10.სექტემბერი .2019 17:16

ლაშა პაპაშვილი: წინა პრემიერის დროს სისწრაფე და სწორი გადაწყვეტილებები გვაკლდა

views 445
უკან

„გიორგი გახარიამ ბიზნესის სატკივარი კარგად იცის. ჩვენ ყველა ახალი მინისტრისგან სიახლეებს და გადაწყვეტილებას ველოდებით. გახარიას, როგორც ბიზნესომბუდსმენს მინისტრებთან, კარდაკარ ჩვენთან ერთად  უვლია. მან ჩვენი გასაჭირი იცის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სწორი და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება ბიზნესისთვის,“ - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა ახალი პრემიერ მინისტრის გიორგო გახარიას შეფასებისას განაცხადა.


ბიზნესმენი ახალი პრემიერის გამოწვევად ბიზნესთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებას და ლარის კურსის სტაბილურობას მიიჩნევს.


„წინა პრემიერების დროს კომუნიკაცია არ გვაკლდა, ჩვენ სისწრაფე და სწორი გადაწყვეტილებები გვაკლდა. გახარიას ცოდნის მხრივ საკითხის თავიდან შესწავლა არ მოუწევს. პირველივე დღეებში გამოჩნდება კომუნიკაცია როგორ დაიწყება.


დღეს ქვეყანაში დამღუპველი ლარის კურსი გვაქვს, რაც მისახედია. ბიზნესისთვის და თითოეული მოქალაქისთვის ამ წუთას დამღუპველი სწორედ ლარის კურსია. სამომხმარებლო ბაზარზე მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა დაცემულია“, - განაცხადა პაპაშვილმა.


ცნობისთვის: 8 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა გიორგი გახარია პრემიერად ხმათა უმრავლესობით, 98 ხმით აირჩია. გახარიას განცხადებით, ბიზნესთან კომუნიკაცია იქნება სწრაფი და ეფექტური, ხოლო თუ აქ ჩავარდნები იყო, ის გამოსწორდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა