Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა გაიზარდა

59c912dfe8fe9
BM.GE
25.09.17 18:29
968
საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2017 წლის პირველი სექტემბრისათვის 17.8 მლრდ ლარს მიაღწია, რაც 840.7 მლნ ლარით ანუ 5.0 პროცენტით მეტია პირველი აგვისტოსათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 4.2 პროცენტით მეტი). აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 958.8 მლნ ლარით ანუ 10.3 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ეს მაჩვენებელი გაიზარდა 9.4 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები შემცირდა 118.1 მლნ ლარით, ანუ 1.5 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე შემცირდა 2.2 პროცენტით).

ეროვნული ბანკის ცნობით, მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 34.49 პროცენტი შეადგინა. პირველი აგვისტოს მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, დეპოზიტების ლარიზაცია 0.26 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.6 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 8.5 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 3.1 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.3 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 13.0 პროცენტი შეადგინა.

ეროვნული ბანკის ცნობით, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით; კრედო ბანკის გარეშე), 2017 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით 183.7 მლნ ლარით (1.0 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.3 პროცენტით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის 19.2 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 79.8 მლნ ლარით (1.0 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა 104.0 მლნ ლარით (0.9 პროცენტით; გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 0.2 პროცენტით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2017 წლის აგვისტოს ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 2.2 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.3 პროცენტით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 6.1 მლრდ ლარის (1.0 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.1 პროცენტით ნაკლები).

2017 წლის აგვისტოს განმავლობაში 2.0 პროცენტით ანუ 194.3 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის 10.1 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 41.77 პროცენტი შეადგინა. პირველი აგვისტოს მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.28 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.