20.აგვისტო .2019 21:51

„ანგარიშების დაყადაღება არის ზეწოლა ხაზარაძე-ჯაფარიძეზე, რომ პოლიტიკაში არ გამოჩნდნენ“

views 381
უკან

„ეს არის მხოლოდ შურისძიება და მათზე ზეწოლა იმისთვის, რომ არ გამოჩდნენ პოლიტიკაში“, - ასე აფასებს BM.GE-ისთან ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, სასამართლოს მიერ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშების დაყადაღებას.

„ეს არის მხოლოდ შურისძიება და ზეწოლა მამუკასა და ბადრიზე, მათი დეკლარირებული პოლიტიკური ამბიციების გამო. პროკურატურის მხრიდან საბანკო ანგარიშების დაყადაღება მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს, რომ მათ პოლიტიკური აქტიურობა დაივიწყონ. სხვა მიზეზს ვერ ვხედავ. მე მგონი, ყველა ვთანხმდებით, რომ მამუკასაც და ბადრისაც თავისუფლად შეეეძლოთ პროკურატურის მიერ გამოტანილი გიაროს გადახდა, შესაბამისად, მათი ანგარიშების დაყადაღება მხოლოდ მათ დაშინებაზე მეტყველებს“, - განაცხადა ბედინეიშვილმა.

რაც შეეხება ანაკლიის პორტის მომავალს, მისი თქმით, დიდი ხანია ამ პროექტის მიმართ ოპტიმისტურად არაა გაწყობილი, რადგან ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტს პრობლემები შეუქმნას.

„ამ ფონზე კი, როცა მთავრობა ამხელა პროექტს გვერდით არ უდგას, ძალიან რთულია ლეგიტიმური ინვესტორის შემოსვლა და შესაბამისად, იქ თანხის ინვესტირება“, - აღნიშნა BMG-ისთან გიგა ბედინეიშვილმა.

ცნობისთვის: საქართველოს გენერალური პროკურატურამ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის საბანკო ანგარიშების დაყადაღების მიზეზი განმარტა.

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში 2018 წლის 2 აგვისტოს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის, საერთაშორისო კონვენციების და რეკომენდაციების შესაბამისად, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშებზე დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხის, 16 664 000 ამერიკული დოლარის ეკვივალენტის ქონების დაყადაღების შუამდგომლობით.

ამჟამად მიმდინარეობს განჩინების აღსრულებისათვის კანონმდებლობით დადგენილი საპროცესო მოქმედებები.

გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ყადაღა წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო დროებით იძულებით ღონისძიებას და გამოიყენება განაჩენის აღსრულებამდე.
მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 2019 წლის 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით)“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა