Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Independent: როგორ გავატაროთ შაბათ-კვირა თბილისში

594389b71effc
BM.GE
16.06.17 12:15
855
ბრიტანული გამოცემა Independent თბილისის შესახებ სტატიას აქვეყნებს.

"როგორ გავატაროთ შაბათ-კვირა საქართველოს დედაქალაქ თბილისში",- ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა და ტურისტებს რჩევებს აძლევს, რითი შეიძლება დაკავდნენ ორი დღის განმავლობაში თბილისში.

სტატიის ავტორი დასაწყისში თბილისს ახასიათებს და ამბობს, რომ აქ მოხვედრა კიევისა და სტამბოლის გავლით არის შესაძლებელი. თუმცა, არსებობს პირდაპირი რეისები ლონდონიდან-თბილისის მიმართულებით ქართული ავიაკოამპანია Georgian Airways-ის მეშვეობით და ლონდონიდან ქუთაისის მიმართულებით Wizz Air-ის მეშვეობით.

"ქალაქის ცენტრი ელეგანტური, ძველი ხის აივნებითაა, ოდნავ მოშორებითაა თანამედროვე კაფეები, ასევე ანტიკვარული წიგნების მაღაზიები",- ამბობს ავტორი.

გამოცემა მკითხველს პირველ რიგში გოგირდის აბანოების მონახულებას ურჩევს და ამბობს, რომ ივლისის შემდეგ, როდესაც შენობაში რემონტი დასრულდება, ნებისმიერ მსურველს შეეძლება მომსახურებით სარგებლობა, ისევე როგორც თავის დროზე პუშკინი და დიუმა აკეთებდნენ ამას.

ამის შემდეგ სტატიის ავტორი ვიზიტორებს იქვე მდებარე პატარა ჩანჩქერისა და ლეღვთახევის მონახულებას ურჩევს. მეტეხის ხიდი, ხედი ეკლესიიდან და შემდეგ ისევ ლესელიძეზე დაბრუნება, რომელიც ძველი აივნიანი სახლებით არის სავსე- ასეთია სტატიის ავტორის მარშრუტი.

შემდეგ მოდის მშრალი ხიდი და თბილისური არტ-კაფეები, სადაც ვიზიტორებს შეუძლიათ ქართული იდენტობის ალტერნატივას გაეცნონ. ავტორი ტურისტებს კაფე "ლინვილის" სტუმრობასა და მენიუს დაგემოვნებას ურჩევს, რომელიც ფხალისა და ნიგოზში ჩადებული ქათმისგან შედგება.

პირველი დღის მარშრუტში ახვლედიანისა და სიონის ქუჩები და მომინანქრებული კედლების მონახულებაც შედის.

მეორე დღის მარშრუტი ბოტანიკური ბაღით იწყება, სადაც ავტორის თქმით, ადგილობრივები პიკნიკს აწყობენ და საქორწილო ფოტოებს იღებენ.

ავტორი ამბობს, რომ თბილისში გადაადგილება რამდენიმე საშუალებით არის შესაძლებელი, მათ შორის მეტროთი, ავტობუსებითა და ე.წ. ყვითელი მარშუტკებით.

"ტაქსები დაურეგულირებელია და სანამ ჩაჯდებით ფასზე შეთანხმება მოგიწევთ, რომელიც საშუალოდ 3 ფუნტის ფარგლებში მერყეობს",- ამბობს ავტორი.

"ბოტანიკური ბაღიდან შეგიძლიათ მეტროს მეშვეობით ან 41 ნომერი ავტობუსით სამგორში მოხვდეთ, სადაც ბაზრობას შეხვდებით. ეს ქალაქის ცენტრალური მარკეტია",- ნათქვამია სტატიაში.

ავტორი შუადღისას ვიზიტორებს ეროვნული მუზეუმის მონახულებასაც ურჩევს, სადაც მათ ქრისტესშობამდე დათარიღებული ოქროს ნაკეთობების ნახვა შეუძლიათ.

სტატიის ავტორი ასევე ამბობს, რომ თბილისიდან 3 საათის სავალზე, ასევე, შესაძლებელია კლდეში ნაკვეთი ქალაქის ვარძიის მონახულება.