მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის შემუშავებაზე კონკურსი გამოცხადდა

5d3193ac0c636
BM.GE
19.07.19 13:54
1354
პირველად თავისი ისტორიის მანძილზე, ბათუმის ბულვარს განაშენიანების გეგმა ექნება.

სსიპ ბათუმის ბულვარმა განაშენიანების გეგმის შემუშავებისთვის კვლევის, ფუნქციური ზონირებისა და დენდროლოგიური საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვაზე ელექტრონული კონკურსი გამოაცხადდა.

განაშენიანების გეგმა მოიცავს ბულვარის სამომავლო განვითარების ხედვის შემუშავებას, ასევე ძველი ბულვარის კონსერვაციას, ისტორიულად ჩამოყალიბებული იერსახის მაქსიმალურად შენარჩუნებასა და აღდგენას მნიშვნელოვანი ჩარევებისა და ცვლილებების გარეშე, ბულვარის კულტურული მემკვიდრეობითი ღირებულებების დაცვასა და გაძლიერებას.

ტექნიკური დავალების დოკუმენტის მიხედვით, პროექტის მთავარი მიზანია შემუშავდეს ბათუმის ბულვარის რეაბილიტაციისა და განაშენიანების გეგმა მისი ლანდშაფტური, არქიტექტურული და მხატვრული ღირებულებების შენარჩუნებით და ხაზგასმით. უნდა შეიქმნას ადგილობრივ და საერთაშორისო დამსვენებელთა ყველა ჯგუფისათვის - ბავშვები, ახალგაზრდები, ხანდაზმულები, კომფორტული და უსაფრთხო რეკრეაციული გარემო შესაბამისი ფუნქციებითა და ზონებით.

პროექტი მოიცავს სამ ნაწილს: კვლევით ნაწილს, განაშენიანების გეგმას და სახელმძღვანელო მითითებების (გაიდლაინების) ნაწილს. ელექტრონულ კონკურსში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 14 აგვისტოს დაიწყება და 19 აგვისტოს დასრულდება.

სამუშაოები კონკურსში გამარჯვებულმა ერთი წლის განმავლობაში უნდა დაასრულოს. პროექტის ღირებულება 435 ათასი ლარია.