მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

23 აგვისტო - სახელფასო სხვაობის დღე საქართველოში

5d5ffc159585e
BM.GE
23.08.19 18:53
1304
საქართველოში წელს, პირველად, სახელფასო სხვაობასთან ბრძოლის დღეს აღნიშნავენ.

ამ თარიღთან დაკავშირებით და იმ პრობლემებზე, რასაც ქალისა და მამაკაცის საშუალო ხელფასებს შორის სხვაობა იწვევს, ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც BM.GE უცვლელად გთავაზობთ:

"წელს პირველად, გვსურს აღვნიშნოთ სახელფასო სხვაობასთან ბრძოლის დღე.

საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში ქალისა და კაცის საშუალო ხელფასებს შორის სხვაობა 36%-ია, რაც ნიშნავს, რომ კაცის მიერ გამომუშავებულ ყოველ ერთი ლარზე, იგივე ძალისხმევის გაწევის მიუხედავად, ქალი მხოლოდ 64 თეთრს გამოიმუშავებს. 36% სახელფასო სხვაობა ასევე ნიშნავს, რომ დღეიდან - 23 აგვისტოდან მოყოლებული საქართველოში ქალები წლის ბოლომდე უფასოდ მუშაობენ, მაშინ როცა კაცები ჩვეულებრივ იღებენ ანაზღაურებას.

კვლევებით დასტურდება, რომ მაღალი სახელფასო სხვაობა პირდაპირ ზრდის ეკონომიკურად არააქტიური ქალების რაოდენობას; სახელფასო სხვაობის მაღალი მაჩვენებელი ცუდად აისახება ბავშვთა სიღარიბეზე - რაც უფრო ღარიბია დედა, მით უფრო გაჭირვებაში უწევს ცხოვრება ბავშვს; სახელფასო სხვაობა ქალებს ეკონომიკურად დამოკიდებულს ხდის ოჯახზე, რაც თავის მხრივ ზრდის ქალზე ძალადობის რისკს.

სახელფასო სხვაობას ბევრი გამომწვევი მიზეზი აქვს, მათ შორის უმნიშვნელოვანესია: სახელფასო დისკრიმინაცია სამუშაო ადგილზე გენდერის ნიშნით; აუნაზღაურებელი საშინაო შრომის ტვირთი; “შუშის ჭერი”, ანუ უხილავი ბარიერები დაწინაურებაში; სამსახურების დაყოფა ქალურ და კაცურ სამუშაოებად და სექტორებად.

ქვეყანაში არსებული სიღარიბის ფონზე გაუმართლებელია ეკონომიკურად არააქტიური ქალების მაღალი დონე (საქსტატის მონაცემებით ქალების 42% ეკონომიკურად არააქტიურია).

მთავრობამ უნდა უზრუნველყოს არადისკრიმინაციული სახელფასო და სამუშო პირობები, რაც გამოიწვევს ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას და ქვეყნის ეკონომიკის ზრდას. უცხო ქვეყნების საუკეთესო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სახელფასო სხვაობა დაიძლევა კონკრეტული რეფორმების გატარების გზით.

ამ გამოცდილებებზე დაყრდნობით ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას შემდეგი ნაბიჯები: შრომის კოდექსით აიკრძალოს სახელფასო დისკრიმინაცია; შეიქმნას სახელფასო სხვაობასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმა, რომელიც განსაზღვრავს სახელფასო სხვაობის გამომწვევ ფაქტორებთან ბრძოლის მექანიზმებს; სახელმწიფომ მოიზიდოს და განახორციელოს ინვესტიციები სოციალური ინფრასტრუქტურის გასავითარებლად, რაც ქალების საშინაო ტვირთის გადანაწილებას შეუწყობს ხელს და შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს; შეიქმნას დიასახლისებზე და ეკონომიკურად არააქტიურ ქალებზე მორგებული პროფესიული გადამზადების პროგრამები; ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ აიღოს პასუხისმგებლობა, შეიმუშაოს და გაგვაცნოს ქალების ეკონომიკური გაძლიერების სტრატეგია", – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ორგანიზაციები – "ქალთა მოძრაობა", "საფარი", "ქალთა მზერა" და "ქალთა ფონდი საქართველოში".