Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"მეგაპლასტი" ხელისუფლებას კადრების გადამზადებაში თანადაფინანსებას სთხოვს - "ყველაზე მეტად გამოცდილება და განათლება გვაკლია"

58afe6877a7fc
სალომე მეცხვარიშვილი
24.02.17 12:00
1292
პლასტმასის შესაფუთი მასალების საწარმოს „მეგაპლასტის“ თანადამფუძნებელი ზაზა მჭედლიშვილი ხელისუფლებას ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობისთვის დამატებითი ნაბიჯების გადადგმას ურჩევს. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი „ბიზნესკონტრაქტთან“ აცხადებს, ხელისუფლებამ მეზობელი თურქეთის გამოცდილება უნდა გაიზიაროს და ადგილობრივი წარმოება მეტად წაახალისოს.

როგორც მჭედლიშვილი აცხადებს, თუ მაგალითად ქართული კომპანია ძირითად საშუალებებს ლიზინგის მეშვეობით 15-16%-ში ყიდულობს, ადგილობრივი წარმოების დანადგარების შეძენისას ლიზინგის საპროცენტო განაკვეთი ბევრად ნაკლები უნდა იყოს.

"ჩვენი ძირითადი კონკურენტი დღეს არის თურქეთი. ახლახანს თურქეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მაგალითად, თუ მე ვყიდულობ თურქულ პროდუქციას, თურქულ დანადგარს, მივდივარ ბანკში და საპროცენტო განაკვეთი არის არა 15%, რაც ლიზინგზეა დღეს საქართველოში, არამედ 5%. თურქეთმა გადადგა ასეთ ნაბიჯი და ჩვენი მთავრობაც თუ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ძალიან კარგი იქნება",- აცხადებს ბიზნესმენი.

მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს მუდმივად გაუჭირდება კონკურენტუნარიანი პროდუქციის შექმნა.

როგორც ზაზა მჭედლიშვილი აცხადებს, კომპანიამ „აწარმოე საქართველოში“ ლიზინგის კომპონენტით 2 წლის წინ ისარგებლა, რის შედეგადაც ახალი მანქანა-დანადგარები შეიძინა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ლიზინგის თანადაფინანსებიდან სახელმწიფო გამოვიდა, კომპანია რთული რეალობის წინაშე დადგა.

"რომ გითხრათ, რომ ლიზინგის პირობები დიდად მიმზიდველია, ამას ნამდვილად ვერ გეტყვით. კარგია, რომ სახელმწიფო დაგვეხმარა პირველი 2 წლის მანძილზე, მაგრამ 2 წლის შემდეგ კიდევ ახალი საჭიროებაა, რომ ახალი დანადგარი მივამატოთ კომპანიას, რადგან ვვითარდებით, ბიზნესი ცოცხალი ორგანიზმია და მოძრაობა მუმდივად სჭირდება. რეალობა ისაა, რომ 2 წლის შემდეგ ლიზინგის პირობებთან პირისპირ დგება საწარმო, რაც ძალიან მძიმეა, რადგან ლიზინგის განაკვეთი საქართველოში, რაც 15-16% -ს შეადგენს, მაღალია",- აცხადებს ზაზა მჭედლიშვილი.

კომპანიის თანადამფუძნებელი ქართული ბიზნესის წინაშე არსებულ კიდევ ერთ გამოწვევაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემა დღეს კადრების არაკვალიფიციურობაა. სწორედ ამიტომ ბიზნესმენი ამბობს, რომ აუცილებელია, სახელმწიფო ბიზნესს კადრების გადამზადებაში დაეხმაროს და თანადაფინანსება ამ მიმართულებითაც განახორციელოს.

"ძალიან კარგია, რომ სახელმწიფო ეხმარება ბიზნესს, მაგრამ მარტო ამ კუთხით დახმარება არ არის საკმარისი, რადგან ჩვენ ყველაზე მეტად კომპეტენცია, გამოცდილება და განათლება გვაკლია. განათლება დანადგარის ოპერატორის დონეზე, რომელსაც ტრენინგი სჭირდება იმისთვის, რომ დანადგართან იმუშაოს. სახელმწიფომ არ უნდა დაინანოს ფული, რომ მოსახლეობამ პროფესიული განათლება მიიღოს. რეალობა ისაა, რომ ახალ დანადგარებთან მუშაობა არავინ იცის, უმეტესობა მუშაობს კომუნისტების დროს გამოშვებული დანადგარებით, რომელსაც თვითნასწავლი ხალხი ამუშავებს. სახელმწიფომ თითოეულ საწარმოს მისი საჭიროებების შესახებ, ვგულისხმობ შრომით რესურსს",- აცხადებს ზაზა მჭედლიშვილი.