13.აგვისტო.2019 20:07
ეკონომიკა

ეკონომიკის სამინისტროს პასუხი დეპუტატს - ლევან კობერიძე ანტიკრიზისულ გეგმას ითხოვდა

 ეკონომიკის სამინისტროს პასუხი დეპუტატს - ლევან კობერიძე ანტიკრიზისულ გეგმას ითხოვდა
დღეს, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ პარლამენტის დამოუკიდებელი წევრის, ლევან კობერიძის სადეპუტატო კითხვას წერილობით უპასუხა. 29 ივლისს გაგზავნილი კითხვა რუსული ეკონომიკური სანქციების ფონზე საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას შეეხებოდა. როგორც ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას მიერ გაცემული პასუხიდან ხდება ცნობილი, საქართველოს მთავრობა ანტიკრიზულ გეგმაში რამდენიმე ძირითად მიმართულებას მოიაზრებს, მათ შორისაა სახელმწიფო საგარანტიო ფონდის მეშვეობით ტურიზმის სექტორის მხარდაჭერა, ასევე პროგრამა "აწარმოე საქართველოში"-ს მეშვეობით ამ სფეროში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესების თანადაფინანსება. კიდევ ერთი მიმართულება, რასაც არნიშნული გეგმა მოიცავს საქართველოს, როგორც უსაფრთხო ტურისტული ქვეყნის პოპულარიზაციაა, რისთვისაც მთავრობა კონტრაქტებს გააფორმებს უცხოურ მედიასაშუალებებთან და ქვეყანაში ათობით უცხოელი ჟურნალისტის ჩამოსვლას დააფინანსებს. კიდევ ერთი მიმართულება, რაც ეკონომიკის სამინისტროს პასუხის ნაწილს წარმოადგენს, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს მიერ შექმნილი პროგრამა "ციფრული ნომადებია", რომელიც IT სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის საქართველოს მიმზიდველობის გაზრდას ისახავს მიზანდ. 

დეპუტატ ლევან კობერიძის შეფასებით, აღნიშნული გეგმა, რეალურად ანტიკრიზისულ გეგმას არ წარმოადგენს და ის არსებული პროგრამებისთვის "ახალი დანიშნულების მორგების უსუსური მცდელობაა."

ეკონომიკის სამინისტროს ანტიკრიზული გეგმა - ლევან კობერიძის სადეპუტატო კითხვის პასუხი:

ბატონო ლევან,

თქვენი მიმდინარე წლის 29/07/2019, #8565/3-48/19 წერილის პასუხად გიგზავნით ინფორმაციას ტურიზმის და მასპინძლობის ბიზნესის მიმართულებით არსებული გამოწვევების საპასუხოდ და ტურიზმის სფეროში კერძო სექტორის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით მიმდინარე წელს დაგეგმილი ძირითადი მიმართულებებისა და ღონისძიებების შესახებ. 

არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ მთავრობის ხედვა გულისხმობს ერთი მხრივ ქვეყნის ტურისტული პოტენციალის აქტიურ პოპულარიზაციას და ამ გზით სხვადასხვა მიზნობრივი ბაზრებიდან ვიზიტორების ზრდის ხელშეწყობას, ხოლო მეორეს მხრივ კერძო სექტორის და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით შესაბამისი, ადეკვატური ნაბიჯების გადადგმას და ახალი პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელებას.

კერძო სექტორის მხარდაჭერის, მათთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების და ტექნიკური დახმარების მიზნით ხორციელდება სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამები და ასევე მიმდინარეობს ახალი მექანიზმების დანერგვა:

  • საკრედიტო საგარანტიო სქემა წარმოადგენს კერძო სექტორის მხარდაჭერის ახალ მექანიზმს. მიმდინარე წლის 25 ივლისს სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“ და 12 კომერციულ ბანკს შორის გაფორმდა ხელშეკრულება „საკრედიტო საგარანტიო სქემის“ განხორციელების თაობაზე, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება, იმ მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა დააკმაყოფილონ სესხის უზრუნველყოფაზე არსებული მოთხოვნები. სქემის ფარგლებში, გაცემული სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50,000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს, ხოლო მაქსიმალური მოცულობა 2,000,000 (ორ მილიონ) ლარს. გარანტია გაიცემა სესხის ძირი თანხის არაუმეტეს 70 პროცენტის ოდენობით. პროგრამის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვრა სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობა.

  • სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტი (უმასპინძლე საქართველოში) ხელს უწყობს რეგიონებში სასტუმრო ბიზნესის განვითარებას და მეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. აღნიშნული კომპონენტის ფარგლებში, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ახორციელებს სასტუმრო ინდუსტრიაში საქმიანობისათვის ან/და არსებული სასტუმროს გაფართოება/გადაიარაღებისათვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული არაუმეტეს 24 თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას წლიური საპროცენტო განაკვეთიდან ფიქსირებული 10 პროცენტის ოდენობით. კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის სასტუმრო ინდუსტრიის მხარდაჭერის კომპონენტი ასევე ითვალისწინებს საერთაშორისო ბრენდის გამოყენების ფარგლებში პროგრამის ბენეფიციარისთვის წლიური 300 000 ლარის ანაზღაურებას 2 წლის განმავლობაში.

  • მცირე მეწარმეების ხელშეწყობისათვის საქართველოს მასშტაბით (გარდა ქ. თბილისისა) სააგენტო - „აწარმოე საქართველოში“ ახორციელებს მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამას, სადაც გრანტის მაქსიმალური თანხა განისაზღვრება 30,000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით. პროგრამა ყოველწლიურად ცხადდება და აქვს განაცხადის შემოტანის კონკრეტული ვადები.მოგახსენებთ, რომ მიმდინარეობს ახალი ეტაპის მოსამზადებელი სამუშაოები და პროგრამის გაშვება მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში იგეგმება. ამასთან, ტურიზმის სექტორში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დამატებითი ქულა მიენიჭება ბიზნესებს, რომლებიც საქმიანობენ ტურიზმის სფეროში, მათ შორის: ტურისტული კომპანიები, სასტუმროები, მცირე ზომის მარნები და ა.შ. 

  • ამასთან, სააგენტოში სამინისტროს ინიცირებით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ახალი მიმართულების განვითარებაზე, რაც გულისხმობს მცირე და საოჯახო სასტუმროების მხარდაჭერას /სუბსიდირებას. მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს ფინანსურ მექანიზმებთან დაკავშირებით დეტალების დაზუსტება, რომლის ამოქმედებასთან დაკავშირებით ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

ტურიზმის სექტორში არსებული გამოწვევების გამკლავებისა და ტურიზმის შემდგომი განვითარების მიზნითმიმდინარე წელს დაგეგმილ ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს: მიზნობრივ ბაზრებზე ქვეყნის ცნობადობის გაზრდის მიზნით, მარკეტინგული აქტივობების განხორციელება, საქმიანი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ტურიზმის სფეროში მომსახურების ხარისხის ამაღლება, ტურისტული პროდუქტების და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა და რაც მთავარია, კერძო სექტორისთვის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების და ღონისძიებების, მათ შორის ახალი მექანიზმების განვითარება და შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე არსებული გამოწვევების საპასუხოდ შესაბამისი ღონისძიებების, მხარდაჭერის მექანიზმების და პროექტების განხორციელება.

საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის ცნობადობის გაზრდის და მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვის მიზნით, მარკეტინგულ მიზნობრივ ბაზრებზე დაგეგმილია სატელევიზიო და ინტერნეტ კამპანიების, პრეს და გაცნობითი ტურების და სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებების განხორციელება, საერთაშორისო და ადგილობრივ ტურისტული მომსახურების პროვაიდერებთან თანამშრომლობით.

