25.მარტი .2016 13:40

ბესიკ შენგელია: მთავრობაში საბანკო და მიკროსაფინანსო სფეროს მიმართ, კარგად განწყობილი არ არიან

views 2482
უკან

საფინანსო კომპანიები საგადასახადო სისტემის ესტონური მოდელით 2019 წლიდან ისარგებლებენ. გადაწყვეტილებას "საქმიან დილასთან" საუბრისას მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარე, ბესიკ შენგელია აფასებს.
 
- ბატონო ბესიკ, რა არგუმენტები მოისმინეთ?

- როგორც მახსოვს თავიდანვე, როდესაც პირველად იქნა აღნიშნული პროექტი წარდგენილი, საფინანსო სფერო საერთოდ არ მოიაზრებოდა მასში. შემდეგ საბანკო ასოციაციების ინიციატივით, კონსულტაციები დაიწყო და საბანკო ასოციაციისა და ბიზნესომბუდსმენის დამსახურებაა, რომ შემდგომ ეტაპზე - 2019 წლის პროექტში ჩვენც ჩავერთეთ. მანამდე არ მოვიაზრებოდით, კონსულტაციებზეც კი არ ვყოფილვართ მიწვეული. მეორეს მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ მადლობის მეტი არაფერი არ გვეთქმის, რადგან ფინანსთა სამინისტრომ მათი რჩევა ყურად იღო.

- რა იყო ყველაზე წონადი არგუმენტი, რომელიც მთავრობის მხრიდან მოისმინეთ?

- სიმართლე გითხრათ, ჩამოყალიბებული არგუმენტი ფინანსური ან ეკონომიკური თვალსაზრისით, ნამდვილად არ მოგვისმენია. რაღაც გარკვეული ქვეტექსტები იყო და ზოგადად ისეთი წარმოდგენა დაგვრჩა, რომ მაინც პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. მაგრამ აქ კონკრეტულად მოკროსაფინანსო სფერო არ იგულისხმებოდა. საუბარი იყო ძირითადად საბანკო სექტორზე და შემდეგ ავტომატურ რეჟიმში მიკროსაფინანსო და სადაზღვევო მოჰყვა.

- როგორც ფინანსისტს, შთაბეჭდილება ხომ არ დაგრჩათ, რომ ამ ყველაფრის გადავადების მიზეზი საგადასახადო შემოსავლები იყო, რომელიც შესაძლოა ბიუჯეტს მოაკლდეს?

- სხვათა შორის ამასთან დაკავშირებით განცხადება ფინანსთა მინისტრმაც გააკეთა. მან თქვა, რომ ისეთ დიდ შემოსავლებზე არ იყო საუბარი, საბანკო სფეროს შემთხვევაში 600 მილიონზე იყო საუბარი, ხოლო მიკროსაფინანსოს შემთხვევაში აქ დაახლოებით 70-მდე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იგულისხმება, მათ შორის ლომბარდები და ჯამში 123 მილიონ ლარზე იყო საუბარი. შესაბამისად, ფინანსთა მინისტრმა განმარტა, რომ ეს ციფრები ამ შემთხვევაში გადამწყვეტი არ არის და ბიუჯეტს მაინცდამაინც არაფერი იმდენი არ დააკლდებოდა. საბოლოო ჯამში ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ არაკონსტრუქციულად განწყობილი ოპოზიციური პოლიტიკოსების ხელში ეს სპეკულირების თემა არ გამხდარიყო.

ჩვენს მთავრობაში საბანკო და მითუმეტეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სფეროს მიმართ მაინცდამაინც კარგად არ არიან განწყობილი, მხოლოდ ციფრებს უყურებენ.

- ესტონური მოდელის გადმოღება კოპირებით არ მომხდარა. თქვენ როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი კანონპროექტს გაეცანით, არის თუ არა შენიშვნები, რაზეც  ფინანსთა სამინისტროსთან და სხვა სტრუქტურებთან ერთად ამ კანონპროექტის შემდგომი დახვეწის კუთხით, მუშაობას გააგრძელებთ?

- აღვნიშნავ, რომ ძალიან კარგი პროექტია, ყველას ძალიან მოგვწონს. თუმცა, აღინიშნა, რომ ყველა სიახლეს გამოცდა უნდა. სწორედ ამიტომ იყო იგივე ბიზნეს ასოციაციის მხრიდან მოთხოვნა 1 ივლისის ნაცვლად 1 იანვრამდე გადავადებულიყო. შესაბამისად, ფინანსთა სამინისტრომ ეს გაიზიარა.

