Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ციფრული გადამზადების ცენტრები გაიხსნება

59429cec0818e
BM.GE
15.06.17 18:41
956
ციფრული უნარების განვითარება და ონლაინ დასაქმების პლატფორმა ყველა მსურველისთვის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, ასევე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ინიცირებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ინოვაციების ცენტრების ბაზაზე ციფრული უნარების სატრენინგო პროგრამა იწყება.

პროექტის მიზანია რეგიონებში მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ის ცოდნა, რომელიც მათ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ე.წ. “დისტანციური დასაქმების” საშუალებას მისცემს.

პროექტი კერძო სექტორის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პარტნიორობით ხორციელდება.

"სახელმწიფო კონცენტრირებულად სერიოზულ რესურსს ხარჯავს მსგავსი ტექნოპარკების განვითარებაში და ეს არის საკმაოდ კომფორტული გარემო იმისათვის, რომ ახალგაზრდები გაიზარდონ და მიაღწიონ თავიანთ მიზანს და ჩვენ ყველანაირად ხელს ვუწყობთ სხვადასხვა ტექნიკური აღჭურვილობის შეძენით, მსგავსი სამუშაო სივრცეების შექმნით, რომ მათ თავიანთი ნიჭი გამოავლინონ. ეს გახდა პოპულარული. მოთხოვნა არის ახალგაზრდებში და მოხდა მათი კოპირება რეგიონებში. ზუგდიდში გვაქვს მსგავსი ტექნოპარკი, გაიხსნება ფაბლაბები და ეს იძენს სისტემურ სახეს,-‘’განაცხადა გიორგი გახარიამ.

პროექტის საპილოტე ვერსია კასპის ბიზნესისა და ტექნოლოგიების გადამზადების ცენტრის საფუძველზე, კასპის მუნიციპალიტეტისა და მაჟორიტარი დეპუტატის მხარდაჭერით ჩატარდა, რომლის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა და მეორე ეტაპის განხორციელება დაიწყო.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პროექტის ავტორებს მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.

"ელემენტარული ცოდნისა და ინფრასტრუქტურის მიწოდებით ქართველ ახალგაზრდებს გლობალური შრომის ბაზარზე ცხოვრების საშუალება ეძლევათ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თქვენ გეხსნებათ საზღვრები, თქვენი ცოდნით შედიხართ გლობალურ კონკურენციაში. ეს არის ის, რაც მოგვიტანა ციფრულმა განვითარებამ და ამ ნაწილში ჩამორჩენის უფლება არავის გვაქვს,-‘’ განაცხადა გიორგი გახარიამ.

ტრენინგები ხელმისაწვდომი იქნება ზუგდიდის ტექნოპარკში, ასევე ბაღდათის, ხარაგაულისა და სოფ. ჭოპორტის ბიბლიოთეკების ინოვაციების ცენტრებში. ბენეფიციარების გადამზადება მოხდება, როგორც ონლაინ სწავლების მეთოდოლოგიებით, ისე ცენტრების ბაზაზე ჩატარებული სემინარების საფუძველზე.

პროექტის ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU) დისტანციური დასაქმების პლატფორმა "ციფრული მოქალაქე" შექმნა. პლატფორმა შესაძლებლობას იძლევა, მარტივად მოხდეს ონლაინ სივრცეში არსებული დაკვეთების მოძიება და მათზე განაცხადის გაკეთება. უნივერსიტეტი გლობალური დასაქმების ერთ-ერთი უმსხვილესი პლატფორმის "freelancer.com’’-ის პარტნიორია, რომლითაც ბენეფიციარებს წვდომა ექნებათ მსოფლიოში არსებულ 15 მილიონზე მეტ სამუშაო პოზიციასთან. გასული წლის მონაცემებით, დისტანციურად შესრულებული სამუშაოების ბრუნვამ 2,6 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.

2017 წლის მეორე ნახევრიდან მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, პროექტ “საქართველოს ინოვაციების ეროვნული ეკოსისტემის" ფარგლებში, 2020 წლამდე საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ შეიქმნება რეგიონალური ინოვაციების 8 ჰაბი და ინოვაციების 50 ცენტრი.