Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისების კანონროექტში ცვლილებები იგეგმება

594389a4e3428
დავით ჯალაღონია
16.06.17 11:30
723
სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისებაზე ამ დრომდე არსებულ კანონპროექტში ცვლილებები იგეგმება. ამის შესახებ „საქმის კურსს“ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ განუცხადა.

"არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული ცვლილებები შევიდეს. ორგანული კანონის პროექტი, რომელიც წარმოდგენილი იყო, დაბალანსებული ვარიანტი გახლდათ, რომელზეც სრული შემადგენლობის თანხვედრა არ იყო და ჩვენ გვინდოდა, რომ შუალედურით მაინც დაგვეწყო მუშაობა და შემდეგ უკვე საკომიტეტო მოსმენებით და განხილვების ნაწილში მიეღო ამას საბოლოო ფორმა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ შეიცვლება და შეიცვლება უფრო პოზიტიურად და ეროვნულად. სწორედ ამ მიზნით გავიწვიეთ არსებული კანონპროექტი, ვინაიდან ჩვენ დავაინიცირებთ ორგანული კანონის ახალ ვარიანტს", - განმარტა დანელიამ, თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი პარლამენტის ვებგვერდზე 25 მაისის თარიღით ისევ დარეგისტრირებულია.

რაც შეეხება ცვლილებებს, დანელიას ინფორმაციით, ერთ-ერთი მიმართულება მიწის იჯარით გასხვისების პირობებს შეეხება.

"იჯარის პირობებში დაკონკრეტდება, რომ იქნება ვალდებულება, თუ როგორ გაიცემა იჯარა, როგორი იქნება პროცედურა, შეთანხმების პროცესი, მათ შორის ადგილობრივ თვითმმართველობასთან, ხელისუფლებასთან და მოსახლეობასთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვფიქრობ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების თანამონაწილე უნდა იყოს ადგილობრივი მოსახლეობა", - აღნიშნა დანელიამ და საკითხის დეტალიზებისგან თავი შეიკავა.

ვიდრე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების განახლებულ პროექტს მოამზადებენ და კონსტიტუციის ახალი რედაქცია შევა ძალაში, სადაც უცხოელებზე მიწის გასხვისებაზე შეზღუდვები გათვალისწინებული იქნება, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ორმოცმა დეპუტატმა მიწების გაყიდვაზე მორატორიუმის გამოსაცხადებლად დამოუკიდებელი კანონპროექტი შეიმუშავა.

ოთარ დანელია მორატორიუმს აუცილებლად მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციის კენჭისყრა საშემოდგომო სესიაზე იგეგმება.

"სასწრაფო აუცილებლობაა. იქიდან გამომდინარე, რომ კონსტიტუციაში ჩანაწერი ჩნდება, რომელიც აქამდე არ არსებობდა, სწორედ ამიტომ ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რომ მანამ სანამ არ შევა ძალაში ის ახალი რედაქცია, რომელზეც საკონსტიტუციო კომისია მუშაობს, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ მორატორიუმი გამოცხადდეს და ამ ვადაში რა თქმა უნდა, ორგანული კანონის თვისობრივი ნაწილიც საბოლოო სახეს მიიღებს", - განმარტა დანელიამ.

შეგახსენებთ, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისებაზე მორატორიუმი 2013 წელსაც დაწესდა, თუმცა 2014 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ ეს არაკონსტიტუციურად ცნო იმ სარჩელის საფუძველზე, რომელშიც „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ ავსტრიელი თანამშრომელი მათიას ჰუტერი სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა.