Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველოში მეკარტოფილეობის პოტენციალის შესწავლა იწყება

597cdf103e502
თელარა გელანტია
30.07.17 10:00
660
კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი (CIP) საქართველოში მეკარტოფილეობის დარგის განვითარების პოტენციალის შესწავლას იწყებს.  როგორც „საქმის კურსს“ ცენტრის წარმომადგენელმა საქართველოში რუსუდან მდივანმა განუცხადა, კარტოფილის საერთაშორისო ცენტრსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, სამი წლის ვადაში CIP-მა მეკარტოფილეობის დარგის განვითარების პოტენციალის და მისი ეფექტიანობის შესახებ კვლევა უნდა ჩაატაროს.

„ვინაიდან საქართველოს სასურსათო უსაფრთხოებაში კარტოფილს ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, როგორც მეორე პურს და კულტურას, რომლის მოთხოვნაც ქვეყნის შიგნით შესაძლებელია დაკმაყოფილდეს საქართველოში ადგილობრივი წარმოებით, ამდენად კარტოფილის ახალი ჯიშებისა და ინოვაციურ ტექნოლოგიების შემოტანას და დანერგვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისათვის“, - აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში.
ამასთან, რუსუდან მდივანის ინფორმაციით, კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი საქართველოსთან 1999 წლიდან თანამშრომლობს, მაგრამ კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის ოფიციალური წარმომადგენლობა ,,კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის ფილიალი საქართველოსათვის“ 2016 წლიდან გაიხსნა.

როგორც „საქმის კურსისთვის“ გახდა ცნობილი, ამ დროისთვის, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში CIP-ის მიერ გამოგზავნილი 90-ზე მეტი ჯიშის კარტოფილის გამოცდა მიმდინარეობს.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლის ივლისიდან კარტოფილის საერთაშორისო ცენტრმა ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონალური ოფისი უზბეკეთიდან საქართველოში გადმოიტანა.

„აღნიშნულ ქვეყნებში CIP თავისი პროექტების მართვას თბილისიდან განახორციელებს. ეს გადაწყვეტილება რამდენიმე მიზეზის გამო მივიღეთ - მათ შორის ერთ-ერთი ისაა, რომ საქართველოს ყველაზე მკაფიოდ აქვს გაცხადებული ევროკავშირთან თანამშრომლობის სურვილი, უკვე გაქვთ უვიზო მიმოსვლა ევროპის ქვეყნებთან. ასევე, საქართველო „ახალი აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის განვითარების“ პროექტში აქტიურად თანამშრომლობს ჩინეთთან, რომელიც ასევე ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია“, - განაცხადა რუსუდან მდივანმა და დასძინა, რომ სწორედ ამ ამოცანების შესრულების მიზნით, ცენტრს უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით უძრავი ქონება (ერთი ოთახი) გადაეცა.

კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი (CIP) კარტოფილის ჯიშებისა და ტექნოლოგიების შექმნის თვალსაზრისით, მსოფლიოში წამყვანი სამეცნიერო–კვლევითი სტრუქტურაა, რომლის სათაო ოფისი არის პერუში.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, CIP საქართველოს გააერთიანებს ერთიან მონაცემთა ბაზაში, რითაც ქვეყანა მიიღებს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა მსოფლიო მიღწევების შედეგებზე წვდომას და შეძლებს საკუთარი მიღწევების გაზიარებას მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებისათვის; ასევე, CIP უსასყიდლოდ გადასცემს საქართველოს კარტოფილის ახალ მაღალმოსავლიან და დაავადებებისადმი გამძლე ჯიშებს, რომლებიც გამოყვანილია პერუში და საქართველოში ქართული სახელით დარეგისტრირდება. CIP უსასყიდლოდ გადასცემს საქართველოს კარტოფილის მოვლა–მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებსაც და გადაამზადებს ქართველ მეცნიერებს.

„CIP უსასყიდლოდ გადასცემს საქართველოს კარტოფილის პირველად გასამრავლებელ მასალას (გერმპლაზმას) და განავითარებს ადგილობრივ წარმოებას, რაც მომავალში გამორიცხავს იმპორტის აუცილებლობას. კარტოფილის სათესლე მასალა იწარმოება ქვეყნის შიგნით“, - აცხადებენ ცენტრში.