მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

30 ლარი უზრუნველი სიბერისთვის

5d2d816ebc2ca
შოთა ტყეშელაშვილი
16.07.19 12:30
1266
შეძლებთ თუ არა თვეში 30 ლარად ანუ 9 ევროდ საკუთარი უზრუნველი სიბერე დააფინანსოთ? დამეთანხმებით, რომ ამის მიღწევა რთული იქნება. თუმცა, საქართველოს მთავრობა ასიათასობით მოქალაქის საპირისპიროში დარწმუნებას ცდილობს.

დღეს თითოეული დასაქმებულის ხელფასიდან, ვინც ანაზღაურებას ოფიციალური კონტრაქტის საფუძველზე იღებს, 6% სახელმწიფო საპენსიო სააგენტოში მიიმართება. სისტემიდან გასვლის უფლება მხოლოდ ერთ ნაწილს - 40 წელზე უფროს პირებს აქვთ, დანარჩენებისთვის კი, უზრუნველი სიბერის დაფინანსება გადასახადს წარმოადგენს.

ვინ ზოგავს, რამდენს ზოგავს?


საპენსიო სისტემაში მხოლოდ ხელფასის მქონე მოქალაქეები მონაწილეობენ. შემოსავლების სამსახურის სტატისტიკის მიხედვით კი, ასეთი დღეს საქართველოში მხოლოდ 1,134,810 ადამიანია. მათ ნახევარს წლის განმავლობაში 6000 ლარზე ნაკლები რეგისტრირებული შემოსავალი ანუ თვიურად საშუალოდ 500 ლარზე ნაკლები შემოსავალი აქვთ. ამ პირებიდან 300,000 მოქალაქისთვის საშუალო წლიური შემოსავალი 2400 ლარზე ანუ თვეში საშუალოდ 200 ლარზე ნაკლებია.

ეს ნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფო საპენსიო გადასახადს იმ ადამიანებსაც კი ახდევინებს, რომელთა შემოსავალიც საარსებო მინიმუმთან საგანგაშოდ ახლოს, ან სულაც ამ მინიმუმს მიღმაა.

547,256 ადამიანი, ვისი საშუალო ყოველთვიური შემოსავალიც 500 ლარზე ნაკლებია, თვეში 6%-იანი კონტრიბუციის სახით 30 ლარს დაზოგავს.

სოციალურად ყველაზე გაჭირვებული მოქალაქეებისთვის ნაღდი ფული აუცილებელია დღეს და არა 30 წლის შემდეგ. კლებადი ზღვრული სარგებლიანობის კანონიდან გამომდინარე, საპენსიო სისტემა ყველაზე მეტად, სწორედ ღარიბი მოქალაქეების განკარგვად შემოსავალს ამცირებს.

იმის გამო, რომ საპენსიო სისტემის მონაწილეა მთავრობა და ის მოქალაქის ტოლფას კონტრიბუციას დებს სისტემაში, ვიღებთ მდგომარეობას, როდესაც სახელმწიფო გაცილებით მეტ საბიუჯეტო რესურსს დახარჯავს შედარებით უფრო შეძლებული მოქალაქეების საპენსიო უზრუნველყოფაზე, ვიდრე მათ საპენსიო უზრუნველყოფაზე, რომლებიც სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას უფრო მეტად საჭიროებენ. ეს კი ნიშნავს, რომ რეფორმა სიღარიბის შემცირებაზე არსებით გავლენას ვერ მოახდენს. პირიქით, სახელმწიფო საპენსიო სისტემა არსებულ სოციალურ უთანასწორობას განამტკიცებს.

შევადაროთ მოქალაქეთა ორი ჯგუფი:


1. 191,000 მოქალაქის წლიური შემოსავალი 1200 ლარზე ნაკლები, ანუ თვეში 100 ლარზე ნაკლები იყო. ამ მოქალაქეებს, თუ ისინი 2019 წელსაც მსგავს შემოსავალს მიიღებენ, წლის განმავლობაში სულ 72 ლარი დაეზოგებათ, აქედან 48 ლარის გაღება ამ ადამიანებსა და მათ დამსაქმებლებს, ხოლო 24 ლარის გაღება კი, სახელმწიფო ბიუჯეტს მოუწევს.

