20.აგვისტო .2019 17:40

„ადგილობრივი ჯიშების გაუმჯობესების გარეშე, მსხვილფეხა პირუტყვის სულადობა კიდევ უფრო შემცირდება“

views 277
უკან

„მსხვილფეხა პირუტყვის რაოდენობის შემცირება პირდაპირ ფერმერებისთვის კარგიც კი არის, რადგან ამ დროს დეფიციტი იქმნება ბაზარზე და შესაბამისად, ხორცის ფასიც აიწევს; მე, როგორც ფერმერს, ეს მიხარია, რადგან ფასმა მოოიმატა და შედარებით ძვირად ვყიდი, მაგრამ მასშტაბებს თუ შევხედავთ, ცხადია, არ არის კარგი მხვილფეხა პირუტყვის რადენობის შემცირება“, - ამის შესახებ bm.ge-ისთან ფერმერმა ბექა გონაშვილმა საქსტატის მიერ გუშინ გამოქვეყნებული იმ სტატისტიკის კომენტირებისას განუცხადა, რომლის მიხედვით, 2019 წლის II კვარტალის ბოლოსთვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4%-ით შემცირდა და 965.3 ათასი სული შეადგინა.

„მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი რომ შემცირდებოდა, ამაზე საუბარი ადრეც იყო, მაგრამ ამ მიმართულებით არანაირი ძირითადი ნაბიჯი არ არის გადადგმული. ამის გამოსწორების რამდენიმე გზა არსებობს - ეს არის სწორი განათლება და მეხორცეობა/მესაქონლეობის წახალისება სწორი ხედვით. ეს თუ არ მოხდება, შედეგს ვერ მივიღებთ, რადგან საქართველოში საკმაოდ დიდი რაოდენობით ხბოს ხორცს მოიხმარენ და ეს პირუტყვის სულადობის შემცირების ერთ-ერთი მიზეზია.

მოკლედ, ამ სიტუაციიდან გამოსავალი სფეროს სწორად მართვაა. აუცილებელია, რომ საქართველოში ჯიშები გავაუმჯობესოთ, ადგილობრივი საქონელი უნდა განაყოფიერდეს იმისთვის, რომ სწრაფი შედეგი მივიღოთ და ადამიანები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მხოლოდ ყველის და რძის მიღებით, უნდა გადაერთონ მეხორცეულობაზე“, - განაცხადა ბექა გონაშვილმა.

შეგახსენებთ: საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის II კვარტალის ბოლოსთვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4%-ით შემცირდა და 965.3 ათასი სული შეადგინა.

როგორც საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული, აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 453.1 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 5.8%-ით ჩამორჩება.

შემცირებულია ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 2.9%-ით ერთ მილიონამდე.

ღორების რაოდენობამ კი, 194.7 ათასი სული შეადგინა, რაც 13.4%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე, ხოლო ფრინველის რაოდენობა 4.6%-ით შემცირდა და 10.4 მლნ. ფრთა შეადგინა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა