მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯორჯიან ეარვეისი": ვფიქრობდით, რომ წელს უფრო მეტ შემოსავალს მივიღებდით

5d571126a5a4c
ლიკა გურაბანიძე
18.08.19 16:15
836
„ფინანსურად მსგავსი სიტუაცია მოულოდნელი იყო, პირიქით, ვფიქრობდით, რომ წელს უფრო მეტ შემოსავალს მივიღებდით. 2019 წელს შეუძლებელია ამ თანხის აღდგენა, ვინაიდან ბილეთის გაყიდვები უკვე 2020 წლისთვის ხორციელდება,“ - ამის შესახებ BM.GE-ის „ჯორჯიან ეარვეისის“ კომერციული დირექტორის მოადგილემ თამუნა თანდაშვილმა კომპანიაში ე.წ. რუსული ავიასანქციების შედეგად, 25 მლნ დოლარის ზარალზე საუბრისას განუცხადა.

„25 მლნ დოლარამდე იყო მაჩვენებელი, რომლის ფარგლებშიც ჩვენ მგზავრებისთვის სრული თანხის დაბრუნება მოგვიწია და საოპერაციო ნაწილში ვიზარალეთ. ეს ციფრები ზრდადი იქნება, რადგან ტურისტების მიერ გაკეთებული შესყიდვები ოქტომბრის თვემდე იყო განხორციელებული. კრიზისი განაპირობა იმან, რომ ავიაკომპანიაში ახალი გაყიდვები, რომელიც ახლა უნდა დაგენერირდეს, არ მოდის, რადგან სიტუაცია გაურკვეველია,” - განმარტა თანდაშვილმა.


კომპანიის კომერციული დირექტორის მოადგილე მიიჩნევს, რომ რუსული ავია სანქციების შედეგად პირველი დარტყმა „ჯორჯიან ეარვეისმა“ მიიღო.

„როგორც მოგეხსენებათ, 40 ათასზე მეტი მგზავრი იყო, რომელსაც ავია ბილეთები უკვე შესყიდული ჰქონდა. ასეთ ვითარებას ძალიან მძიმე საოპერაციო ნაწილი მოჰყვება, რათა უნდა დააკმაყოფილო თითოეული მგზავრის მოთხოვნა და იმის მიხედვით იმოქმედო. შევეცადეთ ტრანზიტული გზებით მოგვეხდინა მათი ტრანსპორტირება, იმიტომ რომ ამ დარტყმის შედეგები მთელ ინდუსტრიას არ შეხებოდა. იცით, რომ სასტუმროს ჯავშნები წინასწარ კეთდება და ეს უფრო მეტად მძიმე შედეგის მომტანი იქნებოდა თითოეული მოქალაქისთვის, რომელიც ტურიზმიდან გარკვეულ სარგებელს იღებს“, - აღნიშნა თანდაშვილმა.