ამასთან, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, არსებული გამოწვევების გამკლავების და ადეკვატური რეაგირების მიზნით მიმდინარეობს სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც მოიცავს შემდეგს: 

  • განისაზღვრა დამატებითი სამიზნე ქვეყნები (უკრაინა, ბალტიის პირეთის ქვეყნები, ისრაელი, ყაზახეთი, სპარსეთის ყურის ქვეყნები და ა.შ) რომელთანაც გვაქვს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა,არსებობს ქვეყნის შესახებ გარკვეული ცნობადობა და შესაბამისად, მოხდება აღნიშნულ ბაზრებზე სტიმულირების ღონისძიებების გააქტიურება. გარდა ამისა, აღნიშნულ ქვეყნებში შეინიშნება მოგზაურობის შესახებ გადაწყვეტილების სწრაფად მიღების და სპონტანურად დაგეგმის ტენდენცია, რაც დაეხმარება ქვეყანას მოკლე ვადაში გაზარდოს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა.

  • USAID-ის ჩართულობით, მიმდინარეობს ციფრული მედია კამპანიების დაგეგმვა და მიზნობრივი ბაზრების იდენტიფიცირება.

  • დაიგეგმა ინტეგრირებული (ციფრული მედია-კამპანიები, პრეზენტაციები) მარკეტინგული კამპანიები შემდეგ ქვეყნებში: ისრაელი, პოლონეთი, უკრაინა, ბალტიის ქვეყნები, საუდის არაბეთი, ქუვეითი. 

  • ავიაკომპანიებთან ერთად დაიგეგმა როუდშოუები: ისრაელში, უზბეკეთში, ყაზახეთში, უკრაინაში, ქუვეითში.

  • დამატებით დაიგეგმა 200-მდე ჟურნალისტის/ბლოგერის ჩამოყვანა პრეს და გაცნობით ტურებზე სხვადასხვა მიზნობრივი ბაზრიდან, როგორიცაა ევროკავშირის ქვეყნები, აზერბაიჯანი, ყაზახეთი და უკრაინა. 

  • კერძო სექტორის ხელშეწყობისათვის დაიგეგმა და განხორციელდა ახალი თემატიკის ტრეინინგები განთავსების ობიექტების თანამშრომლებისათვის, კვების ობიექტების თანამშრომლებისათვის,სამთო გამყოლებისათვის და გიდებისათვის ახალი ტურისტული ბაზრების მოზიდვის ხელშეწყობის მიზნით.

პარალელურად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს პირდაპირი ფრენების რაოდენობის გაზრდისმიმართულებით. ავიაკომპანია „ვიზ ეართან“ გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, ქუთაისის აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით 12 ახალი რეგულარული მიმართულება ემატება. აღსანიშნავია, რომ რეგულარული ავიარეისები განხორციელდება სკანდინავიის ქვეყნებში, რომელთანაც რეგულარული ავია რეისები აქამდე არ ხორციელდებოდა. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ავიაკომპანია „რაინ ეართან“, რომლის შემოსვლაც საქართველოს ავია ბაზარზე უზრუნველყოფს ახალი პირდაპირი ფრენების და შესაბამისად ახალი ტურისტული ნაკადების შემოდინებას.

ამასთან, გაცნობებთ, რომ თქვენი შეკითხვა შემდგომი რეაგირების მიზნით ასევე გადაეგზავნა სამინისტროს სტრუქტურაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მოგაწვდიან შესაბამის ინფორმაციას."


გეგმის კიდევ ერთი ნაწილი - "ციფრული ნომადები"

„ციფრული ნომადები“ ძირითადად ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით მომუშავე ადამიანები არიან, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ასრულებენ თავიანთ სამუშაოებს. ნომადების უმრავლესობა ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით (IT) მუშაობს, შესაბამისად, ჩვენი ბენეფიციარებისთვის და ინოვაციური ეკოსისტემის მოთამაშეებისთვის ციფრული ნომადები წარმოადგენენ ერთგვარ ინტერესთა ჯგუფს. 

