Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ეკონომიკის მინისტრი ჩინეთში ვიზიტს აჯამებს

59c8f56434edc
BM.GE
25.09.17 16:19
1394
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ გადაცემაში ’’ანალიტიკა“ ჩინეთის უმსხვილეს საერთაშორისო, სავაჭრო და საინვესტიციო გამოფენის შედეგები შეაჯამა, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, 18-21 სექტემბერს გაიმართა.

’’ჩინეთიდან საკმაოდ კარგი შედეგები წამოვიღეთ. უპირველესად, აღსანიშნავია, რომ ხელი მოაწერა შეთანხმებას ფოთის ინდუსტრიული ზონის 75 %-იანი წილის ჩინური კონგლომერატის CEFC-ისთვის გადაცემის შესახებ, რის შედეგადაც 150 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. ეს მიმდინარე წლის ერთ-ერთი მსხვილი ინვესტიციაა და ფოთის და საერთოდ თავისუფალი ინდუსტრიული ზონების განვითარების მიმართულებით სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯია.

თავისუფალი ინდუსტრიული ზონების განვითარების კუთხით ჩინეთი ერთ-ერთი მთავარი ქვეყანაა და იმედი გვაქვს, რომ კომპანია უახლოეს პერიოდში მუშაობას შეუდგება იმისთვის, რომ ფოთის ინდუსტრიული თავისუფალი ზონა განვითარდეს. ინვესტიციების დაბანდება უახლოეს თვეებში დაიწყება, თუმცა ამ მოცულობიდან პირველი სამი წლის განმავლობაში 60 მილიონის ინვესტირება მოხდება და შემდეგი ათი წლის განმავლობაში დარჩენილის“, -აცხადებს გახარია.

მისივე განმარტებით, ღონისძიებები, რომლებშიც საქართველოს დელეგაცია მონაწილეობდა, ქართული კომპანიებისთვის, ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების განვითარების და ინვესტიციების მოზიდვისთვის საინტერესო, მნიშვნელოვანი და ძალიან სასარგებლო იქნება. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელი საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წელია.

„ წლის დასაწყისში ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს მოვაწერეთ ხელი ჩინეთთან. ამის შემდეგ საქართველოს, როგორც საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგენა მოხდა ჩინეთში საერთაშორისო გამოფენაზე, ხელი მოვაწერეთ ჩინურ კომპანია CEFC-თან და ნოემბერში თბილისში დაგეგმილი ’’ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ფორუმი ჩატარება, რომელიც პირველად ’’აბრეშუმის გზის“ 2015 წელს გაიმართა და ეს სერიოზული, საკმაოდ მაღალი დონის წარმომადგენლობითი ფორუმი იქნება, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის მსხვილი ბიზნესები და ოფიციალური დელეგაციები მიიღებენ მონაწილეობას,“-განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც გიორგი გახარია ამბობს, საქართველოს თავისუფალი სავაჭრო და ინდუსტრიული ზონების განვითარების კუთხით, საკმაოდ კარგი შესაძლებლობები აქვს.
„ ამჟამად ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმზე ვმუშაობთ და ვფიქრობთ, საქართველო რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვანი პლატფორმა უნდა გახდეს, რომელიც დიდ ეკონომიკებში ვაჭრობის ტრაფიკს უნდა მოემსახუროს. ფოთის თავისუფალი ინდუსტრიის ზონას რაც შეეხება, იგი პირდაპირ დადასტურებაა იმ ლოგიკის, რომ ფოთის ინდუსტრიულ ზონაში ინდუსტრიული საწარმოები უნდა მოთავსდნენ და ასეთი წინადადებები უკვე გავქვს, როგორც ჩინური, ასევე სხვა რეგიონების, მეზობელი ქვეყნების მხრიდან. მსგავსი პროექტების განხორციელების კუთხით 2018 წელი ყველაზე აქტიური წელი იქნება. შანხაის თავისუფალი ვაჭრობის ზონა ერთ-ერთი უმსხვილესია მსოფლიოში და მნიშვნელოვანია იმ მოდელების მართვის და გამოცდილების გაცნობა, რომელიც მათ გააჩნიათ, რადგან ვიცით, რომ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიის ზონაში სახელმწიფოს წილი რჩება. სწორედ ამიტომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც კონკრეტულად ამ მიმართულებით იმუშავებს. საქართველოს მწარმოებლებს დღეს შესწევთ იმის უნარი, რომ ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი გადადგან“, - განმარტა გახარიამ.