მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"$37,000 უკან გადავრიცხე - ინდოეთში", - ბიზნესის პრობლემები ინდოეთიდან ტურისტების მოზიდვისას

5d323ee7e22ff
თელარა გელანტია
20.07.19 11:05
2080
ტურისტული კომპანია „იბერია ტურს პლიუსის“ დამფუძნებლის მაია მურაჩაშვილის განცხადებით, ე.წ. რუსული ავიასანქციების პირობებში ინდოეთის და ჩინეთის ბაზრებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების 0.5% მაინც რომ მოვიზიდოთ, „პუტინის სანქციების“ შედეგად შექმნილ „უფსკრულს მალევე ამოვავსებთ“.

ამის შესახებ მურაჩაშვილმა bm.ge-ისთან საუბარში განაცხადა, მაგრამ იქვე დასძინა, რომ ტურისტული კომპანიების მიერ ინდოეთიდან ტურისტების თავისუფლად მოსაზიდად, აუცილებელია, სავიზო პოლიტიკასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება, რომელიც ხელისუფლების პრეროგატივაა.

საქმე იმაშია, რომ რადგან საქართველოს ინდოეთთან სავიზო რეჟიმი აქვს, ინდოეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსასვლელად ვიზის აღება სჭირდებათ; ტურისტული კომპანიების ნაწილი, მათ შორის „იბერია ტურს პლიუსის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ ინდოეთის მოქალაქეები, რომელთაც საქართველოში ტურისტული მიზნით ჩამოსვლა სურთ, ელექტრონულ ვიზას იღებენ, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო გასცემს, თუმცა ხშირია შემთხვევები, როცა უკვე საქართველოში ჩამოსულებს შსს ქვეყნის ტერიტორიაზე არ უშვებს.

მაია მურაჩაშვილი ამბობს, რომ ინდოეთის ბაზარზე 2015 წლიდან მუშაობს და მსგავსი მაგალითები პრაქტიკაში არაერთხელ ჰქონია, ამიტომ თუ არსებული პრობლემები გადაიჭრება, მისი აზრით, ე.წ. პუტინის ავიასანქციების პირობებში ინდოეთიდან ტურისტების ნაკადი დიდი შვება იქნება როგორც - ინდუსტრიისთვის, ისე მთლიანად ქვეყნისთვის.

მისივე შეფასებით, ინდოეთი საინტერესო ბაზარია არა მხოლოდ ტურისტების მოსაზიდად, არამედ კინოტურიზმის მიმართულებითაც.

„იბერია ტურს პლიუსის“ დამფუძნებელი იხსენებს, რომ ის აქტიურად მუშაობდა ბოლივუდის წამყვან საპროდიუსერო კომპანიებთან და იყო შანსი, რომ ზამთარში, სვანეთში გადაეღოთ ფილმი, რომლის სრული ბიუჯეტი 10 მლნ დოლარი იყო, რაც მთლიანად საქართველოში დაიხარჯებოდა, მაგრამ სავიზო პრობლემების გამო, ეს თანამშრომლობა ვერ შედგა.

