Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რომან გოცირიძე მიწების უცხოელებზე გასხვისების აკრძალვაზე: ეს ხმაური პრორუსული იდეოლოგიის გაგრძელებაა

592527bd8aa79
დავით ჯალაღონია
24.05.17 10:21
719
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისების აკრძალვის შესახებ კონსტიტუციაში რაიმე სახის ჩანაწერის არსებობას არ ემხრობიან.

„ეს არის წმინდა რუსული პროპაგანდა, რომელიც ებრძვის კერძო საკუთრებას და რეალურად გამოიწვევს იმას, რომ მაგალითად ბიძინა ივანიშვილს შეეძლება ძალიან იაფად შეიძინოს მიწები, იმიტომ რომ მიწის ფასი არ იქნება მაღალი", - მიიჩნევს ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი სერგო რატიანი.

რუსული პროპაგანდის ნიშნებს ხედავს ასევე ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობიდან“ რომან გოცირიძე.

"კონსტიტუციაში მიწებთან დაკავშირებით უნდა აისახოს ერთადერთი ის, რომ ეს უნდა დარეგულირდეს ცალკე კანონით. კონსტიტუცია არ არის ის დოკუმენტი, სადაც საჭიროა მსგავსი დეტალების ჩაწერა. ზოგადად ეს ხმაური არის თითიდან გამოწოვილი და პრო-რუსული იდეოლოგიის გაგრძელება ზოგიერთი პოლიტიკური ძალების მხრიდან, რომლებიც სინამდვილეში ანტიდასავლურ განწყობილებას აღვივებენ. თხილის პლანტაციები იტალიურ ფირმა „ფერეროს“ ეკუთვნის და საქართველოს მთელი ექსპორტის თითქმის მეოთხედი თხილზე მოდის, ვის რა დაუშავდა ამით? ამ ქვეყანას არავითარი ეკონომიკური პერსპექტივა არ ექნება იმის გამო კი არა, მიწა გაიყიდება თუ არა, არამედ იმიტომ, რომ ასეთი ცნობიერების ადამიანები მართავენ ქვეყანას, რომლებსაც კონსტიტუციის დონეზე უნდათ ასეთი ტიპის დეტალების ჩაწერა“, - განაცხადა გოცირიძემ „საქმის კურსთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობიდან საკონსტიტუციო კომისიის წევრები მიიჩნევენ, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწები საქართველოს მოქალაქეების საკუთრებაში უნდა იყოს და ეს საკითხი კონსტიტუციით უნდა დარეგულირდეს.