25.აპრილი.2019 18:40
ეკონომიკა

ADB - ანაკლია საქართველოს გლობალურ ლოგისტიკის და ბიზნესის ჰაბად ჩამოყალიბებაში დაეხმარება

ADB - ანაკლია საქართველოს გლობალურ ლოგისტიკის და ბიზნესის ჰაბად ჩამოყალიბებაში დაეხმარება
საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს მოლაპარაკებათა მაგიდაზე სავარაუდოდ მაისში შეხვდება.
ამ შეხვედრაზე უნდა გადაწყდეს, დათანხმდება თუ არა სახელმწიფო იმ რვაპუნქტიან მოთხოვნებს, რაც ინვესტორებმა მთავრობას პროექტის დაფინანსების სანაცვლოდ წარუდგინეს.

მათგან ერთ-ერთია აზიის განვითარების ბანკი (ADB), რომელიც პროექტში $100 მილიონ დოლარს დებს.

BMG-ის კითხვაზე, უშუალოდ როდის შეიძლება ეს შეხვედრა შედგეს, ADB-ში განაცხადეს, რომ ისინი ვერ გასცემენ იმ კითხვებს პასუხს, რაც უშუალოდ მათი საქმიანობის სფეროს სცდება, თუმცა ბანკში ამბობენ, რომ ADB მიიჩნევს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს აშენების შემდეგ, საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის ტრანსფორმაცია შეუძლია.

"2018 წლის სექტემბერში აზიის განვითარების ბანკმა ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლითაც ADB დაინტერესებას გამოთქვამს, ჩაერთოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის პროექტში. ჩვენ გვჯერა, რომ პორტი რეგიონალურ კავშირებსა და ვაჭრობას გარდაქმნის და საქართველოს საერთაშორისო ლოგისტიკისა და ბიზნესის ჰაბად ჩამოყალიბებაში დაეხმარება", - ამბობენ ADB-ში.

შეხვედრის ზუსტ თარიღს ვერც ინფრასტრუქტურის სამინისტრო ასახელებს. "ამ მოცემულობით შეხვედრა გაიმართება მაისში, დეტალებს ვერ გეტყვით, რატომ არ გაიმართება აპრილში, რადგან როგორც ვიცით, მოლაპარაკებების მუდმივი პროცესია სამინისტროს, დონორებსა და კონსორციუმს შორის. ამ ეტაპზე ჩანს, რომ შეხვედრა გაიმართება მაისში", - განუცხადეს BMG-ის სამინისტროში. 

ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა 12 აპრილს განაცხადა, რომ მთავრობა ინვესტორებთან მოლაპარაკებებში კომპრომისებისთვისაც არის მზად. 

"შეხვედრა უნდა გაიმართოს, რათა მოლაპარაკება და ინვესტორების მოთხოვნის დეტალებში გარკვევა შევძლოთ და პოზიციები შევაჯეროთ. ასე, რომ ჩვენ ამ შეხვედრის სრული მზაობა გვაქვს და იმედი გვაქვს, რომ აპრილში გაიმართება. ასეთი მოლაპარაკების შემდეგ იქნება შესაძლებელი იმის გარკვევა, თუ რომელი პოზიციის დათანხმება იქნება ჩვენთვის მისაღები. შეხვედრა სწორედ იმას ემსახურება, რომ პოზიციები შეჯერდეს და კომპრომისები გამოიძებნოს, რისი სურვილიც ჩვენ გვაქვს", - განაცხადა მინისტრმა. 

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო დონორებთან დაგეგმილი მოლაპარაკებებისთვის $195,000-ად იურიდიული კომპანია White &Case-ი დაიქირავა. კომპანიას საინვესტიციო ხელშეკრულების განახლებული ვერსიის მომზადებასთან ერთად კიდევ ერთი დავალება განესაზღვრა. სახელმწიფომ White &Case-ს ჩაუდო ე.წ. "ოფციური მუხლი" რომლითაც კომპანიამ უნდა მოამზადოს იურიდიული დასკვნა იმის თაობაზე, თუ რა შედეგი შეიძლება მოყვეს საქართველოს მთავრობის მხრიდან "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" დადებული საინვესტიციო ხელშეკრულების ცალმხრივ გაწყვეტას. 

ინფრასტრუქტურის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ კონტრაქტის გაწყვეტის შედეგების იურიდიული შეფასება მათ არ მიუღიათ. 

სახელმწიფოსა და დონორებს შორის ხელახალი მოლაპარაკებების აუცილებლობა დღის წესრიგში დადგა მას შემდეგ, რაც დონორებმა პორტის პროექტისთვის სახსრების გამოყოფის შესახებ სახელმწიფოს 8-პუნქტიანი მოთხოვნათა პაკეტი წარუდგინეს. როგორც ცნობილია, მთავრობისთვის მერვე პუნქტი გახდა პრობლემური, რაც ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში სახელმწიფოს სესხის დაფარვას ავალდებულებს. 

