Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ADB-მ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა

59ca6fbfce254
BM.GE
26.09.17 19:17
655
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა. მიმდინარე წელს ბანკი საქართველოში 4,2%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება. ADB-ის წინა პროგნოზი, რომელიც ბანკმა გაზაფხულზე გააკეთა 3,8%-ს შეადგენდა.

2018 წელს აზიის განვითარების ბანკი საქართველოში 4,5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება. ამასთან ბანკმა გაზარდა ინფლაციის მაჩვენებლის პროგნოზიც და ის მიმდინარე წელს 5.7%-ს შეადგენს, ნაცვლად ადრე ნავარაუდები 4,2%-სა.

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ADB ყველაზე მაღალ ზრდას საქართველოში ელოდება, სომხეთში ბანკის პროგნოზით ეკონომიკური ზრდა წელს 3,8%-ს მიაღწევს, აზერბაიჯანში კი ეკონომიკის 1,3%-ით შემცირებაა მოსალოდნელი.

ცენტრალური აზიის რეგიონში ყველაზე მაღალ ზრდას ბანკი უზბეკეთში ელოდება და ის 6,8%-ს შეადგენს; 6,5%-იან ზრდას ელოდება ბანკი თურქმენეთში, ტაჯიკეთში 5%-იანს, ხოლო ყაზახეთში 2,7%-იანს.

ADB აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესებაზე დადებითად იმოქმედა გაზრდილმა ინფრასტრუქტურულმა ხარჯებმა, რომელიც მოსალოდნელია, რომ 2018 წელსაც შენარჩუნდება, ასევე დადებითმა ტენდენციებმა ფულად გზავნილებში, ტურისტულ შემოსავლებსა და უცხოურ ინვესტიციებში.