Home
Category
TV Live Menu
Loading data...

როდის გამოაქვეყნებს საქსტატი ტურისტული დანახარჯების შესახებ კვლევის 3-წლიან შედეგს

59ca4313606db
თელარა გელანტია
26.09.17 16:06
751
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური უცხოელ ვიზიტორთა კვლევას, რომელსაც სამი წელია ატარებს, უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს.

როგორც "საქმის კურსს" საქსტატში განუცხადეს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური უცხოელ ვიზიტორთა კვლევას 2014 წლის ივლისიდან ახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ კვლევა გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) მეთოდოლოგიის შესაბამისად ტარდება.

„კვლევის მიზანს უცხოურ ვიზიტორთა შესახებ სტატისტიკურად საიმედო ინფორმაციის მიღება წარმოადგენს. ამ ეტაპზე აქტიურად ვთანამშრომლობთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რათა უმოკლეს ვადებში მივიღოთ ინფორმაცია საზღვრის კვეთების შესახებ, რომელიც აუცილებელია უცხოელ ვიზიტორთა კვლევიდან მიღებული მონაცემების შესაწონად. აღნიშნული სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა და შესაბამისად, უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკა ხელმისაწვდომი იქნება უახლოეს მომავალში“, - ნათქვამია "საქსტატიდან“ მიღებულ ოფიციალურ წერილში.

"საქმის კურსის“ კითხვაზე - "კვლევაში იქნება თუ არა ჩაშლილად მოცემული ინფორმაცია დანახარჯების შესახებ და კონკრეტულად რა სახის (მაგ.: დანახარჯები განთავსებაზე, კვებაზე, გართობაზე, ტრანსპორტზე)“, საქსტატიდან გვაცნობეს, რომ გამოქვეყნებულ მონაცემებში უცხოელ ვიზიტორთა მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტისას გაწეული ხარჯები UNWTO-ს მეთოდოლოგიის შესაბამისი ხარჯების კატეგორიების მიხედვით იქნება ჩაშლილი.

რაც შეეხება კვლევის მეთოდოლოგიას და მასშტაბებს, საქსტატის ინფორმაციით, ყოველთვიურად გამოიკითხება ათასი არარეზიდენტი რესპონდენტი საქართველოს ათ სასაზღვრე-გამშვებ პუნქტზე - ბათუმის აეროპორტი, ვალე, თბილისის აეროპორტი, ნინოწმინდა, სადახლო, სარფი, ქუთაისის აეროპორტი, ყაზბეგი, ცოდნა, წითელი ხიდი.
უცხოელ ვიზიტორთა კვლევას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ყოველთვიურად და დამოუკიდებლად ატარებს.

შეგახსენებთ, კერძო სექტორი ხშირად საუბრობს ტურისტული ხარჯების კატეგორიებად კვლევის საჭიროებაზე.

"ანალიტიკისთვის“ მიცემულ ინტერვიუშიც, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის რეგიონული პროგრამის კოორდინატორმა ბექა ჯაყელმაც აღნიშნა, რომ "ტურისტული დანახარჯების სრული შესწავლა უნდა ხდებოდეს".

„გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიხედვით, მნიშვნელოვანია, ხდებოდეს დანახარჯების სრული შესწავლა. UNWTO-ს კლასიფიკაციით დანახარჯები იყოფა საერთაშორისო და შიდა ტრანსპორტზე, ასევე დანახარჯები განთავსების საშუალებებზე, კვებაზე, გართობაზე, სუვენირების შეძენაზე და ა.შ. ასეთ კვლევებს უნდა ატარებდეს ეროვნული ბანკი და საქსტატი. ამ შემთხვევაში, ტურიზმის ადმინისტრაციის როლია ჰქონდეს მაკოორდინირებელი ფუნქცია“, - განაცხადა ბექა ჯაყელმა.