Home
Category
TV Live Menu
Loading data...

აუქმებს თუ არა უცხოეთის ტურს ქართველი მოგზაური ტერორისტული აქტების შემდეგ

599fe9dca3148
BM.GE
25.08.17 18:00
772
პარიზი, ნიცა, ბრიუსელი, ლონდონი, მანჩესტერი, ბარსელონა - ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ტერორისტული აქტები თითქმის ყველა ძირითად ტურისტულ ქალაქს შეეხო. ამ შემთხვევების შედეგად გარდაცვლილი და დაშავებულია ასეულობით ადამიანი. გარდა ფიზიკური დანაკარგისა ევროპა სერიოზულ ეკონომიკურ ზიანსაც ითვლის.

რამდენიმე დღის წინ BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამი იყო, რომ პირდაპირი ზარალი შენობების დაზიანებასა და ნგრევას, ინფრასტრუქტურის განადგურებას და უსაფრთხოების ხარჯების ზრდას მოიცავს. მოკლევადიანი ზარალი ძირითადად ადგილობრივ ბაზრებზე აისახება და ფრენების, სასტუმროებისა და რესტორნებისგან მიღებული შემოსავლების შემცირებით გამოიხატება. დანაკარგები ორ ინდუსტრიაში იქმნება: ტურიზმსა და დაზღვევაში, რომელთა დანაკარგების მოცულობაც ტერორისტული თავდასხმის მასშტაბებზეა დამოკიდებული.

"მაგალითად, 2001 წლის 11 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად სადაზღვევო კომპანიებს თითქმის 40 მილიარდი აშშ დოლარის გადახდა მოუწიათ",- ნათვამი იყო სტატიაში.


"საქმის კურსი" დაინტერესდა, როგორია ქართველი ტურისტების ქცევა, როდესაც ტერორისტული აქტი იმ ქვეყანაში ხდება, სადაც მოგზაურობა აქვთ დაგეგმილი?

ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ნატა კვაჭანტირაძე აცხადებს, რომ მის პრაქტიკაში ტურის გაუქმების ან გადადების შემთხვევა არ ფიქსირდება. მისი თქმით, მიუხედავად საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფრთხილებისა, რომ საქართველოს მოქალაქეები მოერიდონ იმ ქვეყნებს, სადაც ტერორისტული აქტი დაფიქსირდა, ქართველი მოგზაურები ტურებს არ აუქმებენ.

ტურისტული კომპანია star travel-ის ხელმძღვანელი თათია სუხიტაშვილი „საქმის კურსთან“ აცხადებს, რომ ძირითად შემთხვევაში ტურისტის ქცევა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანში აქვს დაგეგმილი ვიზიტი ტერორისტული აქტიდან. კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ ძირითად შემთხვევებში ტურები რამდენიმე კვირაშია დაგეგმილი და ქართველი მოგზაურები გაუქმების გადაწყვეტილებას არ იღებენ.

მისი თქმით, ავიაბილეთების გადაცვლა და სასტუმროს ჯავშანზე უარის თქმა ხშირად თანხებთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, უკვე დაგეგმილ მოგზაურობაში ცვლილების შეტანისგან ქართველი ტურისტები ამ მიზეზის გამოც იკავებენ თავს.

თათია სუხიტაშვილი იხსენებს, რომ განსაკუთრებული ვნებათაღელვა გასულ წელს ნიცაში მომხდარმა ტერორისტულმა აქტმა გამოიწვია. მისი თქმით, რამდენიმე კვირაში დაგეგმილი ჰქონდათ სწორედ ამ მიმართულებით ტური, თუმცა, დამკვეთებს არც ის გადაუწევიათ.

ყველაზე დიდი აქტიურობა მომხარებლის მხრიდან კომპანია Go 365-ის წარმომადგენელ სალომე გორგოძეს შარშან ახსოვს, როდესაც თურქეთსა და სირიას შორის ურთიერთობები კიდევ ერთხელ დაიძაბა და სამხედრო შეტაკებები დაიწყო.

კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ სააგენტოში შედიოდა უამრავი ზარი ტურისტების მხრიდან, თუმცა, არცერთ მათგანს ტური არ გაუუქმებია. მისი თქმით, ასევე არ შეუცვლია გეგმები ქართველ მომხმარებელს ნიცის ტერორისტული აქტის შემდეგ.