მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბავშვთა სისხლში ტყვიის მონიტორინგსა და წყლის ხარისხზე საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

5c99da9ac7b78
თელარა გელანტია
26.03.19 12:05
440
ბავშვთა სისხლში ტყვიის მონიტორინგი და წყლის ხარისხი იყო სექტორთაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის მთავარი თემა, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, საქართველოში ჯერ კიდევ არის რეგიონები, სადაც ეკოლოგიის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გამოწვევები რჩება. მამუკა ბახტაძის თქმით, საკოორდინაციო საბჭოში შემავალ უწყებებს შესაბამისი დავალება ჰქონდათ მიცემული, იმისთვის, რომ საქართველოს მასშტაბით წყლის ხარისხის მდგომარეობა შეესწავლათ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ მთავრობის მიერ განხორციელებული ინვესტიციების შედეგად გარკვეულ ქალაქებში გაუმჯობესება აღინიშნება, თუმცა, წყლის ხარისხის შეუსაბამობა მაინც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

„დღეს საკოორდინაციო საბჭოს სპეციალურ ფორმატში შევიკრიბეთ, რომ ვიმსჯელოთ გარემოს დაცვისა და ჩვენს მიერ დაანონსებული მწვანე ეკონომიკის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ ნაბიჯებზე და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე. მოგეხსენებათ, რომ ეს არის საკმაოდ კომპლექსური საკითხი.
სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ გვაქვს რეგიონები, სადაც ეკოლოგიის თვალსაზრისით რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევები. საკოორდინაციო საბჭოში შემავალ უწყებებს უკვე ჰქონდათ დავალება მიცემული, რომ შეესწავლათ წყლის ხარისხის მდგომარეობა საქართველოს მასშტაბით. გამოიკვეთა, რომ ჩვენს მიერ განხორციელებული ინვესტიციების შედეგად ჩვენ გვაქვს გაუმჯობესება გარკვეულ ქალაქებში, თუმცა, წყლის ხარისხის შეუსაბამობა მაინც რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად. შესაბამისად, ეს ჩვენი მხრიდანაც მოითხოვს უფრო აქტიური ნაბიჯების გადადგმას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

რაც შეეხება ბავშვთა სისხლში ტყვიის მოცულობის მონიტორინგს, პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული პრობლემა თანამედროვე სამყაროსთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა, დაგეგმვა და მათი იმპლემენტაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„ვიცი, რომ ამ მიმართულებით არაერთი ღონისძიება ჩატარდა, განხორციელდა სხვადასხვა საერთაშორისო პროექტი. ბუნებრივია, ჩვენ აქცენტი უნდა გავაკეთოთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებზე და გამოვიყენოთ საუკეთესო გამოცდილება, რომელიც დაგროვდა დასავლეთის ქვეყნებში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საკოორდინაციო საბჭო გარემოს დაცვის მიმართულებით 2018-2022 წლების გარემოსა და ჯანმრთელობის ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში ფუნქციონირებს და მას პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. სექტორთაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომას საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ესწრებოდნენ.