მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტოტრანსპორტით ხორბლის იმპორტის აკრძალვის შესახებ მინისტრის ბრძანება შესაძლოა გაუქმდეს

5cc0b61397146
თელარა გელანტია
24.04.19 23:14
875
ავტოტრანსპორტით ხორბლის იმპორტის აკრძალვის შესახებ ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის ბრძანება შესაძლოა გააუქმდეს.

როგორც ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსზე“ განაცხადა, საბოლოო გადაწყვეტილება ბიზნესთან კონსულტაციების შედეგად იქნება მიღებული.

საქმე იმაშია, რომ ფინანსთა მინისტრის მიერ 2018 წლის 22 აგვისტოს გამოცემული ბრძანებით, საქართველოში ხორბლის იმპორტ-ექსპორტის ექსპორტის ექსკლუზიური უფლება მხოლოდ და მხოლოდ რკინიგზას და პორტებს ენიჭებათ. სხვა გზებით ხორბლის საზღვარზე ტრანსპორტირება კი, აკრძალული ხდება. ივანე მაჭავარიანის აღნიშნულ გადაწყვეტილებას გასულ ზაფხულს ტრაილერების მძღოლების დიდი პროტესტი მოჰყვა. რამდენიმე დღის განმავლობაში მძღოლებმა თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონის პარალიზება მოახდინეს. საბოლოოდ, ფინანსთა სამინისტრო დათმობაზე წავიდა და ავტომობილებით ხორბლის იმპორტის აკრძალვა 1 წლით, მიმდინარე წლის ოქტომბრამდე გადაავადა.

მალევე, ხორბლის ავტომობილებით იმპორტის აკრძალვაზე ფინანსთა მინისტრის ბრძანება არასამთავრობო ორგანიზაციამ - „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI) საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.

GDI-ის შეფასებით, ვანო მაჭავარიანის ბრძანება კონსტიტუციის იმ მუხლებს არღვევს, რომლის თანახმად, „სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა“.

დღეს კი, ფინანსთა მინისტრმა „პალიტრანიუსზე“ იმ ბრძანების გამოცემის მიზეზებზე ისაუბრა.

„მე მაშინაც ვთქვი, როცა ეს ამბავი მოხდა, რომ ჩვენ კონსულტაციებს გავივლით და შევჯერდებით და მე მგონია, რომ აქ ჩვენ ახლა ხელების გადაგრეხვის გზით არ წავალთ. ნებისმიერი გადაწყვეტილება - შეჩერდება თუ გაუქმდება, იქნება ბიზნესთან კონსულტაციის შედეგად მიღებული. ეს იყო მაშინ ალბათ ერთ-ერთი მოკლე გზა... ზოგადად პრობლემური იყო და მე მგონი, რჩება პრობლემად რომ ხორბალი ამ გზით შემოდიოდა და შემოდის, რამდენიმე პრობლემა იყო - მარაგების გაკეთება არ ხდებოდა და სასურსათო უსფართხოების საკითხი იყო, ხორბლის ხარისხის მონიტორინგი გაძნელებულია და რა ტიპის ხორბალი შემოდის, ეგეც პრობლემატური იყო; ამავდროულად იყო ცოტა პოლიტიკური თემაც - ეს 100%-ით გვხდიდა რუსეთზე დამოკიდებულს, რადგან დღეს უკვე ასივე პროცენტით რაც მანქანებით შემოდის, რუსეთიდან შემოდის, თუმცა მანამდე როცა რკინიგზით და პორტით შემოდიოდა, ყაზახეთის წილი 40% თუ არ მეშლება, რადგან ეკონომიკურად უფრო მისაღები იყო... შესაბამისად, ეს არგუმენტები იყო და რჩება, მაგრამ ამავდროულად სოციალური ნაწილიც იყო - მაშინ ერთ-ერთმა მოქალაქემ კინაღამ თავი დაიწვა და არა მარტო ერთ კაცზე იუო საუბარი, არამედ ძალიან ბევრ ადამიანს ეხებოდა და შესაბამისად, როგორც უმეტეს გადაწყვეტილებასა და უმეტეს რეფორმაში, რეფორმას აქვს გვერდითი მოვლენა და ამას აწონვა და დაბალანსება სჭირდება, ესეც იგივე მოვლენაა და ფინანსთა მინისტრის ბრძანებით ამის მოგვარება, მოკლე გზა იყო... ამ შემთხვევაში, მაინც შესაჯერებლია ეს ამბავი და ვიხელმძღვანელებთ და შევაფასებთ ყველა გვერდით მოვლენას“, - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის: საქართველოს მოხმარებაში დომინანტი რუსული ხორბალი, შესაძლოა, ყაზახურმა ჩაანაცვლოს. საქმე იმაშია, რომ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას ინფორმაციით, „ყაზახეთში შემდგარი მოლაპარაკების თანახმად, ყაზახეთის მთავრობა ქვეყნის ბიუჯეტიდან საქართველოს ბაზარზე ხორბლის ტრანსპორტირების სუბსიდირებას მოახდენს და 50%-მდე დაწევს ტარიფებს, რაც მოგვცემს საშუალებას, ყაზახური ხორბალი შედარებით ხელმისაწვდომ ფასებად მივიღოთ“.
სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.