Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კოლხური ბზა რაჭაშიც ხმება - ვიდეო

5980406daa534
თელარა გელანტია
01.08.17 12:46
860
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონის ცაგერის სატყეო უბნის ჯონოულის სატყეოში (შარეულას ხეობა) ბზების ხმობასთან დაკავშირებით, უწყება საქმის კურსშია და ბზების შეწამვლა აგვისტოს შუა რიცხვებში განხორციელდება.

როგორც „საქმის კურსს“ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილმა განუცხადა, მავნე მწერი ბზის ალურა, რომელიც რამდენიმე წელია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ანადგურებს კოლხურ ბზას, რაჭა-ლეჩხუმში წელს პირველად გავრცელდა.

"ამ მავნე მწერის პრობლემა მთელ საქართველოში გვაქვს და რამდენიმე წელია კოლხური ბზის გადარჩენის სამოქმედო გეგმაა შემუშავებული, ვწამლავთ და ვამუშავებთ დაზიანებულ ფართობებს. წელს როგორც კი მოვიდა სიგნალი, რომ ჯონოულის ხეობაშიც გავრცელდა ბზის ალურა, ჩვენი სპეციალისტები ადგილზე ჩავიდნენ; დაიკიდა ფერომონები მონიტორინგისთვის, რომელიც ასევე იჭერს მავნე მწერის დასრულებულ ფორმას და ამცირებს პოპულაციას. ამასთან, აღნიშნული ფართობები შევიტანეთ შესაწამლი ფართობების ნუსხაში", - განაცხადა იორდანიშვილმა და განმარტა, თუ რატომ არ განხორციელებულა ამ დრომდე შეწამვლის ღონისძიებები.

"ჩვენ ბზის ალურას შესაწამლად ვიყენებთ ბიოლოგიურ პრეპარატს ანუ ტყეში ქიმიური პრეპარატი არ შეგვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ, ეს მწერი ძალიან სწრაფად ანადგურებს ბზებს, ტყეში მხოლოდ ბიოლოგიურ პრეპარატს ვიყენებთ, რადგან ეკოსისტემას და მოსახლეობას უნდა გავუფრთხილდეთ; ასევე, იქ საქონელია, ფუტკრის სკებია, ამიტომ ეს პრეპარატი შერჩეულია სპეციალისტებთან ერთად, რომ სხვა ცოცხალ ორგანიზმებზე არ იმოქმედოს. ამ ფართობებზე განთავსადა 100 ფორომონი, რომ პოპულაცია შემცირდეს. როგორც კი მწერის ხნოვანება მიაღწევს იმ პერიოდს, რომ ბიოლოგიური პრეპარატი მის განადგურებას შეძლებს, ჩვენ შეწამვლას დავიწყებთ. ეს პერიოდი 10-12 აგვისტოსთვის უწევს“, - განმარტა იორდანიშვილმა და დასძინა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბიოლოგიური პრეპარატი ქმედითი არ იქნება, შესაძლოა, ქიმიური შეწამვლა განახორციელოს.

"გვქონდა შეხვედრა მეცინერებთან, მაგრამ ჯერჯერობით, გადაწყვეტილება მიღებული არაა. თუ შევხედავთ, რომ ბიოლოგიურ პრეპარატს ეფექტი არ ექნება, მაშინ სხვა ზომებს მივიღებთ, რადგან ბზა ისედაც გადაშენების პირასაა", - აღნიშნა მან.

ცნობისთვის: ეროვნული სატყეო სააგენტო 2 წელია აქტიურად ახორციელებს ბზის ალურას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს ქვეყნის მასშტაბით 400 ჰა-ზე მეტ ტერიტორიაზე.