Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"აბრეშუმის გზა უდიდეს შესაძლებლობებს გვაძლევს, თუმცა არსებობს გარკვეული წინაპირობები, რომელთა დაცვა აუცილებელია"

5880930f1db31
BM.GE
19.01.17 14:15
990
როგორ ზეგავლენას ახდენს თანამედროვე აბრეშუმის გზის ფარგლებში განხორციელებული პოლიტიკური და ინფრასტრუქტურული ინვესტიცია ეკონომიკურ ზრდასა და ევროპისა და აზიის ჰარმონიზაციის პროცესებზე - აღნიშნული საკითხები დღეს დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე - “The Silk Road Effect” განიხილეს. სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა ჩინეთის პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ პროექტში - „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას, რაც, მისი თქმით, პროექტში ჩართული ქვეყნების განვითარების უდიდესი შესაძლებლობაა.

“ესაა ალტერნატივების ქსელი - თითოეული მათგანი თანაბრად მნიშვნელოვანია ევრაზიაში ეკონომიკის ზრდისა და ჯანსაღი ეკონომიკის შესაქმნელად. ეს პროექტი ერთდროულად კონკურენციასაც გულისხმობს და თანამშრომლობასაც. თუმცა ეს უფრო პარტნიორობას ეხება. როგორც პრეზიდენტმა ალიევმა თავის გამოსვლაში ახსენა, აბრეშუმის გზა უდიდეს შესაძლებლობებს გვაძლევს, თუმცა არსებობს გარკვეული წინაპირობები, რომელთა დაცვა არსებული პოტენციალის სრულად ასათვისებლად აუცილებელია. პირველ რიგში, იგულისხმება ინფრასტრუქტურა, შემდეგ - პროექტში ჩართულ სახელმწიფოებში არსებული სტაბილური გარემო; იგულისხმება სრულყოფილი პარტნიორობა ტრანსსასაზღვრო პროცედურების განხორციელების დროს; სატარიფო სისტემების უნიფიკაცია და რა თქმა უნდა, თანამშრომლობა პოლიტიკურ დონეზე. ეს მრავალგანზომილებიანი საკითხია,” - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველომ პარტნიორ ქვეყნებთან ერთად უკვე მოაწერა ხელი ხელშეკრულებებს თანამშრომლობის შესახებ. მისივე განმარტებით, დასასრულს უახლოვდება ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი, რაც აბრეშუმის გზის საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის მონაკვეთის უმნიშვნელოვანესი ნაწილი იქნება.
სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მნიშვნელობაზე.

“ჩვენ ვიწყებთ შავი ზღვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პორტის - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას შავი ზღვის სანაპიროზე. ამ მიზნით შეიქმნა ქართულ-ამერიკული კონსორციუმი. ამჟამად, რეგიონის მასშტაბით ვეძებთ პორტის ოპერატორებს. ინვესტიციების დიდი რაოდენობაა მიმართული საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების მიზნისკენ. ხელი მოეწერა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ჩინეთთან. ამას გარდა, დასრულდა მოლაპარაკებები ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების დადებასთან დაკავშირებით. შესაბამის ხელშეკრულებას უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს გულისხმობს თანამშრომლობას არა მხოლოდ ტრანსპორტირების, არამედ წარმოების პროცესშიც და ლოჯისტიკის კუთხითაც,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

სესიას, რომელიც ახალი აბრეშუმის გზის პროექტის შესაძლებლობებს მიეძღვნა, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და მონღოლეთის პრეზიდენტი ცახიაგინ ელბეგდორჟი დაესწრნენ.

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, ტრადიციულად, სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს, მსოფლიო ბიზნესის ლიდერებს, მეცნიერებს, ეკონომისტებს, პოლიტოლოგებს მასპინძლობს. წლევანდელ ფორუმში, რომლის დევიზია “პასუხისმგებლიანი ლიდერობა,” მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერები, 50 ქვეყნის 1000-მდე მსხვილი კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს. საქართველოს დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს.