მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბათუმის პორტის ტერმინალი რუსული პროპაგანდის სამიზნე კიდევ ერთხელ გახდა"

5d5d3e602c355
BM.GE
21.08.19 16:49
4087
რუსული პროპაგანდის სამიზნე კიდევ ერთხელ გახდა ბათუმის პორტის ტერმინალის მშენებლობა.

სოციალურ ქსელში პრორუსული გზავნილების გამავრცელებელ სეგმენტში გამოჩნდა გზავნილები, რომ ბათუმში ტერმინალი, რომელსაც ამერიკული ტრეიდული კომპანია Trammo აშენებს, „ქიმიურია“ და მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველია.

რეალურად, ბათუმში მულტიმოდალური ტერმინალი, უფრო კონკრეტულად კი - ,,კარბამიდის ტერმინალი'' შენდება. სახელმწიფო უწყებისგან მიღებული ნებართვაც სწორედ ამაზეა. რაც შეეხება იმ ნარატივს, რომ ტერმინალი ადამიანებს “წამლავს”, სპეციალისტები უსაფუძვლოს უწოდებენ.

ევროკავშირის ექსპერტები აცხადებენ, რომ პირიქით, „ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალი გარემოსა და ეკოლოგიური პრობლემების ხარისხობრივ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს“.

კერძოდ, ევროკავშირის პროექტის “გარემოს ჯანმრთელობის ინსტიტუციური გაძლიერება საქართველოში” მუდმივი მრჩეველი, ევროკავშირის ექსპერტი ჯორჯო არდუინო თვლის, რომ ბათუმში მულტიმოდალური პორტის მშენებლობა “ტექნოლოგიურად ინოვატორული და ულტრათანამედროვე მეთოდია, რომელიც ნაყარი ტვირთების მართვის სრული ციკლის ეფექტურად განხორციელებასა და ტრანზიტს უზრუნველყოფს“.

„ჩვენი პროექტი, რომელიც საქართველოში გარემოს ჯანმრთელობის ინსტიტუციური გაძლიერებისკენაა მიმართული, დასასრულს უახლოვდება. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, თქვენმა ქვეყანამ აიღო ვალდებულება, გარემოს დაცვის მიმართულებით კანონმდებლობა ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო სტანდარტებს შეუსაბამოს. რაც შეეხება პროექტს - ბათუმში ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით ტერმინალის მშენებლობას, რომელიც მოემსახურება ნაყარი ტვირთების მართვის მიმარუთლებას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იგი ხელს შეუწყობს ადგილობრივ დონეზე ნარჩენებისა და ნაყარი ტვირთების მართვის უწყვეტი და სრულყოფილი ციკლის იმპლემენტაციას, ასევე გარემოსთან თავსებადი და არასაზიანო პროცესების დანერგვას, ეს კი, თავის მხრივ, ითვალისწინებს პროექტში მომუშავე პერსონალისა და მოსახლეობის უსაფრთხო გარემოში ყოფნას. ტექნიკური თვალსაზრისით, ეს გახლავთ ტექნოლოგიურად ინოვატორული, ულტრათანამედროვე მეთოდი, რომელიც ნაყარი ტვირთების მართვის სრული ციკლის ეფექტურად განხორციელებასა და ტრანზიტს უზრუნველყოფს”, - აცხადებს ევროკავშირის ექსპერტი.

თავის მხრივ, იტალიის ლაციოს რეგიონის აზბესტის კვლევითი ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის ექსპერტი ფულვიო კავარიანი აცხადებს, რომ ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობა ხელს შეუწყობს გარემოსა და ეკოლოგიური პრობლემების ხარისხობრივ გაუმჯობესებას.

