24.აგვისტო .2019 11:50

2020 წელს ქარის სამი სადგურის მშენებლობა იგეგმება

views 722
უკან

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე განხორციელების სხვადასხვა ფაზაშია ქარის 4 ელექტროსადგურის პროექტი. როგორც უწყებამ BM.GE-ს აცნობა, ესენია "ნიგოზას", "ზესტაფონის", "რუისისა" და "ქართლი 2"-ის ელექტროსადგურები.

კერძოდ, სამინისტროს ინფორმაციით, "ქართლი 2"-ის ქარის ელექტროსადგურის სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 90 მეგავატია, სავარაუდო წლიური გამომუშავება - 340 გვტ.სთ. ამ პროექტისთვის ინვესტიციის მოცულობა 125 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. ამ ეტაპზე პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა მზადდება, ელექტროსადგურის მშენებლობა კი 2021-2025 წლებშია ნავარაუდევი.

"ნიგოზას ქარის ელექტროსადგური" სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 50 მეგავატია, სავარაუდო წლიური გამომუშავება - 180 გვტ.სთ, ინვესტიციის მოცულობა - 75 მლნ აშშ დოლარი. სამინისტროს ცნობით, დღევანდელი მდგომარეობი, მშენებლობის მემორანდუმის გაფორმების პროცესი მიმდინარეობს, მშენებლობა კი 2020 წელს დაიწყება.

"ზესტაფონის ქარის ელექტროსადგურის" სავარაუდო დადგმული სიმძლავრეა 50 მეგავატი, წლიური გამომუშავება - 162 გვტ.სთ, ინვესტიციის მოცულობა - 60 მლნ აშშ დოლარი. ამ ეტაპზე პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მომზადება მიმდინარეობს, ელექტროსადგურის მშენებლობის დაწყება კი 2020 წლის შემოდგომაზე იგეგმება.

რაც შეეხება "რუისის ქარის ელექტროსადგურის" სავარაუდო დადგმულ სიმძლავრეს, ის 10 მეგავატს შეადგენს, სავარაუდო წლიური გამომუშავება 42 გვტ.სთ-ია, ინვესტიციის მოცულობა კი 14 მლნ აშშ დოლარი. ამ პროექტთან დაკავშირებით ასევე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მომზადება მიმდინარეობს, მშენებლობის დაწყება 2020 წელს იგეგმება.

საერთო ჯამში, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის ქარის ენერგეტიკული პოტენციალი შეფასებულია დაახლოებით 1500 მგვტ-ით, დღეის მდგომარეობით კი გაფორმებულია 18 ურთიერთგაგების მემორანდუმი, დადგმული სიმძლავრით 1160 მგვტ.

"ენერგეტიკული სისტემის მდგრადობისა და ელ.ენერგიის ხარისხის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ჩატარებული კვლევების საფუძველზე, 2020-2021 წლებისთვის შესაძლებელია ქსელში ინტეგრირებულ იქნეს 333 მგვტ, 2025 წლამდე დაგეგმილი სარეზერვო წყაროების გაჩენის მიხედვით შესაძლებელი იქნება ქსელში დამატებით 330 მგვტ. სიმძლავრის ინტეგრირება.

დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 330-350 მგვტ. ქსელში ინტეგრირებასთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს კომპანიებთან სამშენებლო მემორანდუმების გაფორმების პროცესი, რომელთა ინტეგრირება გათვალისწინებულია 2020-2021 წლებში", - განმარტავენ ეკონომიკის სამინისტროში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა