მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზიის ობლიგაციების ბაზარი ფართოვდება - უძრავი ქონებისა და მწვანე ობლიგაციები ზრდის პოტენციალს ამჟღავნებს

5d0a4622acd51
BM.GE
20.06.19 00:10
1170
აზიის განვითარების ბანკის (ADB) „Asia Bond Monitor“-ის ბოლო პუბლიკაციის თანახმად, ადგილობრივ ვალუტაში გამოშვებული ობლიგაციის ბაზრები განვითარებად აღმოსავლეთ აზიაში 2019 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში გაფართოებას განაგრძობდა, სავაჭრო კონფლიქტებისა და გლობალური ზრდის შენელების მიუხედავად.

კვარტლური ანგარიშის თანახმად, მომავალში ზრდის პოტენციალს ავლენს ბინათმშენებლობა და მწვანე ობლიგაციები.

ADB-ის ინფორმაციით, მარტის ბოლოს განვითარებად აღმოსავლეთ აზიაში მიმოქცევაში იყო 15 ტრილიონი აშშ დოლარის ადგილობრივი ვალუტის ობლიგაციები, რაც 2,9%-ით აღემატება 2018 წლის  ბოლოს არსებულს და 14,0%-ით - 2018 წლის მარტის ბოლოს არსებულ მონაცემებს. ამავე დროს, რეგიონში ობლიგაციების გამოშვებამ პირველ კვარტალში 1,4 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 10,0%-ით აღემატებოდა 2018 წლის ბოლო კვარტლის მდგომარეობას, მეტი სახელმწიფო ვალის გამოშვების ფონზე.

განვითარებადი აღმოსავლეთ აზია მოიცავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას; ჰონგ კონგს, ჩინეთი; ინდონეზიას, კორეის რესპუბლიკას, მალაიზიას, ფილიპინებს, სინგაპურს,
ტაილანდსა და ვიეტნამს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 2019 წლის პირველ კვარტალში მოსალოდნელზე მაღალმა ეკონომიკურმა შედეგებმა უცხოური ინვესტორების მოლოდინს გადააჭარბა.

ინდონეზიაშიც უცხოური ინვესტიციების ზრდა დაფიქსირდა, ხოლო ფილიპინებში ინვესტორთა მიერ მოგების განაღდებამ უცხოური ინვესტიციების საგრძნობი კლება  გამოიწვია. ტაილანდში არჩევნების გამო შექმნილ არამდგრად გარემოს უცხოელმა ინვესტორებმა მოოლოდინის რეჟიმზე გადასვლით უპასუხეს.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ბინათმშენებლობის ობლიგაციების ბაზრის განვითარება მოთხოვნის ზრდის შემთხვევაში მეტად ხელმისაწვდომს გახდის იპოთეკურ
სესხებს. ასევე მოხდება ბინათმშენებლობის დაფინანსების დივერსიფიკაცია, რასაც ტრადიციულად კომერციული ბანკები უზრუნველყოფენ. ბინათმშენებლობის ობლიგაციების ბაზრის მეშვეობით დაფინანსება შეამცირებს დაფარვის ვადებს შორის შეუსაბამობას ბინის მესაკუთრეთა ტრადიციულად გრძელვადიანი სესხებისა და მოკლევადიანი საბანკო სესხების პირობებში. ბინათმშენებლობის ობლიგაციების ბაზრის განვითარება ქვეყნებს ფინანსების მოძიებაში დაეხმარება უფრო მეტი ბინის ასაშენებლად, რაც დააკმაყოფილებს ბინებზე გაზრდილ მოთხოვნას. ეს შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებას, ნათქვამია ანგარიშში.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს
მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 2018 წელს ADB-ის მიერ გაცემული სესხებისა და გრანტების ჯამურმა მოცულობამ 21.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.

წყარო  ADB