22.მაისი .2019 16:30

აღრიცხვის ახალი სისტემა ბუნებრივი გაზის სექტორში - რა იცვლება კომპანიებისთვის?

views 609
უკან

სემეკ-ის USAID-ის ენერგეტიკის პროგრამამ ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემა გადასცა.

ამ ანგარიშთა გეგმის, მათი გამოყენებისა და აღრიცხვის წარმოების ინსტრუქციების დახმარებით, მარეგულირებელი კომისია რეგულირებული სექტორისთვის შემოსავლებსა და ხარჯებს უნიფიცირებულად აღრიცხავს.

როგორც კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა განმარტავს, აღნიშნული საბუღალტრო სისტემა სატარიფო რეგულირების პროცესს გაამარტივებს და უფრო გამჭვირვალეს გახდის.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ახალი ანგარიშების სისტემის შექმნას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. რატომ არის მნიშვნელოვანი? პირველი - ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაცია ყველასთვის, მეორე - მოქალაქეებს ექნებათ გამჭვირვალე ინფორმაცია და მესამე - ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ევროპული სტანდარტებისკენ", - განაცხადა USAID-ის მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა.

თავის მხრივ, აღნიშნული დოკუმენტების მიზანზე სემეკ-ის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ ისაუბრა.

"ამ დოკუმენტის მიზანია, რომ რეგულირებას დაქვემდებარებულმა საწარმოებმა კომპანიის შემოსავლები და ხარჯები უნიფიცირებულად აღრიცხონ და ეს ხარჯები მხოლოდ რეგულირებად საქმიანობას მიაკუთვნონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გაამარტივებს სატარიფო რეგულირების პროცესს, დანახარჯებთან და შემოსავლებთან დაკავშირებით სარწმუნო, დადასტურებული ინფორმაცია გვექნება, რომ იგი ნამდვილად დაკავშირებულია რეგულირებად საქმიანობასთან და უნიფიცირებული მიდგომა საშუალებას მოგვცემს, ერთმანეთს შევადაროთ კომპანიები და საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ხეირობს მომხმარებელი იმდენად, რამდენადაც სატარიფო რეგულირება კიდევ უფრო გამჭვირვალეა და ვიღებთ ტარიფს, რომელთან დაკავშირებითაც კითხვები აღარ დარჩება", - განმარტა ირინა მილორავამ.

მისივე ინფორმაციით, უნიფიცირებული წესით ბუღალტერიის წარმოების ვალდებულება გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიანტსა და განაწილების იმ კომპანიებს ექნებათ, ვისაც 50 ათასზე მეტი მომხმარებელი ჰყავთ. ასეთი კომპანიებია: "ყაზტრანსგაზ-თბილისი", "სოკარ-ჯორჯია გაზი" და "საქორგგაზი".