„კინოტურიზმი უფრო შემოსავლიანია, ვიდრე ჩვეულებრივი ტურისტული ვიზიტები, მაგრამ ეს პროექტი არ განხორციელდა, ისევე როგორც არ განხორციელდა ინდოეთიდან თომას კუკის ტურისტული კონგლომერატის ტურისტული ჯგუფის შემოსვლა საქართველოში; ვინც ტურიზმში ვმოღვაწეობთ, ყველამ ვიცით, რომ თომას კუკი 150 ქვეყანაში მუშაობს, აქვს საკუთარი ბანკები, თვითმფრინავები, სასტუმროები და ა.შ. და მისი შემოყვანა ქვეყნისთვის არის იმიჯის საკითხი; მე ამ კომპანიასთან საქმიანი პარტნიორობის დასამყარებლად დავხარჯე ორი წელი, უზარმაზარი ადამიანური და ფინანსური რესურსი... 2017 წლის ოქტომბერში გავაფორმეთ ხელშეკრულება და 6 თვის მანძილზე ყოველკვირა თითო-თითო ჯგუფი უნდა მიმეღო თომას კუკიდან და ამას შემდეგ მოჰყვებოდა უკვე სხვა ქვეყნის თომას კუკები, რადგან ერთხელ თუ შემოვიდოდა, ეს ნიშნავს ქვეყანაში ტურისტების ნაკადის რამდენიმე პროცენტიან მატებას, მაგრამ ეს ჯგუფი ვერ მივიღე. მოკლედ, პირველ ეტაპზე 17 ტურისტი უნდა მიგვეღო ინდოეთიდან, მაგრამ მხოლოდ 3 შემოუშვეს და 14 უკან გააბრუნეს; 14-ში იყო იმ 3 ტურისტის ცოლ-შვილი; შესაბამისად, ამას მოჰყვა დიდი სკანდალი. თომას კუკის წარმომადგენლები პირდაპირ მწერდნენ, რომ მათ ასეთი დამცირება არცერთ ქვეყანაში ჯერ არ მიუღიათ. რომ უბრალოდ არავინ არ აუხსნა არაფერი... მე ძალიან დიდი ხანი ვწვალობდი, ვეძებდი პასუხებს ყველა ინსტანციაში, რის გამო გააბრუნეს ჯგუფის წევრები უკან, როდესაც მათ 100%-ით წინასწარ ჰქონდათ გადახდილი თანხები მაღალბიუჯეტიან სასტუმროებში, ყველა საბუთი ჰქონდათ მოწესრიგებული... მაშინ თომას კუკის ჯგუფის ჩათვლით, სამი ჯგუფი გააბრუნეს და 1 კვირაში 37,000 დოლარი გადავრციხე უკან ინდოეთში, როცა ეს იყო საქართველოში დასახარჯი თანხა“, - განაცხადა BM.GE-ისთან მაია მურაჩაშვილმა და დასძინა, რომ მსგავსი ფაქტები საქართველოს ტურისტულ მიმზიდველობაზე ნეგატიურად აისახება.

„მხარჯველუნარიანი ტურისტები უნდა მივიღოთ; ამისთვის ონლაინ სავიზო სისტემაში სწორი რეგულაციებია გასაკეთებელი, სწორი ფილტრაციებია გასაკეთებელი. უბრალოდ ვერ ამიხსნეს შესაბამის უწყებებში - როცა ჩემი ტურისტების უმრავლესობას ჰქონდა ვალიდური შენგენის ვიზა, ერთი იყო ამერიკის ორმაგი მოქალაქეც, საქართველომ რატომ არ შემოუშვა? ან როცა გაიცა მათზე ონლაინ ვიზა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, საქართველოს საზღვარზე მესაზღვრე რატომ ეუბნება, რომ ეს არაა ვალიდური?! თომას კუკი მთხოვდა პასუხს - როგორ შეიძლება შენი სახელმწიფოს ერთი ოფიციალური უწება გასცემდეს ვიზას და მეორე ოფიციალური წყარო ამბობდეს, რომ არაა ვალიდური?!“, - აღნიშა მურაჩაშვილმა.

„იბერია ტურს პლიუსის“ დამფუძნებელი დარწმუნებულია, რომ თუ ვიზებთან დაკავშირებული საკითხი მოწესრიგდება, ტურიზმის ინდუსტრია ყველაფერს გააკეთებს ინდოეთის ბაზრიდან რაც შეიძლება მეტი ტურისტის მოსაზიდად.

„ჩინეთის ბაზრისგან განსხვავებით, ინდოეთში იციან ინგლისური და ენობრივი ბარიერიც ნაკლებია; ფაქტობრივად, ინდოეთის ბაზარი ხელის გულზე დევს... ინდოეთი გამზადებული ბაზარია, ცოტა წამუშავებაა საჭირო და მალევე მივიღებთ ეკონომიკურ ეფექტს“, - აღნიშნა მან.