აღნიშნული ინიციტივა განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ქვეყანას გაუჩნდა საფიქრალი თუ როგორ მოეზიდა ერთ დღეში დაკარგული ტურისტების ოდენობის ადამიანები ქვეყანაში. 

არ გამოვრიცხავთ და გარკვეულწილად ვიმედოვნებთ კიდეც, რომ ნომადები მოძებნიან ბიზნეს პარტნიორებს საქართველოში და სამომავლოდ დაასაქმებენ ადგილობრივ პროფესიონალებს, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. 

ამ მომენტისთვის შექმნილია უფასო პლატფორმა www.workfromgeorgia.com, სადაც საქართველოს მასშტაბით მომუშავე კომპანიას თუ სტარტაპს შეუძლია დაარეგისტრიროს საკუთარი სამუშაო სივრცე, რის შემდეგაც ნებისმიერი ქვეყნის ტურისტი/ციფრული ნომადი უფასოდ დაჯავშნის ადგილს მათ ოფისში. ქართულ კომპანიებს ამავე პორტალზე შეუძლიათ სპეციალური შეთავაზებების განთავსებაც ციფრული ნომადებისთვის. 

მიზანი - ისეთი მოგზაურების მოზიდვაა, რომლებიც არა მარტო ქვეყნის დასათვალიერებლად ჩამოვლენ საქართველოში, არამედ დარჩებიან უფრო გრძელი ვადით და დისტანციურად განაგრძობენ მუშაობას ჩვენი ულამაზესი ქვეყნიდან. 

ამ პროექტს აქვს ასევე ერთგვარი მარკეტინგული დატვირთვა. საქართველოში მიღებულ გამოცდილებას ნომადები გაუზიარებენ თავიანთ კოლეგებს, მეგობრებს და მათ საქართველოს დაანახებენ როგორც ტურისტული, ისე ბიზნესის დაწყების/განვითარების კუთხითაც. 

რატომ შეიძლება იყოს ნომადებისთის საქართველო საინტერესო? 

საქართველო იდეალური ადგილია ასეთი ტიპის მოგზაურებისთვის. ციფრული ნომადებისთის მიმზიდველია ქვეყანაში არსებული მარტივი სამუშაო პირობები, 365 დღიანი უვიზო რეჟიმი 94 ქვეყნის მოქალაქისთვის, დაბალი ხარჯები, ზომიერი კლიმატური გარემო, ასევე საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის განვითარების აღიარება (მათ შორის, Doing business, Crime index და სხვ.) და ეს ყველაფერი მდიდარი კულტურის, ისტორიის, ულამაზესი ბუნების და რაც მთავარია სტუმართმოყვარე ხალხის ფონზე.”





ავტორი: შოთა ტყეშელაშვილი

19.აგვისტო.2019 21:00
81

საქსტატი: 2019 წლის II კვარტალში უმუშევრობის დონე კაცებში უფრო მაღალია, ვიდრე - ქალებში

ვრცლად
19.აგვისტო.2019 19:16
2989

რამდენი მლნ-ის სარგებელი მოაქვს 'ფორსაჟი 9"-ის თბილისში გადაღებას საქართველოსთვის?

ვრცლად
19.აგვისტო.2019 19:15
93

„მგზავრთა მოსაკრებლის შეღავათით ისარგებლებს ნებისმიერი ეროვნული ავიაგადამზიდი 100.000-ზე მეტი მგზავრით“

ვრცლად
19.აგვისტო.2019 19:01
190

"Fitch-ი ეროვნული ბანკის რეზერვების დაგროვების პოლიტიკას დადებითად აფასებს"

ვრცლად
19.აგვისტო.2019 18:15
122

ბობ ჰამილტონი: ნებისმიერი სიგნალი, რომ მთავრობა ოპონენტებს სჯის, დასავლურ კაპიტალს დააფრთხობს

ვრცლად
19.აგვისტო.2019 18:02
62

თბილისის სააპელაციო და გურჯაანის რაიონულმა სასამართლოებმა Regininfo.ge სამართალდამრღვევად ცნო - კომისია

ვრცლად