მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

0,6%-იანი კლება მშპ-ში - როგორი იქნება რუსეთთან ავიამიმოსვლის აკრძალვის გავლენა

5d28ae960c5ea
BM.GE
12.07.19 20:00
1146
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი აქვეყნებს კვლევას თუ როგორია რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აკრძალვის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე.

კვლევაში აღნიშნულია, რომ მოგზაურობა/ტურიზმი მომსახურების ექსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილია. თუ იგი 2000-2011 წლებში მომსახურების ექსპორტის 30-40%-ის ფარგლებში მერყეობდა, უკვე 2011 წლიდან მნიშვნელოვანი ზრდა დაიწყო და 2017 წლისათვის 72% შეადგინა.

“რაც შეეხება ტურისტული ნაკადების სტრუქტურას 2011-2018 წლებში, ძირითადი ნაკადები მოდიოდა აზერბაიჯანიდან (2011 წელს მთელი ტურისტული ნაკადის 22.7% - 2018 წელს-19.8%), თურქეთიდან (20.9% - 15.3%), სომხეთიდან (20.7% - 17.6%) და რუსეთიდან (8.1% - 19.5%). ამ მხრივ აღსანიშნავია რუსეთიდან ტურისტული ნაკადების მნიშვნელოვანი ზრდა: თუკი 2018 წელს რუსეთი ტურისტების რაოდენობით მეორე იყო, 2019 წლის 6 თვის მონაცემებით რუსეთიდან ტურისტების რაოდენობამ ყველა ქვეყნის მაჩვენებელს გადააჭარბა და ამ ხნის განმავლობაში რუსეთი პირველად გახდა ყველაზე მსხვილი ტურისტული ქვეყანა საქართველოსათვის.

2019 წლის 6 თვის მონაცემებით, რუსეთიდან შემოსული ტურისტების ნაკადი წინა წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 31.2%-ით გაიზარდა და 691,587 ვიზიტორი შეადგინა. სხვა თანაბარ პირობებში, თუ შენარჩუნდებოდა აღნიშნული ზრდის ტემპი 2019 წლის განმავლობაში, მოსალოდნელია, რომ რუსეთიდან შემოვიდოდა 1,843,560 ვიზიტორი. რუსეთთან საჰაერო მიმოსვლების 8 ივლისის აკრძალვის შემდეგ მოსალოდნელია ტურისტების ნაკადების შემცირება. აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან ტურისტების ნაკადების 28 პროცენტი მოდის საჰაერო ტრანსპორტზე, ხოლო დანარჩენი სახმელეთოზე. ასევე გასათვალისწინებელია, რომ საჰაერო მიმოსვლის აკრძალვის შემდეგ, გარდა იმისა რომ მთლიანად შემცირდება საჰაერო გზით შემოსული რუსი ტურისტების ნაკადები, ასევე შესაძლებელია რომ ამან გავლენა მოახდინოს სახმელეთო გზით შემოსულ ვიზიტორებზეც და ამ ყოველივეს გათვალისწინებით შესაძლებელია გავაკეთოთ დაშვება, რომ აკრძალვის შემდეგ წლის მეორე ნახევარში რუსეთიდან ტურისტების ნაკადები მოსალოდნელ რაოდენობასთან შედარებით 50%- ით შემცირდება.

თუ დავუშვებთ, რომ სხვა ქვეყნებიდან ტურისტების ნაკადები შეინარჩუნებს არსებულ ზრდის ტემპებს და გავითვალისწინებთ რუსეთის ზემოაღწერილ კლებას, მოსალოდნელია, რომ მთლიანი ტურისტების რაოდენობა 2019 წელს 9%-ის ნაცვლად 3.3%-ით გაიზრდება. აქვე გასათვალისწინებელია საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის შეფასებით სხვადასხვა ქვეყნის ტურისტის მიერ საშუალოდ დახარჯული თანხები. აღნიშნული დაშვებებით მოსალოდნელია, რომ 2019 წლისათვის, საბაზისო სცენართან შედარებით, ტურიზმის დანახარჯები შემცირდება 572 მლნ ლარით, რაც დაახლოებით 200 მლნ დოლარის ტოლია. აღნიშნული შემცირება, შესაბამისად, შეამცირებს ეკონომიკურ აქტივობას, შეამცირებს მომსახურების ექსპორტს და, შესაბამისად, მთლიან ექსპორტს, შეამცირებს ასევე მოხმარებას, თუმცა ეს სრულად არ აისახება მთლიან ეკონომიკაზე, რადგან საქართველოს შემთხვევაში ყოველი 1 დახარჯული ლარიდან, საბიუჯეტო ოფისის შეფასებით დაახლოებით, 0.67 თეთრი იხარჯება იმპორტულ პროდუქციაზე. შესაბამისად მოხმარების შემცირება შეამცირებს იმპორტს, რაც დადებითად აისახება მთლიან ეკონომიკურ აქტივობაზე. ამ ყოველივეს გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ 2019 წელს რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აკრძალვას ეკონომიკურ ზრდაზე ექნება 0.6%-ული პუნქტით უარყოფითი გავლენა”,- ნათქვამია კვლევაში.