თუმცა, სესხის მომსახურებასთან ერთად, ეს მუხლი ითვალისწინებს იმასაც, რომ ამ დროს სახელმწიფოს აქვს უფლება სრულად დაეუფლოს პორტის მთლიან აქტივებს, რომლის აქტივების ღირებულება მეორეს მხრივ, მრავალ ასეულ მილიონ დოლარს შეადგენს. 

კრედიტორი საფინანსო ინსტიტუტების 8–პუნქტიანი მოთხოვნა საქართველოს მთავრობას:

1. პორტის განვითარების ფაზებისთვის არ იყოს ვადები დაწესებული სანამ არ დაიფარება პორტის პირველი ფაზის განვითარებისთვის ბანკების მიერ გამოყოფილი სესხები, მანამდე მომდევნო ფაზების განვითარება მოხდეს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, რომელიც დასაბუთებული იქნება შესაბამისი კვლევებით. ინვესტორისთვის არ უნდა იყოს სავალდებულო ააშენოს მერეო ფაზა თუ არ იქნება ტვირთნაკადი. 

2. სახელმწიფომ დააზღვიოს ტვირთბრუნვის რისკი. სახლემწიფომ დააზღვიოს ის სხვაობა, რაც დააკლდება კონსორციუმს, რომ ბანკებს გადაუხადოს სესხი გრაფიკის მიხედვით. მთავრობამ ეს თანხა უნდა ასესხოს კონსორციუმს, ხოლო კონსორციუმმა უნდა გადაუხადოს ბანკებს. ბანკების მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ, კონსორციუმმა უნდა გაისტუმროს ეს სესხი, შემდეგ სუბორდინირებული სესხი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ კონსორციუმის ინვესტორები მოგებას პორტიდან. 

3. გასცეს კომპენსაცია რკინიგზის და გზის მშენებლობის გაჭიანურების შემთხვევაში.  თუ დაგვიანდა გზისა და რკინიგზის მშენებლობა, პორტი ვერ დაიწყებს ოპერირებას, რაც ინვესტორისთვის კონკრეტულ ზარალს გამოიწვევს, შესაბამისად საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებული შეფერხების და გაჭიანურების შემთხვევაში პორტისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება. 

4. კონსორციუმის მიერ სესხის აღების პროცედურა უნდა გახდეს მოქნილი. ამ მუხლის მიხედვით, ბანკების მიერ ამ სესხის გასხვისების შესაძლებლობა შეიძლება გაჩნდეს, ეს ინვესტორის ჩანაცვლებას გულისხმობს. 

5. სახელმწიფოს "ოქროს აქციას" დაუწესდეს შეზღუდვები. სახელმწიფო პროექტში ფლობს ე.წ. "ოქროს აქციას", რომლითაც კომერციული გადაწყვეტილებების მიღებაზე მას მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. ამ მუხლის მიხედვით, "ოქროს აქციის" უფლებების შეზღუდვა უნდა მოხდეს. 

6. სახელმწიფომ უნდა გასცეს კომპენსაცია პოლიტიკური ფორსმაჟორის შემთხვევაში. 

7. საკანონმდებლო ცვლილებების შეთანხმება ან კომპენსირება. საინვესტიციო ხელშეკრულებით ვიწროა იმ საკანონმდებლო ცვლილებებისგან გამომდინარე კომპენსაცია, რომელიც მთავრობამ უნდა აუნაზღაუროს კონსორციუმს. ინვესტორი ბანკების შეფასებით, ეს სია უნდა გაფართვოდეს, რათა ინვესტიცია დაცული იყოს ნეგატიური საკანონმდებლო ცვლილებებისგან. 

8. BOT კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში $400 მილიონის სესხი სახელმწიფომ დაფაროს. კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში მთავრობას აქვს უფლება დაფაროს სესხი და დაეუფლოს პორტის აქტივებს სრულად. ამ შემთხვევაში კონსორციუმის ინვესტორები კარგავენ საკუთარ ინვესტიციებს.
ავტორი: შოთა ტყეშელაშვილი

19.ივლისი.2019 13:54
48

ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის შემუშავებაზე კონკურსი გამოცხადდა

ვრცლად
19.ივლისი.2019 12:32
66

მთავრობის ურთიერთობას რუსეთთან 52% ნეგატიურად, 33% კი დადებითად აფასებს

ვრცლად
19.ივლისი.2019 12:30
105

IRI - მოსახლეობის 66% ფიქრობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება

ვრცლად
19.ივლისი.2019 12:11
93

ბაკურიანში 3 ახალი სასრიალო ტრასა და საბაგიროები ამოქმედდება – დაიხარჯება 66.5 მლნ ლარი

ვრცლად
19.ივლისი.2019 12:02
132

IRI - ეროვნული ბანკის საქმიანობას მოსახლეობის 62% ნეგატიურად აფასებს

ვრცლად
19.ივლისი.2019 11:27
121

როგორ მოხდება საპენსიო დანაზოგების მართვისას რისკების კონტროლი

ვრცლად