„ჩვენ ვიმყოფებით საქართველოში, რათა წვლილი შევიტანოთ გარემოს დაცვის მიმართულებით, ასევე ქართველ კოლეგებს ევროკავშირის და კონკრეტულად იტალიის გამოცდილება გავუზიაროთ. კმაყოფილი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, გავცნობოდი ბათუმში თანამედროვე ტერმინალის მშენებლობის პროცესს. ის დახურული წესით, თანამედროვე აღჭურვილობით შენდება, რაც ხელს შეუწყობს გარემოსა და ეკოლოგიური პრობლემების ხარისხობრივ გაუმჯობესებას, შეამცირებს რა ნაყარი ტვირთის ტრანსპორტირებისას ჰაერში მტვრის ნაწილაკებისა და სხვა ნივთიერებების გაფრქვევის რისკებს. ვფიქრობ, ეს კარგი დასაწყისია საქართველოსთვის გარემოს პირობების გაუმჯობესების კუთხით“ – განაცხადა ექსპერტმა.

კიდევ ერთი ნარატივია ის, რომ ,,ბათუმი საკურორტო ქალაქია და ეს ტერმინალი ტურისტებს დააფრთხობს''.

აღსანიშნავია, რომ ტურისტული პოტენციალის განვითარება ინდუსტრიულ მხარეს არ გამორიცხავს. ფართო მასებში გავრცელებულია მოსაზრება, რომ ეს ორი მიმართულება ურთიერთგამომრიცხავია და შეუძლებელია, ინდუსტრიული განვითარება ეკოლოგიასა და ტურიზმს შეუთავსო. არადა, მსოფლიოში არაერთი ადგილი არსებობს, რომელიც ამ მცდარ სტერეოტიპს ამსხვრევს. მათ შორის ერთ-ერთი მეტრო ვანკუვერის რეგიონის (კანადა) ქალაქი პორტ მუდია.

საქართველოს ეკონომიკური თავისუფლებისთვის და განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობის მაქსიმალურად ათვისება და გამოყენება, ეს გზა შავ ზღვაზე ნამდვილად გადის.

კიდევ ერთი მითი სამუშაო ადგილებს ეხება, რომ ულტრათანამედროვე ტექნიკით აშენებულ ტერმინალში მუშახელისთვის ადგილი აღარ იქნება, რადგან ყველაფერი ავტომატიზირებული იქნება, თუმცა როგორც კომპანიაში აცხადებენ, სწორედ რომ დამატებით სამუშაო ადგილებს ქმნის ეს ინვესტიცია და მიუხედავად იმისა, რომ ტერმინალი უმაღლესი სტანდარტებით შენდება და უახლესი ტექნიკით აღიჭურვება, კვალიფიციური კადრების გარეშე წარმოუდგენელი იქნება მისი ფუნქციონირება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მრჩევლის, ”სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი - საქართველოს”, საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის ხელმძღვანელ გიორგი მოლოდინის განცხადებით, „სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები, მაგალითად პორტები შესაძლოა, მტრული პროპაგანდის ობიექტად იქცეს“.

"ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებით ქვეყანაში გვაქვს რეალობა, რომელიც მოქალაქეებს აიძულებს, ყველაფერს ეჭვის თვალით და უნდობლობით უყურონ. გარდა ამისა, მოცემულობაა, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს სჯერა სოციალურ ქსელში გავრცელებული, ლამის ნებისმიერი სახის ყველაზე დიდი ტყუილის. საზოგადოება არ ფლობს თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებში ტყუილ-მართლის გარჩევის უნარ-ჩვევებს. ეს არის სიტუაცია, როდესაც კიდევ უფრო მარტივად გავრცელდება დეზინფორმაცია, ტყუილი და ეს ტყუილი შეეხება ყველა სფეროს, სექტორს - საჯაროს თუ კერძოს. ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობის თემები, როგორებიცაა მაგალითად, პორტები, დიახ, შეიძლება, აღმოჩნდეს მტრული პროპაგანდის ობიექტი და სულაც არ არის აუცილებელი, რომ პროპაგანდისტული საქმიანობის ავტორი იყოს მხოლოდ რუსეთი. რაც უფრო აქტიურად და სიღრმისეულად ვერთვებით საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში, მით უფრო რთულ და კონკურენტულ გარემოში ვხვდებით", – აცხადებს გიორგი მოლოდინი.