Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"კონსტიტუციაში უნდა დაკონკრეტდეს, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწები საქართველოს მოსახლეობის საკუთრებაში უნდა იყოს"

59244d8ad1b16
დავით ჯალაღონია
23.05.17 18:46
733
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია კონსტიტუციაში მიწების გასხვისებაზე რეგულაციების გათვალისწინებას ემხრობა. როგორც კაკულიამ "საქმის კურსთან" საუბრისას განაცხადა, მიწის რესურსის მართვის საკითხის განხილვა მხოლოდ ეკონომიკურ ჭრილში არ შეიძლება.

„როდესაც მიწა გარკვეულ კონტრიბუციას აკეთებს ეკონომიკის განვითარებაში, თუ ჩვენ გვაქვს ისეთი ახალი ტიპის ტექნოლოგიები, რომლებიც ამ მიდგომას თვისობრვად ახალ ხარისხში გადაიყვანს, მაშინ რატომაც არა, მთავრობას ეს გამონაკლისი უნდა ჰქონდეს, მაგრამ კონსტიტუციაში ეს ჩანაწერი იმიტომ არის საჭირო, რომ ვიღაცამ რაღაც დროის შემდეგ გამონაკლისი წესად არ აქციოს. ჩემი აზრით, ამ თვალსაზრისით კონსტიტუცია საჭიროებს დაკონკრეტებას იმ ძირითადი პრინციპებისა, რა შემთხვევაშიც შესაძლებელია იყოს დაშვებული გამონაკლისები, მაგრამ ძირითადი მესიჯი უნდა იყოს ის, რომ საქართველოს მოქალაქეების საკუთრებაში იქნება ეს", - მიიჩნევს კაკულია.

მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას მიწასთან დაკავშირებული საკითხი სხვა კატეგორიაში აყავს და არ აფასებს როგორც მხოლოდ ეკონომიკურ აქტივს.

"ეს არის აქ მთავარი მესიჯი, თორემ ინვესტორისთვის რომ უკეთესია, მიწა იყიდებოდეს იმასთან შედარებით, როცა არ იყიდება, ამაში სიახლე არაფერია. ნურავინ გაგვაკვირვებს სიღრმისეული ეკონომიკის ცოდნით. მხოლოდ ეკონომიკური კატეგორიებით არ არის შესაფასებელი მიწა და ეს გადაწყვეტილება. მე ვფიქრობ, რომ გაცილებით მაღალი კატეგორიის მოსაზრებები და არგუმენტაცია არსებობს იმისათვის, რომ ჩვენ ყველამ ერთობლივად მივიღოთ ეს გადაწყვეტილება. ყველას მოგვიწევს რაღაც გადავიხადოთ. მთლიანად საზოგადოებამაც და ჩვენც მოგვიწევს, რომ საკუთარ თავზე ავიღოთ ის, რომ შესაძლებელია რაღაც სეგმენტში განვითარება ისეთი ტემპით ვერ წავიდეს, თუნდაც სოფლად, მაგრამ ამას ჩვენ ყველაფერს ვიხდით, რადგან გაცილებით მაღალი სახის კატეგორიაში აგვყავს ეს თემა”, - აცხადებს კაკულია.

კაკულია ხედავს იმ რესურსს, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სავარგულები საქართველოს მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა ისეთი ეფექტურობით გამოიყენოს, რომ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მისი ხვედრითი წილი მაქსიმალურად გაიზარდოს.

რაც შეეხება ამ საკითხზე სახელისუფლებო გუნდში არსებულ მოსაზრებებს, მისი ინფორმაციით კონსულტაციები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

"არიან ადამიანები, რომლებსაც სხვანარი ხედვა აქვთ და ჩვენთან გუნდში მიმდინარეობს ინტენსიური მსჯელობა ამასთან დაკავშირებით. მე პირადად იმას ვემხრობი, რომ საკონსტიტუციო ჩანაწერმა უნდა დააკონკრეტოს ის ძირითადი პრინციპები, რა შემთხვევაშიც უკვე ორგანულ კანონს თუ დავეყრდნობით, მას დიდი მოძრაობის საშუალება არ უნდა ჰქონდეს და ეს პრინციპები კონსტიტუციამ უნდა დაადგინოს“, - აცხადებს კაკულია.

აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობასა და მთავრობის წევრებს შორის აზრთასხვადასხვაობაა. საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ კონსტიტუციაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით შეზღუდვა არ უნდა არსებობდეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მიმდინარე წლის 30 მარტს, ბიზნესსექტორისა და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ახალი კონსტიტუციის არსებული პროექტის მიხედვით, “მიწაზე, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსზე, საკუთრების უფლებას აწესრიგებს ორგანული კანონი".