13.აგვისტო .2019 14:40

აშშ საიმიგრაციო კანონებს ამკაცრებს - Greencard-ზე წვდომა რთულდება

views 1300
უკან

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მთავრობა მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ რეგულაციებს ამკაცრებს.

მომავალში, ხელისუფლებამ შეიძლება განმცხადებლებს "მწვანე ბარათის" გაცემაზე უარი უთხრას იმ მიზეზით, რომ ისინი მთავრობის დახმარების რომელიმე პროგრამით სარგებლობენ.

განცხადება აღნიშნულის შესახებ საიმიგრაციო ოფისის (USCIS) დირექტორმა გააკეთა. კენ კუჩინელის თქმით, ახალი რეგულაციები ძალაში ოქტომბრის შუა რიცხვებიდან შევა.


საიმიგრაციო კანონები შეიცავს ისეთ დებულებებს, რომლებიც ხელისუფლებას საშუალებას  აძლევს, უარი თქვან ემიგრანტი რეზიდენტისთვის მუდმივ ბინადრობის გაცემაზე, რაც აქამდე ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. მაგალითისთვის, ახლა ახალ რეგულაციებში ჩაწერილია  მრავალი დახმარების პროგრამა, რომლით სარგებლობაც შესაძლოა Greencard-ზე უარის საბაბი გახდეს. მათ შორისაა: საკვებით დახმარების, საბინაო სუბსიდიებისა და ჯანმრთელობის დაზღვევის დაფინანსების პროგრამებით სარგებლობა, რომლებიც მთავრობის მიერ ფინანსდება. 

ამასთან, ახალი განკარგულებით, "მწვანე ბარათის" კანდიდატებმა უნდა დაადასტურონ, რომ ისინი არ იქნებიან ტვირთი შტატებისთვის და ფინანსურად საკუთარი თავის უზრუნველყოფას შეძლებენ.


შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საიმიგრაციო სისტემის რეფორმირებას უკვე დიდი ხანია ითხოვს.

ცნობისათვის, ყოველწლიურად Greencard-ის გათამაშებაში მონაწილეობას დაახლოებით, 540.000 ადამიანი იღებს.