14.ივნისი .2019 17:20

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი 42 მილიონი სტუდენტისთვის სესხების განულების ინიციატივით გამოდის

views 2471
უკან

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი კანდიდატი, მასაჩუსეტსის შტატის სენატორი ელიზაბეთ უორენი ახალი ინიციატივით გამოდის. უორენის ოფისმა უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ დემოკრატიული პარტიის სენატორი კონგრესს სტუდენტური სესხების ჩამოწერას შესთავაზებს. სესხის მოცულობის ზრდა ქვეყანას რამდენიმე წელია აწუხებს და Forbes-ის მონაცემებით, მან უკვე გადააჭარბა 1.5 ტრილიონ დოლარს.

ელიზაბეთ უორენი საკანონმდებლო ორგანოს 42 მილიონი ამერიკელისთვის 50 000 დოლარამდე არსებული სესხის განულებას აპირებს, რაც ჯამში ქვეყანას დაახლოებით, $640 მილიარდი დოლარი დაუჯდება.

საინტერესოა, რითი აპირებს ელიზაბეთ უორენი ბიუჯეტისთვის ამ დანაკლისის ანაზღაურებას, რადგან ახალი საგადასახადო რეფორმის შემდეგ ბიუჯეტის დეფიციტი უკვე 739 მილიარდს გადასცდა.

როგორც ქალი საპრეზიდენტო კანდიდატი ამბობს, მისი დაფარვა ახალი საგადასახადო რეფორმით მოხდება, რომელიც „ულტრა-მილიონერების გადასახადითაა ცნობილი“.

უორენის საპრეზიდენტო პროგრამაში ვკითხულობთ, რომ იმ ადამიანებს, ვისი აქტივებიც 50 მილიონ დოლარს აღემატება, დამატებით 2%-ის გადასახადის გადახდა მოუწევთ, იმ შემთხვევაში კი თუ თქვენი ქონება $1 მილიარდს გადააჭარბებს გადასახადები 3%-ით მოგემატებათ. როგორც Fox Business წერს, ჯერჯერობით უცნობია, მოაქცევს თუ არა ერთი ქოლგის ქვეშ სენატორი ახალ საგადასახადო რეფორმასა და სტუდენტებისთვის სესხის განულების პროგრამას.

ექსპერტების გამოთვლებით, არსებული საგადასახადო მოდელი ბიუჯეტის შემოსავალს 10 წლის განმავლობაში 2 ტრილიონ 750 მილიარდი დოლარით გაზრდის და ჯამში მოსახლეობის 0.1%-ს, ანუ 75 ათას ოჯახს შეეხება.

რთულია იმის განსაზღვრა, იხილავს თუ არა სენატორის ინიციატივა მზის შუქს, თუმცა თავად ინიციატივას საინტერესო მოვლენად აფასებენ. რაც შეეხება მის რეიტინგს, დემოკრატიულ პარტიაში ის ბაიდენისა და სანდერსის შემდეგ მე-3 პოზიციაზეა 11%-იანი მხარდაჭერით.

იმ შემთხვევაში, თუ კონგრესი ინიციატივას დააკმაყოფილებს 42 მილიონ სტუდენტს, რომელთა შემოსავალი წელიწადში 100 000 დოლარს არ აღემატება, სესხის გადახდა აღარ მოუწევს.