2. 80,000 მოქალაქის წლიური შემოსავალი 12000-15000 ლარი იყო, რაც თვეში მინიმუმ1000 ლარის ანაზღაურებას ნიშნავს. ამ მოქალაქეებს, პირველ ჯგუფთან შედარებით, საპენსიო სისტემაში წლის განმავლობაში ზუსტად ათჯერ დიდი თანხა – 720 ლარი დაეზოგებათ. აქედან 480 ლარის გაღება ამ მოქალაქეებსა და მათ დამსაქმებლებს, 240 ლარის გაღება კი ცენტრალურ ბიუჯეტს მოუწევს.

თვალსაჩინოა კონტრასტი ყველაზე დაბალშემოსავლიან და საშუალო შემოსავლის მქონე დასაქმებულებს შორის. მთლიანი დაზოგილი თანხის განაწილებაში საშუალო დასაქმებულებს შეხვდათ ზუსტად ათჯერ უფრო დიდი სახელმწიფო კონტრიბუცია, ვიდრე ყველაზე დაბალშემოსავლიანებს. შესაბამისად, სახელმწიფომ უფრო მეტი საბიუჯეტო რესურსი დახარჯა უფრო შეძლებული მოქალაქეების სოციალურ დაცვაზე, რაც თავად სოციალური დაცვის მნიშვნელობის საპირისპიროა. 

2019 წლის ბიუჯეტში საპენსიო რეფორმისთვის დარეზერვებული 90 მილიონი ლარის უდიდესი ნაწილიც სწორედ ასე განაწილდება – მეტი თანხა გადაირიცხება საშუალო და საშუალოზე მაღალანაზღაურებიანი მოქალაქეების ანგარიშებზე, დაბალშემოსავლიანები კი, მხოლოდ მცირე ნაწილს მიიღებენ.

ისევ 500 ლარის ხელფასს რომ მივუბრუნდეთ, 1.13 მილიონი დასაქმებულის 50% ვინც თვეში საშუალოდ 500 ლარზე ნაკლებ ხელფასს იღებს, წლის განმავლობაში საშუალოდ 79 მილიონ ლარს დაზოგავს. ხოლო დასაქმებულთა მეორე ნახევარი, რომლის შემოსავალიც 500 ლარზე მეტია საპენსიო ფონდში ამაზე რვაჯერ მეტ თანხას - 630 მილიონ ლარს გადარიცხავს.

გრაფიკულად დასაქმებულთა განაწილება ხელფასების მიხედვით და მათ მიერ საპენსიო სააგენტოში გადარიცხული თანხა ასე გამოიყურება:



ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობა


საქართველოში არაა სათანადოდ განჭვრეტადი გარემო ისეთი გრძელვადიანი ინვესტიციისთვის, როგორსაც საპენსიო რეფორმა ითვალისწინებს.
არსებული არასტაბილური ვითარების გამო, მოსახლეობის დანაზოგების ⅔-ზე მეტი არა ლარში, არამედ დოლარსა და ევროშია განთავსებული. მოსახლეობის ნდობა ლარის მიმართ დაბალია.

ის, თუ რა პენსიებს აიღებენ მოქალაქეები მომავალში, არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელთა წინასწარ განჭვრეტა პრაქტიკულად შეუძლებელია.

ძირითადი ეკონომიკური ფაქტორები, რომლებიც ამას განსაზღვრავენ არის ხელფასების ზრდის საშუალო ტემპი, ეკონომიკური ზრდის ტემპი, ინფლაცია, ქვეყანაში და მის გარეთ არსებული საშუალო საპროცენტო განაკვეთები, საფინანსო სექტორის სიჯანსაღე, მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა და ასე შემდეგ. ამასთანავე, მუდმივ საფრთხედ იარსებებს პოლიტიკური რისკი, რაც საქართველოს მთავრობის მხრიდან “საგანგებო” ვითარებაში ფონდის აქტივების მითვისებაში მდგომარეობს.

თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი თუ ყველაზე სერიოზული რისკები არ რეალიზდება და საპენსიო ფონდიც ასე თუ ისე სტაბილური სახით იარსებებს - ამის მიუხედავად, დანამდვილებით შეიძლება თქმა, რომ თვეში 30-ლარიანი დანაზოგი არ იქნება საკმარისი იმისთვის, რათა  ადამიანმა უზრუნველი სიბერე დაიფინანსოს.