Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

რესტორნებისა და სასტუმროების ნაწილი სავალდებულო დაზღვევის შემოღებას არ ეთანხმება

5943e65833455
სალომე მეცხვარიშვილი
19.06.17 09:50
1244
რესტორნებისა და სასტუმროების ბიზნესის ნაწილი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისთვის სავალდებულო დაზღვევის შემოღებას არასწორად მიიჩნევს. სფეროს წარმომადგენლები "საქმის კურსთან" აცხადებენ, რომ სახელმწიფომ ბიზნესისთვის დაზღვევა სავალდებულო არ უნდა გახადოს.

მთავრობას ჯერ არ განუსაზღვრავს იმ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების სია, რომელთათვისაც დაზღვევა სავალდებულო იქნება, თუმცა, კანონპროექტის მომზადებაში ჩართული პირები აცხადებენ, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იგულისხმება ისეთი ობიექტები, როგორიცაა: რესტორნები, სასტუმროები, კინოდარბაზები, სავაჭრო ცენტრები და ა.შ. აღნიშნული ინიციატივით 2 კვირის წინ საქართველოს პრემიერმინისტრი გამოვიდა. მისი თქმით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და მათ მფლობელებს ექნებათ სავალდებულო დაზღვევის მოთხოვნა, რათა მესამე პირების მიმართ სიცოცხლის, ჯანმრთელობის და ქონების ნაწილში მიყენებული ზიანი იყოს აუცილებელი წესით დაზღვეული.

"ჰორეკა ჯორჯიას" ხელმძღვანელისთვის შალვა ალავერდაშვილისთვის გაუგებარია, რატომ უნდა დაავალდებულოს სახელმწიფომ ბიზნესი, რომ ქონება დააზღვიოს.

ალავერდაშვილი ამბობს, რომ სავალდებულო უნდა იყოს არა დაზღვევა, არამედ სტანდარტების დაცვა სასტუმროებისა და რესტორნებისთვის, იმისთვის, რომ ხანძარი და სხვა უბედური შემთხვევები მაქსიმალურად თავიდან იყოს აცილებული.

"სავალდებულო უნდა იყოს სტანდარტების, სახანძრო ნორმების დაცვა, იგივე უსაფრთხოების დაცვა და ა.შ. სტანდარტების შემოღება და რესტორნისა და სასტუმროს სწორად დაგეგმარება 80%-ით ამცირებს ხანძრის საშიშროებას",- აცხადებს შალვა ალავერდაშვილი.

მისივე თქმით, ყველა მისი ობიექტი დაზღვეულია, თუმცა, ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა.

იმავე აზრზეა „რესტორატორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ქეთი კვიჭიძე. მისი თქმით, ქონების დაზღვევის პრაქტიკა რესტორნების ბიზნესში ისედაც არსებობს და ამის დავალდებულება წარმოუდგენელია.

ზოგადად ქეთი კვიჭიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მსგავსი მცირე ეკონომიკა, ყველაზე ლიბერალური უნდა იყოს და ახალი რეგულაციების შემოღება საჭირო არ არის.
„არ უნდა იყოს ისეთი ტიპის აკრძალვა, როგორიცაა მიწის მიყიდვა უცხოელებისთვის. ჩვენს ქვეყანაში გადასახადები სხვა ქვეყნებთან შედარებით მაღალი არ არის, მაგრამ მაღალია იმ შემოსავლებთან შედარებით, რაც ჩვენ გვაქვს, მაგალითად დენისა და წყლის ტარიფი. ახლა აქტიურად დაიწყეს რესტორნების შემოწმებები და დაჯარიმებებიც. ვფიქრობ, ჯარიმა გამოსავალი არ არის. შემოწმებაზე პასუხისმგებელი პირები დახმარებაზე უნდა იყვნენ ორიენტირებული და არა დაჯარიმებაზე“,- აცხადებს ქეთი კვიჭიძე.