ამჟამინდელ საგადასახადო კოდექსშიც გარკვეული შეღავათები არის, თუმცა სამწუხაროდ ძალიან ხშირად შემოსავლების სამსახურის მხრიდან არაადეკვატური მიდგომის გამო, სხვადასხვა მუხლების ინტერპრეტაცია სადაო ხდება. სავსებით შესაძლებელია ამ ახალი კანონპროექტის ამოქმედების შემდეგაც მსგავსი მომხდარიყო, მითუმეტეს, რომ სრულიად სიახლეა და აბსოლუტურად სხვა მიდგომაა. ესეც მნიშვნელოვანი არგუმენტი იქნებოდა იმიტომ, რომ მე მახსენდება ირაკლი ასლანიშვილის განცხადება - იმის ფონზე რომ ძალიან კარგი კანონპროექტია, რაც არ უნდა კრიტიკულად იყო განწყობილი ფინანსთა სამინისტროს, ან ზოგადად მთავრობის მიმართ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის სიკეთეები, რასაც ეს კანონპროექტი ალბათ აუცილებლად მოიტანს და ამიტომ ამის გაფუჭება იმით, რომ არასწორად ვერ დაინერგა, იქ რაღაც ხარვეზები აღმოჩნდა, ეს სიკეთე შესაძლოა დაიკარგოს. ამიტომ უკეთესია და ჯობდა მომზადებულად და თანმიმდევრულად ამოქმედებულიყო.

- რა არის თქვენი გეგმები, კონკრეტულად თქვენს სეგმენტთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკთან თუ სხვა უწყებებთან ურთიერთობაში რაიმე ინიციატივებს ხომ არ გეგმავთ?

- აუცილებლად. ჩვენ დიდი ხანია ეროვნულ ბანკთან ვმუშაობთ. 2013 წელს მივაწოდეთ ეროვნულ ბანკს ცვლილებების ჩამონათვალი, რომელიც აუცილებელია კანონში შევიდეს. შემდეგ ეროვნულმა ბანკმა არასრული სახით მიაწოდა პარლამენტს, მაგრამ ეს პროცესი რატომღაც გაჭიანურდა. სულ ახლახან გვქონდა შეხვედრა თამაზ მეჭიაურთან და ნოდარ ებანოიძესთან. შეხვედრისას განწყობა საკმაოდ პოზიტიური იყო, გაგვიკვირდა კიდეც მთელი ამ ხნის განმავლობაში ასეთი ნეგატიური ფონის შემდეგ, სრული მზადყოფნა გამოთქვეს, რომ ითანამშრომლონ. თან აქ დასაზუსტებელია, რომ თემა მუსირებდა მიკროსაფინანსოების რეგულირების, თუმცა, სინამდვილეში საუბარი იყო ონლაინ სესხების შეზღუდვა ან აკრძალვაზე, რომლებიც საერთოდ არ არიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და არანაირი კავშირი არ აქვთ ჩვენთან. უბრალოდ ასე აღიქვამენ. ჩვენ ჩვენი აზრი გავუზიარეთ, რომ რა თქმა უნდა, ონლაინ სესხები დასარეგულირებელია, იმიტომ რომ ბევრისთვის უკვე პრობლემას წარმოადგენს. აკრძალვას მე პირადად არ ვემხრობი, იმიტომ რომ ბიზნესის აკრძალვას, ყოველთვის სჯობს რაღაც მაღალი სტანდარტები დააწესო და თუ ბიზნესი მოქნილია, შესაბამისად ალღოს აუღებს და ყველასთვის კარგია. ამის ფონზე კი მინიმუმ რამდენიმე ცვლილებაა აუცილებელი, რომელიც საფინანსო ორგანიზაციების შესახებ კანონში უნდა შევიდეს, რომელსაც ონლაინ სესხებთან არაფერი საერთო არ აქვს. ეს ცვლილებები იმდენად საჭიროა, არათუ აფერხებს მიკროსაფინანსოების განვითარებას, არამედ ბაზრის ინტერესში საერთოდ არ მოდის. მაგალითად, მაქსიმალური სესხის ზომა, ზღვარი, რომელიც რატომღაც აკრძალულია, 50 000 ლარის ზევით ვერ გავცემთ, რაც აბსოლუტურად დისკრიმინაციულია.

- იყო შემთხვევები, როდესაც რამდენიმე მიკროსაფინანსო კომერციულ ბანკადაც გარდაიქმნა, დრეს რეალობიდან გამომდინარე უკვე კონკრეტული გარემოებები და მოთხოვნები არის, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდეს სხვადასხვა მიკროსაფინანსოებთან მიმართებაში...

- კი ბატონო, მაგრამ არის ალტერნატივა, რომ მიკროსაფინანსოების გამსხვილება მოხდეს. უკვე ბაზარზე იმპულსები შეინიშნება, ინვესტორების მხრიდანაც არის დაინტერესება. სხვათა შორის, შარშანდელმა და წლევანდელმა წელმა ეს პროცესი შეაფერხა, თორემ მანამდე აქტიურად იყო და ზოგადად, მსოფლიოს მიკროსაფინანსო ინდუსტრიაში ყოველთვის იყო და რჩება საქართველო საკმაოდ საინტერესო ქვეყნად.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა