემთა გაციფრულების პროცესი უკვე მიმდინარეობს წიაღის ეროვნულ სააგენტოშიც.

„პირველი ეტაპი გეოლოგიური ფონდების გახსნა იყო, რომელიც უკვე ციფრულ ფორმატშია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია, გაეცნოს მათ. ამის შემდეგ შესაძლებელი გახდება უკვე ლიცენზიების გაციფრულება. ყველა შეძლებს, დაინახოს ინფორმაცია საბადოებისა და ლიცენზიების შესახებ. ყოველივე ინვესტორებს გადაწყვეტილებების მიღებას გაუადვილებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

„ეს არის ჩემი გამოწვევა, დავალება და ამას აუცილებლად გავაკეთებ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.