Home
Category
TV Live Menu
Loading data...

SSA Marine ანაკლიის პორტის ინვესტორი ხდება

598050d4c847a
BM.GE
01.08.17 13:56
684
მსხვილი ამერიკული კომპანია SSA Marine ანაკლიის პორტის ტერმინალ-ოპერატორი და ერთ-ერთი ინვესტორი ხდება, - შესაბამისი შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია SSA Marine-თან, დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები დაესწრნენ.

"კონტი ჯგუფის“ შემდეგ SSA Marine მეორე მსხვილი ამერიკული კომპანიაა, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობასა და განვითარებაში მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებს. კომპანიას ანაკლიის პორტის საკონტეინერო ტერმინალის ოპერირების უფლება 20 წლის ვადით გადაეცემა.

მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორი SSA Marine ხუთ კონტინენტზე, 250 - ზე მეტ სტრატეგიული ტერმინალზე ოპერირებს და წლიურად 27.2 მილიონ კონტეინერს (TEU) ემსახურება. SSA Marine დიზაინის, ოპერირების და პროექტების განვითარების თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიების სტანდარტებს ამკვიდრებს, რითაც კომპანიამ უკვე შეძლო მსოფლიოში სატერმინალო ოპერაციების ტემპებისა და ეფექტურობის მნიშვნელოვნად გაზრდა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელება 2016 წელს დაიწყო და ამ დროისათვის „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ უკვე შეიმუშავა ანაკლიის პორტის გენერალური გეგმა და პორტის წინასწარი დიზაინი; განახორციელა 50-ზე მეტი სახმელეთო თუ საზღვაო ეკოლოგიური და საინჟინრო კვლევა სამშენებლო სამუშაოების სხვადასხვა მიმართულებისთვის. დაწყებულია ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა. ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოების დაწყება 2017 წლის მეორე ნახევარში იგეგმება. პორტის პირველი ფაზა 2020-2021 წელს უნდა ამოქმედდეს.


ანაკლიის პორტი აშენდება რამდენიმე ეტაპად, მოიცავს 9 ფაზას და, საბოლოო ჯამში, მისი გამტარუნარიანობა წელიწადში 100 მილიონ ტონას მიაღწევს. პროექტი საქართველოში ათასობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. პორტის პირველი ფაზის გახსნა და პირველი გემების მიღება 2020-2021 წლებში იგეგმება.
ანაკლიის პორტის მიმდებარედ იგეგმება ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარებაც. ქალაქი ანაკლია მოიაზრება როგორც მწვანე ეკონომიკის პრინციპებზე დაფუძნებული „მომავლის ქალაქი“.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ აერთიანებს, ერთი მხრივ, საქართველოში დაფუძნებულ „თიბისი ჰოლდინგს“ (TBC Holding LLC ), და მეორე მხრივ, „კონტი ინტერნეშენალს“ (Conti International LLC), რომელიც წარმოადგენს ამერიკულ საინვესტიციო ჰოლდინგს და ახორციელებს ინფრასტრუქტურულ და სამშენებლო პროექტებს. კონსორციუმის პარტნიორთა შორისაა წამყვანი საზღვაო-სამშენებლო კომპანია Van Oord-ი, რომელმაც ანაკლიაში წინასამშენებლო საზღვაო-საინჟინრო სამუშაოები განახორციელა. SSA Marine პორტის ტერმინალ-ოპერატორად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ 2017 წლის ივნისში დაასახელა.