10.სექტემბერი .2019 21:23

აშშ-ში ქართული საბრენდე სპირტის პირველი საექსპორტო პარტია წლის ბოლომდე გაიგზავნება

views 623
უკან

დღეს "ბოლერო" ბიზნესჯგუფს, ფრანგულ კომპანია "დესანტიე ეთ ფილს" და ამერიკული კომპანიების ჯგუფს შორის ხელი მოეწერა ორ ხელშეკრულებას, რომლითაც თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის ფარგლებში, აშშ-სა და საფრანგეთის ბაზრებზე ქართული ალკოჰოლური სასმელებისა და საბრენდე სპირტის მწარმოებლები ექსპორტის განხორციელებას შეძლებენ.

ღონისძიება კახეთში, კომპანია "ბოლეროს" ქარხანა "გრუზვინპრომში" გაიმართა, რომელსაც კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საპატიო სტუმრების რანგში ასევე სტუმრობდნენ ღონისძიებას ტეხასის შტატის კონგრესმენები და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლები.

კომპანია "ბოლეროს" გენერალური დირექტორი ირაკლი ბექაური bm.ge-ისთან აცხადებს, რომ აშშ-ში ქართული საბრენდე სპირტის პირველი საექსპორტო პარტია წლის ბოლომდე გაიგზავნება.

"ეს არის დიდი წარმატება მთლიანად ქართული მეღვინეობისთვის, ვინაიდან ისეთი ცნობილი კომპანია, როგორიც არის "დესანტიე ეთ ფილსი" საბრენდე სპირტებით ამარაგებს ძალიან ბევრ ქვეყანას.როდესაც ასეთი ცნობილი კომპანია 25-წლიანი ვადით აფორმებს ხელშეკრულებას ქართულ კომპანიასთან, ძალიან დიდ პერსპექტივას ხსნის სტაბილურობის, დასაქმების კუთხით, ვენახების ფართობების ზრდის კუთხით, ასევე ბაზრის დივერსიფიკაციისა და რისკების შემცირების კუთხით.

რაც შეეხება ამერიკულ მხარესთან გაფორმებულ ხელშეკრულებას, აქ ჩამოსული არიან ჩვენი პოტენციური პარტნიორები. საქართველოს და ბოლეროს მხრიდან არის პირველი მცდელობა, რომ მოხდეს აშშ-ში ქართული საბრენდე სპირტის ექსპორტი. სპირტთან ერთად გვსურს, რომ მოვახდინოთ ბოთლში ჩამოსხმული ღვინის ექსპორტი", - აცხადებს ირაკლი ბექაური.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა