მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზიის განვითარების ბანკმა ქართულ ბაზარზე 60 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა

5d286fad8d0e3
BM.GE
12.07.19 15:28
1803

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) განახორციელა ლარის ობლიგაციების მასშტაბური განთავსება საქართველოში და მოიზიდა 60 მილიონი ლარი (დაახლოებით 21  მილიონი აშშ დოლარი).

ორგანიზაციამ ლარის ობლიგაციები უკვე მესამედ განათავსა. ბონდების გამოშვება ორ ტრანშად მოხდა. მათგან პირველის ვადიანობა 3 წელი, მეორე ტრანშის ვადიანობა კი 5 წელია. ობლიგაციის განაკვეთი არის ცვლადი და ის საქართველოს ეროვნული ბანკის სასერტიფიკატო დეპოზიტის განაკვეთთან არის ინდექსირებული. 

ორივე ბონდის განთავსება Galt & Taggart-ის ჩართულობით მოხდა, აღნიშნული ფასიანი ქაღალდების მფლობელები ქართული ინსტიტუციური ინვესტორები გახდნენ. 

“ADB მოწოდებულია, რომ ხელი შეუწყოს ადგილობირივი ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას,”- განაცხადა ორგანიზაციის მთავარმა ხაზინადარმა პიერ ვონ პეტეგჰემმა.

“ეს ბონდები არამხოლოდ ADB-ის დაფინანსებას, არამედ ჩვენ მიერ ქართული საფინანსო ბაზრის მხარდაჭერასაც ემსახურება,”- განაცხადა მან. 

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარი განვითარებისკენ შესამჩნევ ნაბიჯებს დგამს, რასაც ხელს როგორც ადგილობრივი კერძო სექტორი, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები უწყობენ.

ADB-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ობლიგაციების გამოშვებით, ADB კრედო ბანკს დააფინანსებს. 60 მილიონი ლარით ბანკი თბილისის გარეუბნებსა და რეგიონებში იპოთეკური სესხების შეთავაზებას გეგმავს.

“ოთხწლიანი წარმატებული პარტნიორობის შემდეგ, ჩვენ მოხარული ვართ, რომ ADB-ისგან მეორე სასესხო ტრანში მივიღოთ. აღნიშნული თანხა ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემს ქვეყნის რეგიონებში იპოთეკურ სესხებზე ხელმისაწვდომობა გავზარდოთ, “- ამბობს კრედო ბანკის გენერალური დირექტორი ზაზა ფირცხალავა.