მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BAG რუსეთის ავიასანქციებზე: აუცილებელია სქემების მოფიქრება, რომ ადამიანებზე წნეხი ნაკლებად იყოს

5d15f6ec23b15
ლიკა გურაბანიძე
29.06.19 11:25
1243
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, რუსეთის მხრიდან დაწესებული ე.წ. ტურისტული ემბარგო ტურიზმის სფეროსთვის საკმაოდ მძიმე წნეხი იქნება.

როგორც ვეფხვაძე BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, შარშან რუსეთიდან 1 მლნ 400 ათასი ტურისტი ჩამოვიდა, ხოლო წელს 1 მლნ 700 ათასი ტურისტის ჩამოსვლის მოლოდინი იყო, თუმცა საშუალო გათვლებით სავარაუდოდ ეს რიცხვი განახევრდება.

"ძალიან მაღალი წნეხი იქნება იმ ოპერატორებზე და სუბიექტებზე, რომლებიც ტურიზმის მიმართულებით აქტიურად მუშაობენ. კერძოდ, აქ საუბარია იმაზე, რომ ინვესტიციების განხორციელების შემდეგ კონკრეტულ კომპანიებს თუ ფიზიკურ პირებს კონკრეტული საბანკო ვალდებულებები აქვთ, რომელსაც ემსახურებიან და თუ მათი სასტუმროები დატვირთული არ იქნება, ბუნებრივია ამ კრედიტების მომსახურება გაუჭირდებათ და ბუნებრივია, პრობლემა იქნება.
 
ეს ისეთი ინდუსტრიაა, სადაც ნახევარი მლნ ტურისტის სხვა ქვეყნიდან ჩანაცვლება გაჭირდება, მაგრამ აუცილებელია შესაბამისი კონკრეტული სქემების მოფიქრება იმისათვის, რომ კონკრეტულ ადამიანებზე წნეხი ნაკლებად იყოს. ამ კუთხით საქართველოს მთავრობის ინიციატივებს ველოდებით და მათთან საკმაოდ აქტიურ კომუნიკაციაში ვართ", - განაცხადა ვეფხვაძემ.
 
მისივე განმარტებით, ბიზნეს ასოციაცია ისეთ პლატფორმასაც იყენებს, როგორიც არის ინვესტორთა საბჭო.

"ინვესტორთა საბჭოში შეკრება იყო და იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში ისევ შევიკრიბებით, რომ ჩვენი მოსაზრებები ერთმანეთს გავუზიაროთ, შევაჯეროთ და შემდეგ საქართველოს მთავრობას წარვუდგინოთ", - განმარტა ლევან ვეფხვაძემ.