მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

4 თვე პრემიერის დავალებიდან - რატომ გაძვირდა პური, ხადურის უწყებამ ჯერ ვერ დაადგინა

5cbda5774cac9
თელარა გელანტია
22.04.19 15:27
1524
2018 წლის დეკემბრის დასაწყისში, მაშინ როცა პური 10-15 თეთრით გაძვირდა, პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებს მოკვლევის ჩატარება დაავალა.

მამუკა ბახტაძე ეჭვობდა, რომ ბაზარზე არასამართლიან კონკურენციას ჰქონდა ადგილი.

„არსებობს მოსაზრება, რომ შეიძლება, საქმე გვქონდეს არასამართლიან კონკურენციასთან. მინდა, შესაბამის ორგანოებს მივმართო, უმოკლეს ვადებში შეისწავლონ ეს სიტუაცია და მოამზადონ ანგარიში, რასთან გვაქვს საქმე. საქართველო არის საბაზრო ეკონომიკა, ჩვენ ვართ ღია ეკონომიკა, მაგრამ არასამართლიანი კონკურენციის შესაძლებლობას ჩვენ ვერავის ვერ მივცემთ. შესაბამისად, მივმართავთ შესაბამის ორგანოებს უმოკლეს ვადებში მოამზადონ შესაბამისი დასკნები“, - განაცხადა პრემიერმა 10 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე.

მამუკა ბახტაძის „დავალებას“ მალევე გამოეხმაურა კონკურენციის სააგენტო და საზოგადოებას აცნობეს, რომ მუშაობა დაიწყეს.

„დაწყებული გვაქვს ორი მიმართულებით ინფორმაციის გამოთხოვა, ესენია: პურის საცხობები და წისქვილკომბინატები. გარკვეული ინფორმაცია მიღებული გვაქვს, გარკვეული სახის ინფორმაციის მიღების პროცესში ვართ და ვამუშავებთ. საკმაოდ დიდი ინფორმაციაა მოწოდებული, ფრაგმენტულად მასზე საუბარი არ იქნება სწორი. ჩვენ მაქსიმალურად მოკლე ვადებში შევეცდებით, რომ საერთო სურათი დავდოთ“, - განაცხადა კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნოდარ ხადურმა იანვარში bm.ge-თან საუბრისას და დასძინა, რომ გამოთხოვილი ინფორმაცია მოიცავს კომპანიების წარმადობას, რა ფასად ყიდულობენ ფქვილს ან ხორბალს, რა ფასად ყიდიან მზა პურს და ფქვილს და ა.შ.

იმ ფონზე, როცა პრემიერმა ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას თანამდებობიდან გაშვების ოფიციალურ მიზეზად გადაწყვეტილებების მიღების ტემპთან დაკავშირებული პრობლემები დაასახელა, Bm.ge-მ გადაწყვიტა, პერიოდულად საზოგადოებას შეახსენოს „ოცნების“ მთავრობის ანგარიშზე არსებული დაპირებები თუ დავალებები და მისი შესრულების ტემპები.

კონკურენციის სააგენტოში bm.ge-ის განუცხადეს, რომ ჯერჯერობით, არ აქვთ პასუხი, რამ გააძვირა პური.

„მონიტორინგი მიმდინარეობს... მიდის საკითხის ძირეული შესწავლა. გამოვკითხეთ როგორც ბაზრის მიმწოდებლები, ასევე - მომხმარებლები, ძალიან ფართოა სპექტრი, გუნდი 24-საათიან რეჟიში მუშაობს, რომ დაიდოს სწორი პასუხი; როგორც კი გვეცოდინება შედეგი, გაგაგებინებთ“, - განაცხადეს კონკურენციის სააგენტოში.