მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აბორიგენები გიგანტური ხანძრის პირისპირ ამაზონში

5d61904ddfef8
მიხეილ ხაჩიძე
25.08.19 14:55
10047

მურა ამაზონის ჯუნგლებში მცხოვრები ერთ-ერთი უძველესი ტომია. აბორიგენები ახლა ტროპიკულ ტყეში გაჩენილ გიგანტურ ხანძრარს საკუთარი ძალებით ერკინებიან. მთლიანობაში ბრაზილიის ამაზონში 305 ინდიელთა ტომი ცხოვრობს. მათგან 100-ს გარე სამყაროსთან და ცივილიზაციასთან არანაირი კონტაქტი არ აქვს. მურას ტომის წარმომადგენლებს, კიდევ სხვა 36 ტომთან ერთად, ხანძრის შედეგად საფრთხე ყველაზე მეტად ემუქრება. ბრაზილიის კვლევითი ინსტიტუტის ცნობით, ცეცხლმა შესაძლოა, უძველესი ტომის წარმომადგენლების სოფელი მთლიანად გაანადგუროს.






მურა ტომის წევრები, რომლებიც მთლიანობაში 18,000 შეადგენენ, უკვე საკმაოდ დიდი ხანია ორ ფრონტად იბრძვიან, ერთის მხრივ ამაზონში ბოლო წლებში პერმანენტულად გაჩენილი ხანძრების წინააღმდეგ და მეორეს მხრივ, ისინი ტყის მცველები არიან, ხეების ჩეხვისა და განადგურების ფაქტებს მთელი ძალებით უდგებიან წინ, რადგან როგორც აცხადებენ, ეს მათი სახლია, სახლი კი ძარცვისგან უნდა დაიცვან.






ამაზონის ჯუნგლებში მცხოვრები, მურა ტომის წარმომადგენლები სხვა ტომებისგან განსხვავებით, გარე სამყაროსთან შედარებით კონტაქტურები არიან. ზოგადად ცივილიზაციასთან ურთიერთობა დიდად არც მათ ხიბლავთ, თუმცა საჭიროების შემთხვევაში საუბარზე ხელს არ გიკრავენ და აგრესიას არ გამოიჩენენ. მასშტაბური ხანძრის გამო, მათ ამაზონის ტყეში, თავიანთ სოფელში, საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო "როიტერსის" ჟურნალისტს შესვლის უფლება მისცეს და რეპორტიორს გადამწვარი ტერიტორიის ნაწილი აჩვენეს, უამბეს თავიანთი ტკივილის შესახებაც.

"ყოველ დღე ვხედავთ, როგორ ნადგურება ჩვენი ტყე, ხანძრითა თუ ხეების გაჩეხვით, კლიმატი რომ იცვლება ამასაც ვგრძნობთ. ტყე, რომელიც დედამიწას უპირობოდ ჭირდება, კვდება", - განაცხადა "როიტერსთან" ტომის ერთ-ერთმა ბელადმა ჰანდერშ ვაკანამ.


 
ტომის წარმომადგენლები ტყის განადგურებაში ბრაზილიის პრეზიდენტს ადანაშაულებენ. როგორც ისინი ამბობენ, ხანძრებს სპეციალურად აჩენენ, რათა ამაზონში სასოფლო-სამეურნეო, ან სამრეწველო საქმიანობის წარმართვა მოახერხონ. სურვილი ამაზონის ეკონომიკური კუთხით აქტიურ გამოყენებაზე კი ბრაზილიის პრეზიდენტმაც არ დამალა. პირველ იანვარს ქვეყნის სათავეში მოსულმა ჯეარ ბოლსანარომ განაცხადა, რომ ამაზონს დიდი პოტენციალი აქვს და მისით ბევრი ფულის გამომუშავება შეიძლება.






მურას ტომის წარმომადგენლები ბრაზილიური თხილის მოყვანით არიან დაკავებულნი. ეს ის თხილია, რომელსაც საქართველოში ე.წ. მიწის თხილით ვიცნობთ. მთავარი საკვებიც აბორიგენებისთვის სწორედ მიწის თხილია, მისგან ამზადებენ ბევრი სახის კერძს. ცეცხლი ახლა სწორედ მათს პლანტაციებს ემუქრება.

"სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებ, ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ჩვენი ტყე არ განადგურდეს", - განუცხადა reuters–ს ტომის ერთ-ერთმა მეთაურმა რაიმუნდო პრაია ბელემ.





ხანძარი ტროპიკულ ტყეში, არა მხოლოდ, იქ ბინადარი ინდიელთა ტომების პრობლემაა, არამედ მთელი პლანეტის. დედამიწის ფილტვები უკვე კვირეებია მასშტაბურ ცეცხლშია გახვეული და მისი ლოკალიზება ვერ ხერხდება. ექსპერტების განცხადებით, ხანძარი ამ ეტაპზე უკონტროლოა.







ყველაზე ტრაგიკული მდგომარეობა კი ბრაზილიის მატო გროსოს შტატშია, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ამაზონის ტყეში მისასვლელი ადგილები სრულიად გაუვალია, მეხანძრეებს კერებთან მისვლა ნავების საშუალებით უწევთ, ექსტრემალურად ცუდ პირობებში კი ცეცხლის ჩაქრობა ვერ ხერხდება.


 


ტროპიკული ტყის 60 პროცენტი ბრაზილიაში მდებარეობს. უზარმაზარი ტყის ტროპიკული მასივი მსოფლიო ჟანგბადის დაახლოებით ერთ მეხუთედს წარმოქმნის, წლიურად 2 მილიარდ ტონაზე მეტი CO2 სწორედ აქ იწარმოება. ამ ბუნებრივი გიგანტური აპარატის გარეშე, კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლა შეუძლებელია.