მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წლის ზამთრის სეზონზე "გოდერძის" მიმართულებით შესაძლოა ფრენები განხორციელდეს

5ce3f20843102
ლიკა გურაბანიძე
21.05.19 21:10
1088
2019 წლის ზამთრის ტურისტულ სეზონზე კურორტ „გოდერძის“ მიმართულებით შესაძლოა ფრენები განხორციელდეს.

როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ამბობს, საუბარია, მცირე ზომის, რამდენიმე ადგილიანი საჰაერო ხომალდის ოპერირებაზე.

მისი თქმით, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები კერძო კომპანიებთან, რათა მათ კურორტ „გოდერძის“ მიმართულებით ავიარეისები შეასრულონ, როგორც ბათუმიდან, ისე - სხვა ლოკაციებიდან.

„პროექტით, კურორტ „გოდერძიზე“ მცირე მაშტაბიანი აეროდრომის მშენებლობაა გათვალისწინებული. პრაქტიკულად, საუბარი არის რამდენიმე ადგილიან საჰაერო ხომალდზე. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, რამდენიმე კომპანიასთან, რომელიც შეძლებს, რომ უზრუნველყოს ფრენების განხორციელება, როგორც - ბათუმიდან, ასევე არ გამოვრიცხავ, იყოს რეისები სხვა მიმართულებებიდანაც. მას შემდეგ, რაც კურორტზე რამდენიმე სასტუმრო იქნება ექსპლოატაციაში შესული და ამას წელსვე ველოდებით, გამორიცხული არ არის, რომ გოდერძის მიმართულებით კვირაში რამდენიმე რეისი შესრულდეს“, - აცხადებს აჭარის მთავრობის მეთაური.

იმისათვის, რომ კურორტ “გოდერძიზე“ სეზონური ფრენები განხორციელდეს, საჭიროა, მცირე ზომის აეროდრომის მშენებლობა. რაც აჭარის მთავრობის გეგმაში რამდენიმე წელია არის და შესაბამის ინვესტორსაც ეძებს.

„მაღალმთიანი აჭარის და კონკრეტულად კურორტ "გოდერძის" განვითარება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. აქტიურად ვმუშაობთ მაღალმთიან აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარების მიმართულებით. უკვე გამოვაცხადეთ სპორტული ტურიზმის კვლევის მიზნით კომპანიის შესარჩევი კონკურსი, რომლითაც ამ სფეროს განვითარების კონკრეტული სამოქმედო გეგმის მიღებას შევძლებთ. წლიდან წლამდე მზარდია მაღალმთიანი აჭარით ტურისტების დაინტერესება და ისინი სულ უფრო ხშირად სტუმრობენ მთას. რა თქმა უნდა, ჩვენთვის საინტერესო და მისაღებია მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის აუცილებელი ყველა პროექტი, მათ შორის ვერტმფრენით ფრენების განხორციელება გოდერძის მიმართულებით. როგორც იცით, "გოდერძი" ერთადერთი კურორტია საქართველოში, რომელიც განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით ვითარდება. აღნიშნულ დოკუმენტში განსაზღვრულია ვერტმფრენის ადგილი. ამ ეტაპზე ასევე ქონების ეროვნულ სააგენტოსთან მიმდინარეობს მუშაობა ვერტმფრენის დასაფრენ ზოლთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, განვიხილოთ ყველა საინტერესო ბიზნესპროექტი”, - აცხადებენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.

აღსანიშნავია, რომ გასული ზამთრის ტურისტულ სეზონზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კომპანია „Wucher Helikopter Gmbh“-ზე ზამთრის საკურორტო ზონებში ფრენების განხორციელების ნებართვა გასცა.

სააგენტოში შეტანილი განაცხადის მიხედვით, ავსტრიული კომპანია „Wucher Helikopter Gmbh“ მიმდინარე წლის 15 იანვრიდან 15 აპრილამდე გუდაურის, მესტიისა და გოდერძის საკურორტო ზონებში უნდა განეხორციელებინა ოპერირება 3 ერთეული AS 350 B3 Ecureuil-ის ტიპის თანამედროვე ვერტმფრენებით და „Heli-skiing” ტურებს მოემსახურება, რაც ვერტმფრენებით მოთხილამურეებისა და სნოუბორდისტებისაგან წინასწარ დაკომპლექტებული ტურისტული ჯგუფების გაუკვალავ თოვლში გადასხმას და მათთვის თხილამურებით სრიალისა და სნოუბორდინგის ორგანიზებას გულისხმობს. ნებართვა „Wucher Helikopter Gmbh“-ზე, რომელიც საქართველოს ზამთრის საკურორტო ზონებში 2013 წლიდან ოპერირებს, 2019 წლის 4 იანვარს გაიცა.

ფრენები დაიშვება ხელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში და ვიზუალური ფრენის წესებით (VFR).