Home
Category
TV Live Menu
Loading data...

პრემიერი BP-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

5880aea9df2c1
BM.GE
19.01.17 16:17
944
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. გიორგი კვირიკაშვილი მსოფლიოში უმსხვილესი ენერგოკომპანიის - "ბრითიშ პეტროლიუმის" აღმასრულებელ დირექტორს, რობერტ დადლის შეხვდა. მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პროექტები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა "შაჰ-დენიზის" მეორე ფაზის ფარგლებში სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტის (SCPX) მნიშვნელობას, რომელიც მილსადენის გამტარიანობის გაზრდას და ევროპის ქვეყნებამდე წელიწადში დამატებითი 16 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ BP-ს საქართველოსთან 20-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს და იგი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი უცხოელი ინვესტორია. გამოითქვა იმედი, რომ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების გათვალისწინებით კიდევ უფრო მეტი ბრიტანული ინვესტიცია შემოვა ქვეყანაში.

"ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის პროგრესისა და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების საკითხებზე პრემიერ-მინისტრთან საკმაოდ წარმატებული საუბარი შედგა. ეს უკანასკნელი პროექტი მოიცავს არა მარტო საქართველოს, არამედ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობას თურქეთში და ევროპისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ საკმაოდ ვრცლად მიმოვიხილეთ ეს საკითხი. ასევე შევეხეთ BP-სა და საქართველოს მთავრობის საქმიანობას თქვენი ქვეყნისა და რეგიონის მასშტაბით მიკროფინანსირების პროგრამების ფარგლებში", - განაცხადა რობერტ დადლიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.