მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავთანდილ წერეთლის ადვოკატი: ვფიქრობ, ბრალი დაუსაბუთებელი იქნება

5d5e5cb006ebb
დავით ჯალაღონია
22.08.19 13:11
716
"TV პირველის" დამფუძნებლის მამის, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელისთვის ბრალის წარდგენის შესახებ დადგენილებას დღეს მისი ადვოკატი კახა წერეთელი ჩაიბარებს. ამის შესახებ ადვოკატმა "TV პირველს" განუცხადა.

როგორც კახა წერეთელი აცხადებს, მისთვის გაუგებარია, რატომ იჩქარა პროკურატურამ ბრალის წარდგენა მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის, რადგან ბიზნესმენი დღეს საქართველოში არ იმყოფება.

"მოლოდინები რაც არის, გვჯერა, რომ საქმეში არ იქნება სათანადო მტკიცებულებები ბრალის წასაყენებლად და ვფიქრობ, რომ ბრალი დაუსაბუთებელი იქნება. ეს წინასწარი მოლოდინია, საბოლოოდ უფრო კვალიფიციური კომენტარი საქმის მასალების გაცნობის შემდეგ მექნება.

ბრალის გამოტანის დადგენილება პროკურატურის ექსკლუზიური უფლებაა, თუმცა ჩვენთვის გასაკვირია. სახელმწიფოსთვის მარტივი გადასამოწმებელია, რომ ბატონი ავთო საქართველოში არ იმყოფება და რით იყო გამოწვეული ეს და შეუძლებელი მისი დალოდება, ჩემთვის აუხსნელი და გასაკვირია. ბრალის დადგენილებას დღეს, 18:00 საათზე მე ჩავიბარებ", – განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ "თიბისი ბანკის" საქმეზე პროკურატურამ კომპანიების "სამგორი თრეიდისა" და "სამგორი M"-ის მეწილე ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს ბრალი წარუდგინა.

პროკურატურა წერეთელს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებთან მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას ედავება.

როგორც BM.GE–ს პროკურატურაში განუცხადეს, წერეთელი უწყებაში დღეს, 18:00 საათზეა დაბარებული. ამასთან, საგამოძიებო უწყებაში ბრალის დაზუსტების მიზნით, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს, 19:00 საათზე დაიბარეს.

"მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება ჯგუფის სხვა წევრის მიმართ.

კერძოდ, გამოტანილია დადგენილება ავთანდილ წერეთლის ბრალდების შესახებ, მის მიერ, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით).

ავთანდილ წერეთელი დღეს დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით, რის შემდეგაც საქართველოს გენერალური პროკურატურა სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე", – განაცხადა პროკურორმა.